რევაზ ჩელებაძე: ეს ჩვენი სირცხვილია!

AutoSharing Option
რევაზ ჩელებაძე ამჟამად პირველი ლიგის ბინადარ ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტია.

თუმცა ფეხბურთზე მას გაცილებით მეტი აქვს სალაპარაკო, ვიდრე კონკრეტულად "შუქურაზე" - თუნდაც ქობულეთის სტადიონის განახლებაზე, ჯანო ანანიძეზე და სხვა...

- ჯერ გუნდით დავიწყოთ. "შუქურა" ლიდერებშია და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის...
- რაც მთავარია, "შუქურა" კარგად თამაშობს, ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით და ვეცდებით, აჭარა უმაღლეს ლიგაში ბათუმის "დინამოსთან" ერთად წარმოვადგინოთ.

- როგორც ვიცით, ახლა სპონსორის ძიებაში ხართ...
- მგონია, რომ ჩვენი ბიზნესმენები ნელ-ნელა ფულს გამოაჩენენ და ფეხბურთისკენაც გამოიხედავენ, მაგრამ სახელმწიფოს გარეშე ამ
საქმეს არ ეშველება. მას აქვს იმდენი საშუალება, რომ ფეხბურთი არ მოკვდეს, გამგეობებმა და რაიონების საკრებულოებმა კი ინფრასტრუქტურას უნდა მიხედონ.

გუნდებმა რომ იარსებონ, თავიანთი სახე აჩვენონ და სტადიონზე გულშემატკივარი მოიყვანონ, საამისოდ უმაღლესი ლიგის კლუბებს 2 მილიონი ლარი მაინც სჭირდებათ, პირველი ლიგისას - მილიონი. ესეც მიზერია. ყაზანის "რუბინში" მარტო დუბლშემადგენლობას 2-მილიონდოლარიანი ბიუჯეტი აქვს.

- თქვენ ეთანხმებით "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ კერძო კლუბებიც უნდა დააფინანსოს?
- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მერე კლუბი თუ სხვა ფულს მოიძიებს, ხომ კარგი, თუ არა და, ეს ის მინიმუმია, რომლითაც გუნდის შენარჩუნება და ფეხბურთელთა მინიმალური პირობებით უზრუნველყოფაა შესაძლებელი. სახელმწიფომ კი ფეხბურთზე მინიმუმ 10 წელიწადი მაინც უნდა იზრუნოს, შედეგი რომ მიიღოს და ფული წყალში არ ჩაყაროს.

პირადად მე, სახელმწიფოზე საყვედური როგორ ვთქვა - ქობულეთის "შუქურას" ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და აჭარის ხელმძღვანელობა ყველანაირად ეხმარებიან. პირველი ლიგის კლუბს საკმაოდ სოლიდური დაფინანსება აქვს. "ჩელე არენის" საბოლოო რეკონსტრუქციის მაკეტიც არის. ტრიბუნები 5-6 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, ნაწილობრივ გადაიხურება, დამონტაჟდება 900-ლუქსიანი განათება, ორივე კარის უკან ორი პატარა მოედანი მოეწყობა და უმაღლესი ხარისხის ტარტანის სარბენი ბილიკები დაიგება. ამ პროექტზე 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასე რომ, ქობულეთში, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი, კოხტა სტადიონი გვექნება.

გარდა ამისა, გვაქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც სასტუმრო აშენდება, სოფელ ბობოყვათში კი "შუქურას" ბაზისთვის ორი ჰექტარი გამოგვიყვეს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი ქობულეთის ადმინისტრაციისა და აჭარის ხელმძღვანელის, არჩილ ხაბაძის დახმარებით განხორციელდება. ახლახან იყო, თამაშს ხაბაძესთან ერთად ვუყურებდით და გამიკვირდა, ისე პროფესიულად მსჯელობდა. მას ფეხბურთი არა მარტო უყვარს, არამედ იცის და ესმის კიდეც. კი არ ვეპირფერები, ფაქტია. ფეხბურთზე მისნაირად შეყვარებული ხელმძღვანელი აჭარაში ბოლოს კომუნისტი ხახვა იყო.

როცა პირველ კაცს ფეხბურთი უყვარს, გუნდს ყველგან გააკეთებს - ქალაქშიც, დაბაშიც და სოფელშიც; სტადიონებსაც მოაწყობს.

- უსტადიონო ბათუმს რაღა ეშველება?
- ეს ჩვენი სირცხვილია! გუნდს არც ბაზა აქვს, არც სტადიონი და ჩვენთან ვარჯიშობს. ამის გამო თაობები იკარგებიან. არადა, ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო ქალაქია. ასე მგონია, რომ წინა წლებში სტადიონის მშენებლობაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ. ახლა აუცილებლად აშენდება, რადგან ადგილს არჩევენ. ბათუმის "დინამო" აჭარის ფეხბურთის ფლაგმანი უნდა იყოს. სტადიონების კატასტროფულმა დეფიციტმა უამრავი ნიჭიერი ბავშვი დაღუპა.

- მოსკოვის "სპარტაკში" ანანიძის გამოსვლა დამაიმედებელი იყო, მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ჯანო გაჩერდა; ახლა კი სულაც გაანათხოვრეს...

- ჯანომ ფეხბურთი კარგად იცის, მაგრამ თუ ფიზიკურად არ მოძლიერდა, გაუჭირდება. ის არ არის რუსეთ-უკრაინის ფეხბურთელი, არც იტალიის, არც ინგლისის; უფრო კარგად ესპანეთში ან ჰოლანდიაში გამოჩნდებოდა.

- ჯანის პრობლემა ბევრ მოთამაშეს მოუგვარებია. რუსებს ისეთი რა გაუჭირდათ, რომ ჯანოს ვერაფერი მოუხერხეს?
- ამ პრობლემის მოგვარება მედიცინითა და ვიტამინებითაა შესაძლებელი. მესი ავადმყოფი იყო, მაგრამ უმკურნალეს და ხომ ხედავთ, რა დონის ვარსკვლავია. მცდელობა "სპარტაკსაც" ჰქონდა...

- თქვენ ისევ ჯანოს მენეჯერი ხართ?
- არა, მაგრამ მამაშვილური ურთიერთობა მაქვს, სატრანსფერო საკითხებს კი თავად აგვარებს. იმავეს ვიტყვი საბა კვირკველიაზეც, რომელიც "რუბინში" გადავიყვანე.

- საქართველოს ნაკრებში არსებულ ვითარებაზე რას იტყოდით?
- ფეხბურთელების პრობლემა რომ არის, ეს ნათელია და თემურ ქეცბაიამ რა უნდა ქნას? მე ხომ არ ვითამაშებ?! თემური ძალიან კარგი მწვრთნელია და უზომოდ მიყვარს, მაგრამ ემოციურია და მეტი სიდინჯე მართებს. თუმცა, ვიმეორებ, დღეს კარგი ფეხბურთელების აშკარა დეფიციტია.

- თქვენი ვაჟი, გიორგი, "შუქურაში" კარგ სეზონს ატარებს. გვითხრა, რომ შესაძლოა, უცხოეთში წავიდეს...
- გიორგიმ 12 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. რაღაც ვარიანტები ნამდვილად აქვს საქართველოშიც და უცხოეთშიც, რაზეც წინასწარ ლაპარაკი არ მსურს, მაგრამ უცხოეთში წასვლას ურჩევნია, ჩვენთან 90 წუთი მუდმივად ითამაშოს და გუნდზე პასუხისმგებლობა საკუთარი მხრებზე იტვირთოს. ასე უფრო გაიზრდება, უფრო თამამი გახდება და მერე უცხოეთშიც იოლად წავა.

- "იუთუბიზე" "ჩხერიმელას" კარში მისი გატანილი პენალტი ვნახე და, მგონი, თერთმეტმეტრიანის შესრულებაში არ ჩამოგრჩებათ.
- ეს ჩემზე ნაკლებად არ უსწავლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯონი ხოარ უბერავ?
temo
23:52 05-12-2013
0
განაწყენებული ტონით კომენტარის გაკეთება მოდაშია?
vaxvax
10:05 06-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული