თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ეს ხმები, ჩვენი მხრივ, ამის გადამოწმება "გაგრაში" ვცადეთ. ბესიკ ჩიხრაძეს უკრაინაში ვერ დავუკავშირდით და კომენტარი კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს, მიხეილ აფხაზავას ვთხოვეთ.
"სისულელეა, "გაგრა" არ დაშლილა და არც ბესიკ ჩიხრაძე წასულა, მაგრამ ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია და ეტყობა, განმარტება აუცილებელია.
არ გამოვრიცხავ, რომ ასევე არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩიხრაძის მიერ "ლელოსთან" ინტერვიუში ნათქვამს - კერძო კლუბების მეპატრონეებს გულგატეხილობა დაეტყოთ და ყველა წასვლაზე ფიქრობს, მათ შორის - მეცო. მაგრამ ბატონმა ბესომ იქვე მიუთითა - მას აკავებს ის ფაქტი, რომ კლუბს "გაგრა" ჰქვია. ხოლო კლუბში ცვლილებები რომ იგეგმება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან "გაგრა" დაშალა და ბიჭები გაუშვა. ასეთი რამ ნებისმიერ კლუბში შეიძლება მოხდეს.
ბესიკ ჩიხრაძემ სცადა, ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას არსებული პრობლემებისთვის ყურადღება მიექცია", - ამბობს აფხაზავა.
საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა "გაგრას" პრეზიდენტის განცხადება ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელშიც ის ილია კოკაიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"კერძო მესაკუთრისთვის კლუბისგან ერთადერთი შემოსავლის წყარო ფეხბურთელის გასხვისებაა. საქართველოში კერძო მფლობელები ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის და თუ ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ მიეცემათ, მაშინ დახარჯული თანხის მინიმალური რაოდენობით უკან დაბრუნების შესაძლებლობაც სათუოდ გაუხდებათ.
აქედან გამომდინარე, კერძო მფლობელი სერიოზულად დაფიქრდება, განაგრძოს თუ არა მომავალშიც ქართულ ფეხბურთში ინვესტირება, რაც ამ ეტაპზე ერთიანად წამგებიანია და აქამდე მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული, ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა და ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა აძლევდა ამ ნაბიჯისთვის სტიმულს.
უკვე დიდი ხანია, ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დადგა საკითხი, რათა კერძო და არაკერძო მფლობელობაში არსებული კლუბების უფლებები თანაბრად იქნას დაცული, მათი დაფინანსება ერთი საერთო პრინციპით მოხდეს და ადგილი არ ჰქონდეს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფი კლუბების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, სასიკეთო ძვრებს ვერ ვხედავთ და კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კერძო მფლობელობაში არსებული კლუბების საქმიანობა საკმაოდ ეფექტური და შედეგის მომცემია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები. აქ მოთამაშე ფეხბურთელთა უმეტესობა სწორედ კერძო კლუბებში ირიცხება და ამიტომაც ასეთი კლუბები უფრო მეტად უნდა წახალისდნენ, შეღავათები დაუწესდეთ და მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
შექმნილ სიტუაციაში სოლიდარობას ვუცხადებთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს". ჩვენი აზრით, კერძო ინვესტორების წასვლა ქართული ფეხბურთიდან კატასტროფის ტოლფასი იქნება. მიგვაჩნია, რომ სწორედ პრინციპულობა, სამართლიანობის აღდგენა და ამავე დროს, კომპრომისი გადაარჩენს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს".
და კიდევ - საჯარო რეესტრში გადამოწმებული ინფორმაციით, "ზესტაფონის" აქციების 100 პროცენტის მფლობელად კვლავ ილია კოკაია რჩება. ამას იშველიებენ იმის არგუმენტად, რომ სინამდვილეში, კოკაია არსადაც არ წასულა და კვლავ ფეხბურთში რჩება.
ეტყობა, ყველას გამორჩა კოკაიას სიტყვები, რომ კლუბიდან წასვლის მიუხედავად, საფეხბურთო ცხოვრებისგან განზე დგომას არ აპირებს. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ის მხოლოდ საკლუბო მასშტაბით დაკმაყოფილებას არ აპირებს.
საინტერესოა, რა იქნება კოკაიას შემდეგი ნაბიჯი?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"