გულშემატკივარს თავი არაორდინარულობით შეაყვარა - ეფექტური თავური დარტყმებითა თუ პენალტების შესრულების უჩვეული მანერით...
კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე კლუბის პრეზიდენტი იყო - ქობულეთის "შუქურას" (1990), ბათუმის "დინამოსა" (1990-94, 1995-96) და რუსთავის "მეტალურგს" (1996-97) თავკაცობდა. 1995 წელს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
ამჟამად ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი და საფეხბურთო აგენტია. მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი ჯანო ანანიძეა...
ცხოვრებაშიც არაორდინარულია. მის მოყოლილ ანეკდოტებზე
- დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელი ამბავია, რომ ფეხბურთზე 17 წლის ასაკში შეხვედით...
- ჩემს ცხოვრებაში ბევრი დაუჯერებელი ფაქტი მომხდარა. კალათბურთზე დავდიოდი, აჭარის ნაკრებში ვთამაშობდი და ფიზკულტურის ინსტიტუტში ვაბარებდი. ალბათ, სკოლის მასწავლებელი ვიქნებოდი, რომ არა ფეხბურთი, რითიც ქუჩაში ვერთობოდი. ბიძაჩემს, ბიჭიკო ჩელებაძეს კი ფეხბურთი უზომოდ უყვარდა. სწორედ მან შემიყვანა ფეხბურთზე. ღმერთმა ასე ინება და მას შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
კარიერა 1972 წელს, ქობულეთის "შუქურას" აკადემიაში დავიწყე. ერთი წლის შემდეგ გუნდშიც გადამიყვანეს, სადაც მოთამაშე-მწვრთნელად ვალერიან ჩხარტიშვილი მოვიდა. კალათბურთიდან ფეხბურთზე გადართვა იოლი არ იყო. სულ სხვა მოძრაობა და სირბილი იყო საჭირო, მაგრამ ჩხარტიშვილი კარგი მასწავლებელი გამოდგა. თავიდანვე ცენტრალურ თავდამსხმელად დამაყენა და პირველივე სეზონში 11 გოლი გავიტანე. 17 წლის დებიუტანტისთვის ეს კარგი შედეგი იყო.
მერე საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, რომელმაც საბჭოთა კავშირის "იმედის თასი" მოიგო.
1974 წელს ჩხარტიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელად დანიშნეს. წამიყვანა და პირველივე სეზონში 21 გოლი შევაგდე, აქედან 19 - მეორე წრეში. ესეც ვალერიანის დამსახურება იყო. მის გვერდით ჩამოვყალიბდი, თამაში მასწავლა, გამხსნა, თავდაჯერება შემძინა და იმედი ჩამისახა. ბიჭიკო კი ჩემზე გადაყოლილი იყო. ამ ადამიანების სიკეთეს რა დამავიწყებს?!
- ეს ის ბიძაა, ყველა გოლზე 100 მანეთს რომ გიხდიდათ?
- არა, ის მეორე ბიძაა, ზია ჩელებაძე. კომუნისტურ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო სპონსორი მყავდა - ბათუმში გატანილი გოლისთვის 10 მანეთს მაძლევდა, თბილისის "დინამოში" - 100 მანეთს, საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი - 500-ს. ეს მაშინ უზარმაზარი ფული იყო. ახლა რაღაა დასამალი - "ცეხავიკი" იყო და დიდ ფულს შოულობდა.
- წელიწადში ერთი მანქანის ფული გამოგდიოდათ?
- (იცინის) იმდენიც ვერ გამქონდა, რომ გამეკოტრებინა. ყველაზე მეტი 1980 წელს გადამიხადა. დაუვიწყარი წელი იყო - სსრ კავშირის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის ბრინჯაო მოვიგე და "მარაკანაზე" საბჭოთა გუნდმა ბრაზილიას 2:1 რომ მოუგო, სასტარტოში ვიყავი და 70 წუთი ვითამაშე.
ბესკოვს ვუთხარი, კისრის მყესი დამეჭიმა-მეთქი, თუმცა მენდობოდა, შვილივით ვუყვარდი და მაინც მათამაშა. ბოლომდეც ვიქნებოდი მოედანზე, მაგრამ ჟუნიორი წავაქციე და ხელი რომ გავუწოდე მოსაბოდიშებლად, იუზრდელა. ისე გავმწარდი, მზად ვიყავი, მომეკლა. ამან მაყურებელი გააგიჟა და ბესკოვმა ვითარების განსამუხტავად შემცვალა...
მერე მთხოვდა, "სპარტაკში" წამოდი, შენნაირი ფეხბურთელი მჭირდებაო, მაგრამ მაშინდელი "დინამო" "სპარტაკზე" ნაკლები გუნდი არ იყო, ამიტომაც არ წავედი. ისე, ხალხს რომ არ ვყვარებოდი, კი დავფიქრდებოდი, მაგრამ ეს "დინამოსა" და საქართველოს ღალატი იქნებოდა. სტადიონი "ჩელე-ჩელეს" რომ დაიგუგუნებდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ტრიბუნაზე 80 ათასამდე მაყურებელი რომ იკრიბებოდა, ისეთ სიყვარულს გამოსცემდნენ, თამაში მარტო ამისთვის ღირდა.
არ ვტრაბახობ - უამრავი დიდი ფეხბურთელი გვყოლია, მაგრამ გულშემატკივარი მე რომ მეფერებოდა, ასე ბევრს არ ანებივრებდა... ეეეჰ, რა "დინამო" გვყავდა.
- თუმცა, იმ "დინამოში" დიდი ხელფასები არ გქონიათ...
- 200 მანეთს მიხდიდნენ. ზღაპრულ პირობებს არც "სპარტაკი" მთავაზობდა - იქაც 200 მანეთი და ბინა. ბესკოვმა მითხრა, ჩვენს სტილში თამაშობ და, რაც მთავარია, "დინამოში" ყიფიანი, შენგელია და გუცაევი არიან, სერიოზული კონკურენციაა, ჩემთან კი სულ ძირითადში იქნებიო. მაშინ ჩამოაყალიბა ის "სპარტაკი", სამეულიდან რომ არ ჩამოქვეითებულა და დღემდე ითვლება, რომ ეს იყო ამ გუნდის "ოქროს ხანა". ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ - დასაევი, ხიდიატულინი, რომანცევი, გავრილოვი... ჩერენკოვზე ხომ ლაპარაკი არაა.
- რომანცევს მაშინაც უყვარდა სმა?
- შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ მაშინ ეს ძალიან არ ჩანდა. საერთოდ, ქართველებზე თავად რუსები ავრცელებენ ლეგენდებს, თითქოს, რეჟიმის დამრღვევები ვიყავით. არადა, იცოცხლე, იმდენს სვამდნენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ნაკრების თამაში დამთავრდებოდა თუ არა, შხაპს მიიღებდნენ და იქიდან ნასვამები გამოდიოდნენ. ერთხელ ვიკითხე, არაყი მილიდან ხომ არ მოდის-მეთქი.
- არყის ბოთლს საშხაპეში მალავდნენ?
- ყველა საშხაპეში იყო ტუალეტი და ბოთლს ტუალეტის "ბაჩოკში" მალავდნენ. დინამოელებიც ვსვამდით, სეზონის ბოლოს ან რაიმე განსაკუთრებული თუ ხდებოდა. მაგრამ თუ დამიჯერებთ, ასე უტიფრად არასოდეს მოვქცეულვართ.
- ფეხბურთმა სახელი და ხალხის სიყვარული მოგიტანათ. ფინანსურად რა შეგძინათ?
- იმ სახელის და სიყვარულის დამსახურებაა, დღეს რომ ვარსებობ და ჩემს სახლთან ახლოს სტადიონს "ჩელე არენა" რომ დაარქვეს. რუსეთში რამდენ მილიციელს გავუჩერებივარ და ორიდან ერთს მაინც უკითხავს - "ვი ტოტ სამი ჩელებადზე?" მიკვირდა და მეამაყებოდა. რუსეთში ქართველები კიდევ თუ უყვართ, ეს თბილისის "დინამოს" დამსახურებაცაა.
ფეხბურთმა ბევრი რამ შემძინა, მაგრამ დღევანდელ და მაშინდელ ჰონორარებს შორის უდიდესი განსხვავებაა. ყველაზე დიდი პრემია, 500 დოლარი, "მარაკანაზე" მოგებისთვის მივიღე. გავიდა წლები და ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი გავხდი. ეს პრემია 1991 თუ 1992 წელს გამახსენდა, "ბათუმმა" ზესტაფონის "მარგვეთი" თასიდან რომ გააგდო და ბიჭებს 500-500 დოლარი დავურიგე. მეცინებოდა, საქართველოს თასზე მოგებას ბრაზილიის დამარცხების ფასი დაედო-მეთქი.
- თავად რეჟიმის მოყვარული იყავით?
- ცოტას მეც ვარღვევდი და ჩვენი ბიჭების დიდი ნაწილიც. ეს უფრო 1981 წლის შემდეგ ხდებოდა და ფეხბურთსაც ამის გამო შევეშვი, მაგრამ ფეხბურთი ყველას უზომოდ გვიყვარდა და ვარჯიშებზეც ვიხარჯებოდით. 2 დღით ადრე შეკრებაზე იმიტომაც გადავდიოდით, რომ მატჩისთვის ფორმაში ვყოფილიყავით. არადა, "ლივერპულს" რომ შევხვდით, ინგლისელები სასტუმროში შუადღისას მოვიდნენ, ერთად ისადილეს, მერე ნომრებში დაისვენეს, საღამოს სტადიონზე მოვიდნენ და 2:1 მოგვიგეს.
- დღევანდელ თაობაში მეტი პრაგმატიზმი და ნაკლები თავდადებაა. თქვენი აზრით, რატომ?
- მაშინ ცხოვრების აწყობა ორი გზით შეიძლებოდა - იატაკქვეშა ბიზნესით ან ცნობილი პიროვნება უნდა ყოფილიყავი. მთელი ცხოვრება გზა ხსნილი გექნებოდა - ბინას გაძლევდნენ, ინსტიტუტს ამთავრებდი, სამსახურში მოგაწყობდნენ...
ძალიან ბევრს ნიშნავდა თბილისის "დინამოს" მსგავს კლუბებში მოხვედრა. ჩვენც სახელზე ვფიქრობდით. ბოლოს და ბოლოს, ხალხი ტაშს გვიკრავდა და ბედნიერები ვიყავით. ახლა მოხვდები უკრაინა-რუსეთის ან ევროპულ გუნდში და ცხოვრების აწყობა გაცილებით იოლია. ამიტომ ბიჭებს მეტი სპორტული მოტივაცია მოეთხოვებათ.
- მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობის თემა საქართველოში აქტუალურია. ზოგი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელებს ნოდარ ახალკაციც აგინებდა...
- რა სისულელეა?! მკაცრი იყო, ზოგჯერ ძალიან ხისტიც, მაგრამ გინება რაში სჭირდებოდა? ისეთ სიტყვას იტყოდა, ისე ლოგიკურად, საუბრით გაჯერებდა... ან ვინ აპატიებდა გინებას? ბოლოს და ბოლოს, ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირსებაა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"