ის იმ "დაკარგული თაობის" წარმომადგენელია, ვისაც სერიოზული მიზნებისთვის შეეძლო ბრძოლა და თამაში, მაგრამ... მიზეზთა გამო ასე ვერ მოხდა.
დღეს ის მოძრაობა "ქართული ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელია და ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი მმართველებისადმი. ეს ყველაფერი გულშემატკივარმა კარგად იცის. მისი კარიერისა და ცხოვრების შესახებ კი ბევრი რამ უცნობია.
ჯამარაულმა ბევრი საინტერესო ამბავი
ბავშვობა და პირველი ნაბიჯი დიდ ფეხბურთში
მამა თიანეთელია. გარდაბანში დასახლდა, სადაც მე ვიზრდებოდი. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, სულ ვთამაშობდი, ვმატაობდი, დრიბლინგი მქონდა... როგორც იტყვიან - ბურთი ვიცოდი, კარგადაც ვურტყამდი. ეს ყველაფერი, რაც ფეხბურთელისთვის აუცილებელია, ეზომ მომცა. მაგრამ კენწვლა არ ვიცოდი. არ გჯერათ? მართლა ასე იყო...
გარდაბანში საფეხბურთო სკოლა არ იყო და მამამ რუსთავში, თამაზ დოდაშვილთან და მურმან გოგოლაძესთან მიმიყვანა. რუსთავიდან 35-ე სკოლაში გადავედი, სადაც შიო ბოკუჩავა და ალიკა ილიადი მავარჯიშებდნენ.
ერთხელ 35-ე სკოლის გუნდს შევხვდით, რომელსაც ზურა მაისურაძე ავარჯიშებდა. ძალიან მაგარი გუნდი იყო - ვასკა მაისურაძე, ქოჩლაძე, ჩუბინიძე, კერძევაძე, ჯიმშიტაშვილი... ამ მატჩის შემდეგ მაისურაძემ მიმიწვია და ისევ 35-ეში დავბრუნდი. მერე მიშა ყაველაშვილიც დაგვემატა.
მატაობას არც იქ მიშლიდნენ. დღეს ამას ბევრი სერიოზულად ვერ აღიქვამს, არადა, ბავშვებში ტექნიკის განვითარებისთვის ეს აუცილებელია და 14 წლამდე უნდა მიუშვა. ბევრი ამას ვერ იგებს და ჰგონიათ, თითქოს, ასე არასწორ ფეხბურთს აჩვევენ.
ვიცი, როგორ ზრდიან ბავშვებს ესპანეთში - ასწავლიან მოძრაობებს, სწორად თამაშს, გადაადგილებას, გახსნას, პასს, მაგრამ მოსატყუებელი თუ არის, ვინ დაუშლის? ჩვენთან კი პატარაობაშივე ყველაფერს რომ უკრძალავენ, ამიტომაც არის, ბოლო 20 წელია, ვითომ სწორად გაზრდილი, მაგრამ უფერული თაობები რომ მივიღეთ, დრიბლიორები კი თითებზე ჩამოსათვლელები არიან.
შესაძლოა, ჩვენს თაობას ბურთის თრევა და მატაობა ზედმეტი მოსდიოდა, მაგრამ ეს მწვრთნელმა უნდა აგიხსნას, ზომიერებას მიგაჩვიოს და გასწავლოს...
1988 წელს დავით ყიფიანმა ოლიმპიური მომზადების ცენტრის გუნდი (ომც) ჩამოაყალიბა. 16-19 წლის ბიჭები საბჭოთა კავშირის II ლიგაში ვთამაშობდით. ეს ყველას ძალიან წაგვადგა. ვთამაშობდით რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში... ხან ვიგებდით, ხან ვაგებდით. ფეხბურთი თუ გიყვარდა, გაიზრდებოდი...
რომ ამბობენ, ახლა ბავშვები ვერ იზრდებიანო, მიზეზი სწორედ ის არის, რომ ასეთი ტურნირები აღარაა. ბავშვები საერთაშორისო გამოცდილებას სანაკრებო დონეზე თუ იღებენ, ფეხბურთელთა საერთო მასა კი ამას მოკლებულია.
ყიფიანი 6 თვე გვავარჯიშებდა. მერე თბილისის "დინამოს" დუბლებში წაიყვანეს და ჩვენგან ბევრი მიიწვია, მათ შორის - მეც. დუბლები კიდევ სულ სხვა დონე იყო. მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ორჯერ მოვხვდი განაცხადში - პირველად 1989 წელს, მოსკოვში, "ლოკომოტივთან"...
ჩვენმა თაობამ ბევრ რამეს გაუძლო
- მაშინ უნიჭიერესი თაობა მოდიოდა - ქინქლაძე, არველაძეები, ნემსაძე, ყაველაშვილი, ქეცბაია, გოგიჩაიშვილი, ცხადაძე, შელია, ჯანაშია... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს...
1990 წელს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, მაგრამ მერე ქვეყანა აირია.
ერთხელ, ვარჯიშის დროს, დიღმის ბაზაზე ვერტმფრენი დაჯდა - ეს იყო მაშინდელი ცხოვრება. წყალს ვაცხელებდით და ასე ვბანაობდით...
თანაც, თავიდან უცხოეთში ნაკრების მხოლოდ სამი წევრი თამაშობდა - ცხადაძე გერმანიაში, ქეცბაია - კვიპროსში, გურული - საფრანგეთში. უმრავლესობა თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები ვიყავით. ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა. ხომ გახსოვთ, ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავებით სავსე უელსს ორჯერ მოვუგეთ - 5:0 აქ და 1:0 იქ; ბულგარეთი მაშინ მეოთხე გუნდი იყო მსოფლიოში და თბილისში მოვუგეთ 2:1...
ჩვენმა თაობამ ბევრ რამეს გაუძლო, ქართული ფეხბურთი შემოვინახეთ და მომავალ თაობას შევაყვარეთ, მაგრამ თავი ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ, რადგან არც ვიცოდით, რა იყო ნამდვილი დიდი ფეხბურთი, როგორ ცხოვრობდნენ პროფესიონალები.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნაკრებში 6-7 მაღალი კლასის მოთამაშე მაინც გჭირდება. ისე ძალიან რთულია. აიღეთ უკრაინის მაგალითი: სერიოზული ჩემპიონატი აქვთ, 5-6 მაღალი დონის კლუბიც ჰყავთ და მსოფლიოზე მაინც ვერ მოხვდნენ. ჩვენთან კი 10 კაცი თბილისის "დინამოში" ვთამაშობდით...
კალაძე მილანში რომ გადავიდა, ნაკრების ვარჯიშებზე ვეღარაფერს ვუხერხებდი
- ბევრჯერ მსმენია, თითქოს ჩვენი თაობა სიზარმაცემ დაღუპა. სისულელეა! თამაში ყველას გვიყვარდა, მაგრამ ჩვენ ისიც არ ვიცოდით, ევროპელების მსგავსად როგორ უნდა გავზრდილიყავით.
გერმანელები მოედანზე რომ დავინახე, გაოცებული ვუყურებდი - როგორი ათლეტები იყვნენ, დიდი შრომის შედეგი ეტყობოდათ...
ევროპულ გრანდში სამოსნებსაც ზრდიან, ჩვენთან კი ათოსანი უნდა იყო, ევროპაში რომ ითამაშო. როცა კახა კალაძე "დინამოში" მოიყვანეს, თავიდან ვარჯიშებზე ვატყუებდი, მაგრამ მერე და მერე გაიზარდა და კიევის "დინამოში" წავიდა. მაშინაც, ნაკრების ვარჯიშებზე კიდევ რაღაცას ვუხერხებდი, მაგრამ "მილანში" რომ ჩაირიცხა, სულ სხვა კლასის ფეხბურთელი გახდა და ვეღარ "ვერეოდი"...
კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: "იუვენტუსის" ერთ-ერთ თამაშს ვუყურებდი და გაოცებული დავრჩი, ტურინელთა შორის მარჯვენა მცველი, შვეიცარიელი შტეფან ლიხტშტაინერი რომ დავინახე. ეს ბიჭი თავის დროზე "ციურიხში" ვარჯიშობდა და არ ვაჭარბებ - ნამდვილი სამოსანი იყო. მე და "ყაველას" გვეცინებოდა, ისეთი უტექნიკო იყო, ბურთს ვერ აჩერებდა. ახლა უმაგრესი მცველი გახდა.
ეს არის პირობები და სწორი გაზრდის შედეგი და ყველაზე ცხადი მაგალითი, როგორ შეიძლება ევროპაში სამოსანი ვარსკვლავი გახდეს...
ნათელი წერტილი
- ჩვენთან არც ნორმალური საფარია, არც კვალიფიციური მწვრთნელები, არც კვების საკითხია მოგვარებული და საერთოდ, არც ვიცი, რა გვაქვს ნორმალური. ამიტომ ვართ კატასტროფულ მდგომარეობაში.
ესპანეთში რვა წლიდან ბავშვებს უწერენ მენიუს, რა უნდა მიიღოს. ფეხბურთი ასეთ დონეზეა განვითარებული და როგორ უნდა დავეწიოთ, როცა არაფერს ვაკეთებთ, არც პროგრამა გვაქვს და არც ხელშეწყობა?
ამიტომ მახარებს ჩემი მეგობრის, ვასიკო მაისურაძის წარმატება, რომელმაც საქართველო თავისი ასაკობრივი ნაკრებების დონეზე მაინც ამოიყვანა წუმპედან. ამ ბავშვების ნაწილი ჩემმა მეორე მეგობარმა, გუბაზ დოლიძემ გაზარდა, მაისურაძემ კი მათ სწორი მიმართულება მისცა.
ჰოლანდიისთვის არც ერთ ასაკში არ მოგვიგია, მაისურაძემ ეს შეძლო. არავინ თქვას, რომ მის ასაკში სხვაობა დიდი არ არის. მისმა ნაკრებებმა ინგლისთან, უკრაინასთან, ბულგარეთთან და ჰოლანდიასთან მოიგო, ესპანელებთან ფრედ ითამაშა. ბოლოს და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი ჩამოგვიტანა. სანაკრებო დონეზე ასეთი სიხარული ჩვენთვის ვინმეს მოუნიჭებია?
მაისურაძე იმის მაგალითია, რამდენი შეუძლია წესიერ და განათლებულ ადამიანს - თუნდაც დღევანდელ საქართველოში.
შედეგითა და თამაშით მაისურაძის ნაკრები ქართულ ფეხბურთში ყველაზე ნათელი წერტილია.
სადაც არის ბედი შენი...
- ფეხბურთი ბედიც არის. იყო ვარიანტი, გერმანიაში შეიძლებოდა დავრჩენილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. მაშინ 21 წლის ბიჭი ვიყავი და თავად არ მოვინდომე. არადა, ვინ იცის, რომ წავსულიყავი, ჩემი ცხოვრება როგორ შეიცვლებოდა...
მერე დანიაში "ბრონდბიუ" მიწვევდა, რომელიც მაშინ ძალიან ძლიერი კლუბი იყო და უკეთესის მოლოდინში ამაზეც უარი ვთქვი. ახლა ვხვდები, წლები რა სწრაფად გადიოდა და ამდენ ლოდინს, თურმე, წასვლა სჯობდა, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი წინ იყო...
1996 წელს, ბათუმში საქართველოს ნაკრები მოლდოვას რომ ხვდებოდა, გვითხრეს, ჩემზე და გია ნემსაძეზე დასაკვირვებლად არსენ ვენგერი იყო ჩამოსული, რომელიც მაშინ "არსენალში" ახალი დანიშნული იყო, მაგრამ ასეთ გუნდში მოსახვედრად ერთი მატჩის კარგად ჩატარება საკმარისი არ იყო. 15-20 თამაშში მაინც გაკვირდებიან. მაშინ "ალანიაში" ვთამაშობდი...
მოკლედ, ბოლოს ეს ვარიანტიც გამოირიცხა და საბოლოოდ, "ტრაბზონსფორში" აღმოვჩნდი...
მომავალი ჯამარაული
- ლუკა 35-ე სკოლაში გოჩა ტყებუჩავასთან იზრდება. ამბობენ, ნიჭიერიაო, მაგრამ მომთხოვნი ვარ და ბევრ ნაკლს ვხედავ. მთავარია, გაიზარდოს და თავის წარმოჩენა შეძლოს. ძალიან მინდა, მან მაინც მიაღწიოს იმას, რაც ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
დღეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება კროიფი-კონსულტანტად!ჩვენ ფეხბურთის აზრზე არ ვართ...არ გვყავს მწვრთნელები,რომლებიც სწორად გაზრდიან მომავალ თაობებს.დარატომ უშლიან ,,მატაობას,,?მხოლოდ პასებით ინდივინდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არ გაიზრდებიან.გუშინ საბურთალომ ინდივინდუალური გარღვევით გაიტანა,ხოლო პასებით ვერაფერი ვერ შექმნეს