ბიზნესის ჩემპიონთა ლიგამ წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა

AutoSharing Option
22 დეკემბერს სპორტკომპლექსმა "არენამ" ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლის ბოლო სათამაშო დღეს უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

"ვერცხლის ლიგაში" V ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველები პარკეტზე "ჯორჯიან მანგანეზ ზესტაფონისა" და "ერისთავის იურიდიული ჯგუფის" გუნდები გავიდნენ.

ამ მატჩამდე იმერლებს არცერთი მოგება არ ჰქონდათ, განსხვავებით მათი მეტოქისგან, რომელსაც ამ მატჩამდე 3 მოგება და 1 წაგება ჰქონდა გრაფაში. შესაბამისად, ფავორიტადაც სწორედ "იურისტები" ითვლებოდნენ, თუმცა დისკვალიფიკაციების გამო ისინი ამ მატჩს სათადარიგო სკამის გარეშე შეხვდნენ, რაც გუნდების შანსებს მეტ-ნაკლებად თანაბარს ხდიდა.

მატჩის საწყისი წუთები
ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და საწყის თორმეტ წუთში ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ. ამის გარდა, მათ არაერთი 100%-იანი საგოლე მომენტი გააცუდეს, რაც, როგორც ბოლოს გაირკვა, სამი ქულის დაკარგვად დაუჯდათ.

უსაქმოდ არც "იურისტები" იყვნენ. მათ ჯერ პირველი ტაიმის ბოლოს გაქვითეს ერთი ბურთი, ხოლო მეორე ნახევარში საოცარი თავდადების და მონდომების ხარჯზე ბრწყინვალე "ქამ ბექიც" შეასრულეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს - 2:3.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი მეკარის, ალექს ჯავახიშვილის თამაში, რომელმაც რამოდენიმე "მკვდარი" ბურთის მოგერიება მოახერხა.

სანახაობრივი და უხვგოლიანი აღმოჩნდა "საქართველოს ბანკისა" და "ლილო-1"-ის გუნდების დაპირისპირება.

"მებაჟეებმა" მატჩი საოცარ ტემპში და კომბინაციური თამაშით დაიწყეს, რაზეც საწყის რვა წუთში მათი სამი უპასუხოდ გატანილი ბურთიც მეტყველებს. "ბანკირებმა" რამოდენიმეჯერ სცადეს ანგარიშში კორექტივების შეტანა, თუმცა ყოველ ჯერზე მეტოქე ადეკვატურად პასუხობდა მათ. საბოლოოდ შეხვედრა "ლილო-1"-ის ლოგიკური გამარჯვებით, 6:3 დასრულდა.

Sportall.Ge

გამორჩევის ღირსია "ლილო-1"-ის შემტევის, თორნიკე კირკიტაძის თამაში, რომელიც, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ერთნაირად სასარგებლო იყო გუნდისთვის. ორი გატანილი გოლის გარდა, მან მონაწილეობა საკუთარი გუნდის თითქმის ყველა მწვავე იერიშში მიიღო.

დღე "ოქროს ლიგის" პირველი ტურის გადადებული მატჩით დასრულდა, რომელშიც ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ლუდსახარში "ნატახტარის" გუნდი და მ.ფ.კ "ალგო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

"ალგოს" შემადგენლობა, ძირითადად, ყოფილი ფუტსალელებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც თავის დროზე სწორედ აღნიშნული კლუბის ღირსებას იცავდნენ. ფავორიტ-აუტსაიდერის კვალობაზე, შეხვედრა საკმაოდ თანაბრად და დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ "ნატახტარის" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

Sportall.Ge

სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა "ალგოს" რიგებში რიგის "სკონტოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ალექსანდრე რეხვიაშვილის გამოჩენა. მოგეხსენებათ, იგი ლატვიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს და საქართველოში, წინასაახალწლო ვიზიტის ფარგლებში, მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა ბურთის გაგორება.

"რეხო" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, ვინც 2008 წელს "ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პირველ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.

ჩვენ, რასაკვირველია, შანსი არ გავუშვით და მატჩის დასრულების შემდეგ მას მცირე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

Sportall.Ge

ალექსანდრე რეხვიაშვილი:
"ასეთი ტიპის ტურნირებში ნაკლებად მიწევს თამაში, თუმცა ლატვიის ვეტერანთა ნაკრებთან ერთად ხშირად დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად.

სამოყვარულო ფეხბურთი ლატვიაშიც საკმაოდ განვითარებულია, ზამთრის და ზაფხულის პერიოდში არაერთი ტურნირი იმართება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ღებულობს მონაწილეობას.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა" ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული ღონისძიებაა, სადაც ის ადამიანები ღებულობენ მონაწილეობას, რომლებმაც უკვე დაასრულეს კარიერა, ზოგმა ნაადრევადაც კი; ან ვერ ითამაშეს დიდი ფეხბურთი და აქ მონაწილეობით პოზიტიური ენერგიით იმუხტებიან და საყვარელ საქმეს აკეთებენ.

რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ასეთ ღონისძიებებში, მისასალმებელია. ეს ზოგადად ქართული ფეხბურთისთვისაც კარგია, რადგან სპორტის მასობრიობის ზრდას შეუწყობს ხელს."


"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა" ახალი წლიდან თასის გათამაშებით განახლდება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. "ვერცხლის ლიგა". V ტური. 22.12.2013

ერისთავის იურიდიული ჯგუფი-2 - GM(ზესტაფონი) 3:2
გოლები: 8 წთ, მანჯავიძე (0:1), 12 წთ, მანჯავიძე (2:0), 17 წთ, წიკლაური (2:1), 21 წთ, წიკლაური (2:2), 37 წთ, კუჭავა (3:2)

ერისთავი-2: 22. ალეკო ჯავახიშვილი, 19. რეზო ბერიძე, 8.ბექა გიგაური, 11. კახა კუჭავა, 10. გიორგი წიკლაური, 6. ანრი ტაბატაძე

GM (ზესტაფონი): 1. ოთარ მაჭავარიანი, 3. მამუკა გაბრიჭიძე, 5. გელა ყუბარაძე, 6. გიორგი გოგლიძე, 8. ზურა მანჯავიძე, 9. მანუჩარ მუმლაძე.
სათადარიგოები: 2. აჩიკო ქათამაძე, 7. ზვიად ჭანტურიძე, 10. ზაზა შარაბიძე

საქართველოს ბანკი - ლილო-1 3:6
გოლები: 2 წთ, ბეტეევი (0:1), 4 წთ, კირკიტაძე (0:2), 8 წთ, კვინიკაძე (0:3), 12 წთ, კასრაძე (1:3), 13 წთ, ლეჟავა (1:4), 33 წთ, კირკიტაძე (1:5), 33 წთ, ჯოხაძე (2:5), 35 წთ, ლეჟავა (2:6), 40 წთ, ჯოხაძე 6მ.დ (3:6)

საქართველოს ბანკი: 12. დავით ჩუბინიძე, 2. გიორგი სურგულაძე, 5. ვახტანგ სირაძე, 10. გიორგი ცაგარეიშვილი, 21. გიორგი კასრაძე, 77. ლაშა ჯოხაძე.
სათადარიგოები: 1.ნიკოლოზ ჯალაღონია, 3. არჩილ უჯმაჯურიძე, 7. ნოდარ დარახველიძე, 11. ლევან სარიშვილი, 14. უჩა გოგიტიძე

ლილო-1: 22. ვალერი ალასანია, 10. დავით ბეტეევი, 4. გიორგი კვინიკაძე, 5. თორნიკე კირკიტაძე, 13. თემურ ბასილაშვილი, 6. გიორგი ლეჟავა.
სათადარიგოები: 1. ვალერი ტიტოვი, 3. თენგიზ ჭაფანძე, 9. გიორგი მახარაშვილი, 7. ლექსო ჯეირანაშვილი, 11. გიორგი ტინიკაშვილი, 8. თენგიზ კოდიაშვილი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა. "ოქროს ლიგა". I ტური (გამოტოვებული შეხვედრა). 22.12.2013

ნატახტარი - ალგო 4:2
გოლები: 6 წთ, სეფერთელაძე (1:0), 16 წთ, ჩალაძე (1:1), 27 წთ, თოფურია (2:1), 34 წთ, ბაშალეიშვილი (2:2), 36 წთ, კაპანაძე (3:2), 38 წთ, თოფურია (4:2)

ნატახტარი: 12. გია გონგაძე, 33. მიშა თოფურია, 2. დიმა მაყაშვილი, 10. გიორგი სეფერთელაძე, 6. დათო დარჩია, 14. გიორგი მშვიდობაძე
სათადარიგოები: 4. იაგო კაპანაძე, 77. ბექა აფაქიძე, 11. ლაშა მიდელაური, 13. კახა ხამხაძე

ალგო: 1. ემზარ გოგიშვილი, 21. გიორგი გუნია, 3. ნიკა ჩალაძე, 7. გიგი ბაშალეიშვილი, 17. დავით ლუკავა, 10. გიორგი რევაზაშვილი
სათადარიგოები: 73. ზაალ ქუთათელაძე, 24. მალხაზ ჯორბენაძე, 9. ალექსანდრე რეხვიაშვილი, 31. ნიკა კბილაძე

* * *
ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტო SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ვერცხლის ლიგის" პარტნიორია „ვითიბი ბანკი“.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" პარტნიორია აზარტული თამაშების კომპანია "ევროპაბეთი".

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტ პორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.

SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული