ზაზა ჯანაშია: ეს ისტორია ბევრმა არც იცის...

AutoSharing Option
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამორჩეული თავდამსხმელი, რუსეთის თასის 4-გზის მფლობელი (1996, 1997, 2000, 2001), "სპორტ-ექსპრესის" ვერსიით, ორჯერ პრემიერლიგის საუკეთესო თავდამსხმელი (1998, 1999), საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (1999) - ასე დაასრულა კარიერა ზაზა ჯანაშიამ.

რუსები სიყვარულით "გენერალს" ეძახდნენ, მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივრებს მასზე ელეთმელეთი მოსდიოდათ, ქართველ გულშემატკივარსაც ძალიან უყვარდა...

სამწუხაროდ, გულშემატკივრების რჩეულმა მხოლოდ 9-ჯერ (4 გოლი) მოირგო საქართველოს ნაკრების ფორმა. დღემდე გავრცელებული ლეგენდა, რომ ზაზას ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაში არ სურდა, ძალიან აღიზიანებს. არადა, მოსკოვის "ლოკომოტივის" ლიდერი სანაკრებო შეკრებაზე იშვიათად ჩამოდიოდა...

Sportall.Ge...პირს იპარსავს, რა
უნდა ამას ბავშვებში?

- უმაღლეს ლიგაში დებიუტი 13 წლისას ზუგდიდის "ოდიშში" მქონდა. ალალად ვამბობ, ასაკი არ გადამიკეთებია. მაგრამ ბავშვობიდან ასეთი აღნაგობა მქონდა და არ მიჯერებდნენ, ჩემხელებში რომ ვთამაშობდი. უსიამოვნებებშიც ხშირად ვეხვეოდი.

ერთხელ, კახეთში ტურნირი გაიმართა. 14 წლისას წვერი უკვე მქონდა და იკითხეს, ამას ბავშვებში რა უნდაო? ჩემი რეალური ასაკის გასაგებად თამაში გადაიდო და სიმართლეში რომ დარწმუნდნენ, გაოცებულები დარჩნენ...

ისე, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, 13 წლისას, არც ჩემამდე და არც ჩემს შემდეგ, არავის უთამაშია და ამ მხრივ რეკორდსმენი ვარ.

ჩვენი საბავშვო გუნდი ტურნირზე თამაშობდა და "ოდიშში" ოთარ გაბელიამ მიმიწვია. ჯანაშია, მოდი ჩემთანო, - დამიძახა. მივედი. შვილო, გინდა, ფეხბურთის თამაშიო? - მეკითხება. კი-მეთქი, - ვპასუხობ. მაშინ ამათ რას უყურებ, კაცების ფეხბურთს ბავშვური მორიდებით ვერ ითამაშებო. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა...

მოკრძალება ცხოვრებაშია კარგი, თორემ ფეხბურთში დამღუპველია. ეს მერე მთელი ცხოვრება მახსენდებოდა. ამ ერთი ფრაზით "ამბროსიჩმა" უდიდესი საფეხბურთო გაკვეთილი ჩამიტარა.

კალისტრატოვიჩი, ჩაჩუა და ტანკები
- "კალისტრატოვიჩმა" (მურთაზ ხურცილავა - რედ) გამზარდა. მგონი, ჩემსავით საკუთარი შვილი არ უყვარდა. "შევარდენში" რომ ვთამაშობდი, მაშინ ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. "შევარდენში" "კალისტრატოვიჩის" ბიჭი, გოგა თამაშობდა. ზუგდიდიდან ახალი ჩამოსული ვარ და ერთხელ, 3 თუ 4 დღე მე და გოგა გავიპარეთ და ვარჯიშები გავაცდინეთ. მოკლედ, "ვგულაობთ", რა!

ბოლოს მოგვნახეს, "შევარდენზე" მიგვიყვანეს და გუნდიდან გვაგდებენ. უცებ, "კალისტრატოვიჩი" იძახის, ჩემს შვილს გავაგდებ, მაგრამ ჯანაშიას ვერაო. ხელმძღვანელობა ეკითხება, რატომო? ჯანაშია თბილისს არ იცნობს, სად წავიდოდა, მაგას გოგა წაიყვანდაო...მთელი გუნდი ავდექით, თუ გოგას გააგდებთ, ჩვენც უკან მივყვებითო, მაგრამ მაინც გაუშვა. ხურცილავას ასე ვუყვარდი. მისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი და ცდილობდა, ნიჭი გამომეყენებინა.

"სამტრედიის" ყოფილი პრეზიდენტი ტარიელ ჩაჩუა როგორ არ ვახსენო? ის მამასავით იყო გადაყოლილი და ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. მან და ხურცილავამ წამიყვანეს მოსკოვის "ლოკომოტივში".

ჩაჩუამ არა მარტო სამტრედიას, მთლიანად ქართულ ფეხბურთს აჩუქა ძლიერი გუნდი, რომელსაც 1995 წელს ჩემპიონობა წაართვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში, რომლის მოგების შემთხვევაშიც, პირველ ადგილს ვინაღდებდით, ფოთში ტანკები თუ "ბეტეერები" დაგვახვედრეს და მივხვდით, რომ საქმე ცუდად იყო...

გული მომიკვდა, ჩაჩუა ასე ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა...

Sportall.Geროგორ დამიმალეს ლაციო...
- მეცინებოდა, როცა ამბობდნენ, "ლოკომოტივიდან" ევროპაში წასვლა არ სურდაო. მოსკოვში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ევროპაში თამაშზე უარს ვინ იტყოდა?

რეალურად, საქმე სხვაგვარად იყო. 1999 წელს თასების თასის ნახევარფინალში "ლოკომოტივმა" ძალიან ძლიერ, ვარსკვლავებით გატენილ "ლაციოსთან" 1:1 ითამაშა და ერთადერთი გოლი მე გავიტანე.

ამ მატჩის შემდეგ ჩემით ბევრი გუნდი დაინტერესდა - "შტუტგარტი", "ინტერი"... განსაკუთრებით "ლაციოს" მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი აქტიურობდა, ჯანაშიამ სერია A-ში უნდა ითამაშოსო. თურმე, იტალიელები 4.5 თუ 5.5 მილიონ დოლარს იხდიდნენ...

1999 წელი რომ მთავრდებოდა, ჩემი კონტრაქტის ვადაც იწურებოდა. "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ფილატოვმა დამიბარა, ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ ჩემში დიდ ფულს ითხოვდნენ.

იური სიომინს ისე ვუყვარდი, არსად მიშვებდა და "ლაციოს" ინტერესი დამიმალა. ეს მერე, გუნდის უფროსმა მითხრა. რაღას ვიზამდი?..

Sportall.Geცნობილი სალტოს ისტორია
- გულშემატკივარს ემახსოვრება - ლამის ყველა გოლს სალტოთი აღვნიშნავდი. ილეთი მოსკოვში არ მისწავლია, არც ტანვარჯიშზე მივლია და არც ბატუტზე.

სალტო ზუგდიდში შემთხვევით ვისწავლე. პლანტაციასთან, დაახლოებით, 5-6 მეტრის სიმაღლის ჩაის შესანახი შენობა იყო. რისკიანი ვიყავი და ექსპერიმენტები მიყვარდა. ერთხელაც, კლასელები ამ საწყობის სახურავზე ვიდექით და მეგობარს დავენაძლევე, გადავხტები-მეთქი.

რას გადახტები, გაჩერდი, თუ ძმა ხარო! არადა, ბუჩქები იყო და იმედი მქონდა, რომ ის დამიცავდა.

მართლა გადავხტი. ფეხები მაგრად კი მეტკინა, მაგრამ უნებლიედ, სალტო გამომივიდა. როგორ გააკეთეო? რამდენჯერმე გავიმეორე და იმდენად მომეწონა, რომ მას შემდეგ მოედანზეც ვცადე და ხალხმაც მიიღო.

მერე მაგრად გამომდიოდა... მაგრამ მანამდე, ერთი-ორჯერ ხელი მოვიტეხე. რისკიანი ვიყავი და არ მეშინოდა, მაინც ჩემსას ვაკეთებდი.

მე არ მინდოდა ნაკრები?!
- საქართველოს ნაკრებში სულ 9 ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე და არ დავმალავ, კარიერა ნაადრევად ამიტომაც დავამთავრე. სულ რაღაც პრობლემები იყო, იშვიათად მათამაშებდნენ, რაღაც-რაღაც ნიუანსების გამო, სულ ხელი მეშლებოდა. არადა, კარგად ვიცოდი, რომ ჩემნაირი თავდამსხმელი ბევრი არ იყო...

ეს არასოდეს მითქვამს. მოსკოველი გულშემატკივარი ჩემზე გიჟდებოდა, რის გამოც, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. მაგრამ ქართველი გულშემატკივარი მაინც გამორჩეულად მიყვარდა - მათი სითბო და სიყვარული ყველაზე დიდი განცდა იყო, რომლის მსგავსიც არასოდეს და არსად მქონია. საქართველოს ნაკრებში, თითქოს, ფრთები მესხმებოდა...

ასე იყო თამაშის დროსაც, ათასგვარ ხმებს მივრცელებდნენ. რა დამავიწყებს, 1998 წლის 26 მაისს, რუსეთის ნაკრებთან "დინამოზე" 1:1 ვითამაშეთ და ის ერთი გოლიც მე გავიტანე.

იმ დღეს, ქართველი გულშემატკივრისგან ისეთი სითბო ვიგრძენი, რისი გადმოცემაც შეუძლებელია. 80 ათასი მაყურებელი შენს სახელს და გვარს რომ გაჰყვირის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ნაკრებში იშვიათად ჩამოვდიოდი და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ხალხს ასე თუ ვუყვარდი...

არა, რა, აქაურობამ სხვა სიყვარული და მონატრება იცის. მოსკოვშიც შემეძლო, მეცხოვრა, მაგრამ შვილები ქართველებად უნდა გავზარდო...

Sportall.Geბოსკამპი გადამეკიდა...
- საქართველოში მურთაზ ხურცილავა მზრდიდა და თავს მევლებოდა, რუსეთში - იური სიომინი.

ჩვენი ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი კი გადამეკიდა. ჰოლანდიელი იმიზეზებდა, ნაკრების შეკრებაზე მანქანით ჩამოვიდა და შეკრებიდან ამისთვის გავაგდეო. მაგრამ მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, მანქანით ჩამოვიდოდი თუ ავტობუსით, მთავარი იყო, დროულად ჩამოვსულიყავი და კარგად მეთამაშა.

სხვათა შორის, იტყუებოდა, შეკრებიდან ამისთვის არ გავუგდივარ. მე, გიო ქინქლაძე და კახა კალაძე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით. 50 მეტრი გავირბინეთ და უკან სიარულით ვბრუნდებოდით. ბიჭები კარგა ხანი არ მენახა, მენატრებოდნენ და ვლაპარაკობდით. თანაც, მარტო მე კი არა, ყველა.

ბოსკამპმა თარჯიმანს უთხრა, გაჩერდესო. გადალაპარაკებას არც ერთი ნორმალური მწვრთნელი არ კრძალავს და ვუთხარი, ვვარჯიშობ, არ ვზარმაცობ და რას მერჩის-მეთქი?

ბოსკამპს ზედმეტები მოუვიდა, მეც ვერ მოვითმინე და ვიჩხუბეთ. გია ნემსაძე და სხვა ბიჭები მწვრთნელთან შევიდნენ და ჩემი დატოვება სთხოვეს, მაგრამ ბოსკამპმა არ მოუსმინა...

Sportall.Geროგორ ეხსნებოდა რომანცევს გონება
- რუსეთმა თუ მიგიღო, დიდ სიყვარულს გაჩუქებს. ასეთი ბედნიერება მე მხვდა წილად. მხოლოდ ის არ მიყვარდა, გზაში სულ პასპორტს რომ მთხოვდნენ, მაგრამ მილიციას ერთხელაც არ დავუკავებივარ.

ერთხელ ინსპექტორმა გამაჩერა, ჩახედა დოკუმენტებს და გაეცინა - მე კი გიცნობ, მაგრამ "სპარტაკს" ვგულშემატკივრობო. ეს იმას ნიშნავდა, ფული მომეციო. ეს იყო ყველაზე დიდი გართულება.

"ლოკომოტივის" ბიჭებთან კარგად ვიყავი. აქცენტით ვლაპარაკობდი და სულ ეცინებოდათ. ისე, რომ იცოდეთ, რუსეთში თითქმის ყველა ფეხბურთელი სვამს. მაგრამ იცოდნენ, თამაშამდე როგორ მოქცეულიყვნენ. იქ ისეთი კლიმატია, სმა ბუნებრივია...

ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს. ქორწილში და დაბადების დღეზე თუ მოვხვდებით, ვფიქრობთ, იმდენი არ დავლიოთ, ხალხში რომ შევრცხვეთო. ისინი პირიქით, თუ არ გაითიშებიან, იმას სმას არ ეძახიან.

სიომინიც მაგრად სვამდა, მაგრამ 1994 წლამდე. მერე მხოლოდ ღვინოზე გადავიდა. ამით ოლეგ რომანცევი გამოირჩეოდა. 3-4 ჭიქა რომ არ დაელია, თამაშზე ვერ გავიდოდა - მხოლოდ ასე აზროვნებდა...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 9 /
9 თამაში ითამაშა ნაკრებში მაგრამ ჯიგრიანად ბურთაობდა და ზაზას კარგი თამაში არასდროს დამავიწყდება. რაც მთავარია კარგი კაცია
madloba zazas
12:33 14-01-2014
0
მაგარი კაცი, ნაღდი ქართველი!
gukito
15:27 06-01-2014
1

სიახლეები პოპულარული