24 წლის ნიჭიერი მარჯვენა მცველი, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია (19 წლისა "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის ლამის შეუცვლელი წევრი გახდა), გუნდში ბოლოს 2013 წლის 4 მაისს, საჩხერის "ჩიხურასთან" შეხვედრისას გამოჩნდა.
მას შემდეგ 6 თვე გავიდა, მაგრამ ბენაშვილის კვალს ვერსად მივაგენით. მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა სინანულით გვითხრა ის, რაც დავწერეთ - თითქოს, ბენაშვილმა კარიერა დაასრულა.
ამ წერილს ბენაშვილი თავად გამოეხმაურა და გვითხრა, რომ უგუნდოდაა, თუმცა ფეხბურთიდან არ
- "ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ მართლა უგუნდოდ დავრჩი და შესაძლოა, ამის გამო იფიქრეს, რომ ფეხბურთს თავი დავანებე, მაგრამ ასე არ არის. 9 წელი უმაღლეს ლიგაში იმიტომ არ მითამაშია, კარიერა 24 წლისამ რომ დავამთავრო. როგორც გითხარით, უგუნდოდ ვარ, მაგრამ შესაძლოა, ზამთარში უკრაინაში წავიდე.
- რომელ გუნდში?
- ლაპარაკია პირველი ლიგის გუნდებზე, მაგრამ სანამ ყველაფერი არ გადაწყდება, მანამდე კლუბს არ გავამხელ. დეკემბრამდე ტონუსს შევინარჩუნებ, რათა მოსამზადებელ ეტაპს მოშვებული არ შევხვდე. ისედაც, უვარჯიშებლად ვერ გავძლებ.
- ტრავმა აღარ გაწუხებთ?
- მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ და 35-ე სკოლაში დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. უთამაშებლად ფორმის შენარჩუნება ძნელია. თამაში და მოედანზე გასვლა მენატრება, მაგრამ კონდიციებს პირველივე მოსამზადებელ ეტაპზე აღვიდგენ. ეს პრობლემა არ არის.
- უგუნდოდ რატომ დარჩით?
- საქართველოში დაინტერესდნენ, მაგრამ გეცოდინებათ, "ზესტაფონიდან" როგორ წამოვედი. გათავისუფლების ფურცელი გვიან ავიღე, ცალკე ტრავმაც მაწუხებდა და როცა მოვმჯობინდი, უკვე დაგვიანებული იყო - ყველა გუნდი დაკომპლექტებული აღმოჩნდა. ახლა თავისუფალი აგენტი გავხდი, ჩემში ერთი თეთრიც არ არის გადასახდელი და გუნდს მოვძებნი.
- იყო ლაპარაკი, თითქოს თბილისის "დინამო" გიწვევდათ.
- მე არავინ დამლაპარაკებია. არც ვიცი, ინტერესი რამდენად რეალური იყო და ახლა ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. ყოველ დილით, როგორც კი ვიღვიძებ, ფეხბურთში დაბრუნებაზე ვფიქრობ. შრომისმოყვარეობა არასოდეს მაკლდა და ამიტომაც მჯერა, რომ დიდ ფეხბურთში დავბრუნდები და ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"