"თვეში 10 000 მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ, მაგრამ..."

AutoSharing Option
...1980 წლის 26 მარტს საბჭოთა კავშირის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს შეხვდა. ამ დღეს შედგა თენგიზ სულაქველიძის დებიუტი საბჭოელთა შემადგენლობაში და მურთაზ ხურცილავას შემდეგ ქართველებიდან ყველაზე ბევრჯერ მოირგო ამ ნაკრების ფორმა.

ეს ძალიან რთული და პრობლემური იყო, თუკი რუს ან უკრაინელ კონკურენტს ქართველი ორი თავით არ სჯობდა.

თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა თავისი წარსულიდან საინტერესო ამბებს იხსენებს...

სამჯერ მარადონას წინააღმდეგ
- მარადონას წინააღმდეგ სამჯერ ვითამაშე: ორჯერ - საბჭოთა ნაკრებში, ერთხელაც თბილისში, ამხანაგურ შეხვედრაში.

აქ ხისტად ვეთამაშებოდი და ბევრმა მკითხა,
რას ერჩოდიო. მას კი არ ვერჩოდი, როგორც ყოველთვის, მოედანზე მონდომებული გავედი და მაინტერესებდა, რა შემეძლო ამ ასაკში...

მარადონამ გამაოცა, ისე კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში ახალგაზრდები გავიყვანეთ და მაინც გადაგვირბინეს.

მატჩის ორგანიზატორმა ნიკო პატარქალიშვილმა ჩემსა და საშა ჩივაძეზე უთხრა, ამათ შენ წინააღმდეგ უთამაშიათო. შევნიშნე, ვერ გაგვიხსენა. ისე გვიყურებდა, თითქოს ამბობდა - ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ახალგაზრდობაო...

Sportall.Ge

როგორ მოხსნეს მალოფეევი
- მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დანიელებს შევხვდით. მაშინ ნაკრებს ედუარდ მალოფეევი ავარჯიშებდა და მინსკის "დინამოდან" ბევრი მოთამაშე დააწინაურა, ქართველებს კი არ გვწყალობდა.

დანიელებში აშკარად გამოირჩეოდა ელკიაერ-ლარსენი, რომელთანაც ყველაზე მეტად გამიჭირდა. მე, პირადად, ფიზიკურად ასეთი ძლიერი მოთამაშე არ მინახავს. კოპენჰაგენში 4:2 წავაგეთ და მატჩის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებულებს, კრება მოგვიწყვეს. დიდი ამბავი ხდებოდა, მთავრობიდან და სპორტკომიტეტიდან მოვიდა ხალხი.

ფიზიკურად მეც ძლიერი ვიყავი და ხშირად მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშის "ჩაკეტვა" მევალებოდა. მალოფეევს ამიტომაც ჰკითხეს, ელკიაერ-ლარსენი თუ ასეთი მაგარი იყო, სულაქველიძე პერსონალურად რატომ არ დაუყენეთო. რა დავალება, თამაშამდე თქვა, ლარსენი თამაშობს და ელკიაერი არ იქნებაო - ისინი სხვადასხვა მოთამაშეები ეგონა.

მაინც უტიფრად თქვა, სულაქველიძე როგორ არ დავუყენე, მაგრამ ვერ "ჩაკეტაო". აშკარად ხელებს მაწმენდდა და ვთქვი - იტყუება, ასეთი დავალება არ მოუცია-მეთქი. რომც ეთქვა, მაშინ დანიელი თავდამსხმელი ისეთ ფორმაში იყო, ვერავინ გააჩერებდა. დასაევმა, ბლოხინმა და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ამიბა მხარი.

მალოფეევი აღარ მიწვევდა, საჩემპიონატო განაცხადიც მან შეავსო და მსოფლიოს ჩემპიონატი გამომატოვებინა, მანამდე კი თავად მოხსნეს და ვალერი ლობანოვსკი დანიშნეს. არადა, მაშინ მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენტი არც მყავდა...

Sportall.Ge

ლობანოვსკის საჩუქარი და უჩვეულო შეთავაზება
- 1988 წელს, როცა 32 წლის ვიყავი და კარიერას ვამთავრებდი, ლობანოვსკიმ ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა. მანამდე, შესარჩევ ციკლში, ისლანდიასთან ვაგებდით და პირველი ტაიმის დასრულებამდე 15 წამით ადრე ანგარიში გავათანაბრე. ეტყობა, არც ეს დამივიწყა და არც ძველი დამსახურებები.

ლობანოვსკი ძალიან მაფასებდა, ევროპის ჩემპიონატზე 2 მატჩი მათამაშა და ვერცხლის მედალიც ჩამოვიტანე. სხვათა შორის, მასაც ძალიან სურდა ჩემი და საშა ჩივაძის წაყვანა და ბესკოვსაც, მოსკოვის "სპარტაკში". რუსები თვეში 10 ათას მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ.

იმ პერიოდისთვის ეს ზღაპრული პირობები იყო. თბილისის "დინამოში" მაშინ 250-300 მანეთს ვიღებდით, მოგებაზე კი პრემია 100 მანეთი იყო, ბინას და მანქანას გვაძლევდნენ. ესეც ნოდარ ახალკაცის დამსახურება იყო, თორემ ჩვენამდე ეს პირობებიც სანატრელი ჰქონდათ...

მაგრამ მაშინ კონკურენტ გუნდში წასვლა სირცხვილი იყო და დაუფიქრებლად უარს ვამბობდით.

ალბათ, დღეს ამაზე ბევრს გაეცინება, მაგრამ დრო უკან რომ მიბრუნდეს, იმავეს გავაკეთებდი - იმიტომ, რომ თბილისის "დინამო" ჩემთვის მსოფლიოში პირველი გუნდი იყო და დღემდე ასეთად რჩება. მოსკოვსა და კიევში შეპირებული უზარმაზარი ხელფასებიც ვერ გადაწონიდა იმ დიდ სიყვარულს, რასაც საქართველოში ხალხისგან ვგრძნობდით.

ეს უბრალო სიტყვები არაა, ასეთი აზრებით ვცხოვრობდით.

Sportall.Ge

გაცილება... სატვირთო მანქანით
- ვალერი ლობანოვსკი კიევის "დინამოში" რომ დაბრუნდა, ძველი თაობის გამორჩეულ ფეხბურთელებს საბჭოთა პერიოდში სათანადო პატივი ვერ მივაგეთო და ახალი "მერსედესებითა" და 200-200 ათასი დოლარით დააჯილდოვა.

ასე დააფასეს ვეტერანები. თბილისის "დინამოში" კი ცუდი ტრადიცია იყო დამკვიდრებული - მოთამაშე უნდა გაეგდოთ, იშვიათად, რომ ვინმე საკუთარი ნებით წასულიყო. მე და რამაზ შენგელია კი მართლა საკუთარი ნებით წავედით.

მაგრამ უცნაურად გაგვაცილეს - "პლაშჩები" ჩაგვაცვეს, სატვირთო მანქანით სტადიონზე წრე შემოვარტყით და... დამთავრდა კარიერა... სამარცხვინო იყო... გული დაგვწყდა, რადგან ღირსები ვიყავით, ნორმალური გაცილება და დასამახსოვრებელი საღამო მოეწყოთ. ერთი ბანკეტიც არ გაუკეთებიათ.

ჩემზე არაფერს ვიტყვი, რამაზი ხომ ნამდვილად იმსახურებდა გაცილებით მეტს - ქართველებიდან ყველაზე მეტჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად...

1988 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე, ჯანი კიდევ მქონდა, მაგრამ დროული წასვლა ვამჯობინე. მაგრამ არასწორი დამოკიდებულება იყო - 30 წელს მიახლოებულს უკვე "ბებერს" ეძახდნენ. ფეხბურთელი პასპორტით არ უნდა შეაფასო, თუ ფორმაშია, გამოიყენე, რა! ახალგაზრდაც, შემადგენლობაში ნიჭით უნდა მოხვდეს და არა ასაკის გამო. არადა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატიდან ჩამოსულს, 26 წლისას, უკვე მესმოდა - სულაქველიძე ვეტერანიაო და გული მიკვდებოდა...

პირველი ქართველი ლეგიონერები
- "დინამოდან" გაგვაცილეს და 1989 წელს შვედეთიდან მოწვევა მოვიდა. მე და რამაზი "ჰოლმსუნდში" გადავედით, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობდა. საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა, უცხოეთში გასვლები დაიწყო და ასე გავხდით პირველი ქართველი ლეგიონერები მე და შენგელია.

"ჰოლმსუნდი" ნახევრადპროფესიული კლუბი იყო, მაგრამ 2 ათასი დოლარი დაგვინიშნეს. "დინამოც" კმაყოფილი დარჩა, რადგან კლუბმა ამ ტრანსფერებში "ვოლვოს" ავტობუსი მიიღო, 3 თუ 4 წელი კი შვედები გუნდს "პუმას" ეკიპირებით ამარაგებდნენ.

...შვედეთის პირველ ლიგაში მაღალი დონე არ იყო და იოლად შევეგუეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავით, რადგან ფეხბურთიდან, ფაქტობრივად, წასულები ვიყავით და აქ სამსახურებიც ვერ ვიშოვეთ. იქიდან დაბრუნებულებიც ლამის ერთი წელიწადი უმუშევრები დავდიოდით.

კიდევ კარგი, ქვეყანამ და ფეხბურთის ფედერაციამ დამოუკიდებლობა მოიპოვა - ნოდარ ახალკაცმა დაგვასაქმა მე, ჩივაძე, შენგელია, კოსტავა, გაბელია, მუჯირი და იმ პერიოდისთვის საკმაოდ ნორმალურ ხელფასსაც ვიღებდით, თორემ, კაციშვილი არ იყო ჩვენი პატრონი.

Sportall.Ge

რამაზი მაგრად დამაკლდა
- მე, თამაზ კოსტავა, რამაზ შენგელია და ზაურ სვანაძე ქუთაისში ერთად გავიზარდეთ და ფეხბურთშიც თითქმის ერთად მოვედით. რამაზისთან მაინც განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა: მეზობლადაც ვცხოვრობდით, ნაკრებშიც ლამის ერთად მიგვიწვიეს და - უცხოეთშიც.

ბავშვობაში რამაზს ქუჩისკენ ჰქონდა მიდრეკილება, მაგრამ ფეხბურთმა გვიშველა. მოედანზე მსგავსი ღირსეული საქციელით ბევრი მოთამაშე არ გამოირჩეოდა. რასაც რამაზს ფეხებში ურტყამდნენ, წესით, ბევრჯერ პასუხი უნდა დაებრუნებინა, მაგრამ თავშეკავებული გახლდათ და საკუთარ თავს გუნდზე მაღლა არ აყენებდა.

"ტორპედოში", "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთად ვთამაშობდით და მისი უხეშობა არ მახსენდება.

ამ დონის თავდამსხმელი არა მხოლოდ საქართველოში, მთელ პოსტსაბჭოეთში ერთი ანდრეი შევჩენკო თუ იყო. ამიტომაც მიხარია, "საბურთალომ" გლდანში, "ამერის" სტადიონს რამაზის სახელი რომ უწოდა. მე თუ მკითხავთ, შენგელიამ საქართველოსთვის იმდენი გააკეთა, თბილისში მისი სახელობის ქუჩაც უნდა იყოს.

რამაზი ძალიან დამაკლდა... არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, დიდი პიროვნებაც იყო.

ნიჩბოსნობაზე
- მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, 8 და-ძმა ვიყავით. 15 წლის იყო ჩემი ძმა, რიონში რომ დაიხრჩო. ამის გამო, პატარაობიდანვე ცურვა ისე კარგად მასწავლეს, რომ 6 წლისა უკვე მაგრად ვცურავდი.

ჩემს სახლთან ახლოს ნიჩბოსნობის ბაზა იყო და ეს სახეობა ისე მომწონდა, 13 წლამდე აკადემიურ ნიჩბოსნობაზე დავდიოდი და ჩემს ასაკში რამდენჯერმე ქალაქის ჩემპიონიც გავხდი. პარალელულად, ფეხბურთზე დავდიოდი და ბევრსაც ვცურავდი.

ნიჩბოსნობაში საჭიროა ფეხის, ხელისა და წელის სინქრონული მოძრაობა, ხერხემლისთვისაც კარგია და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი გამხადა.

მაგრამ, ეს ჩემთვის გართობა იყო, ფეხბურთი კი უზომოდ მიყვარდა და სკოლასა და ეზოშიც სულ ვთამაშობდი.

თევზაობა და ნადირობაც მიყვარს. ერთხელ დათვზე სანადიროდ წავედით, მაგრამ ბოლომდე არ გავყევი - სუფრა გაიშალა და ვიფიქრე, დათვს შევაკლა თავი-მეთქი?

Sportall.Ge

ივარჯიშეთ კედელთან!
- ტექნიკური ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრს ვშრომობდი და, რაც მთავარია, სწორი მიმართულება მომცეს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და გამიმართლა კიდეც, რადგან "ტორპედოში" გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდა, "დინამოში" კი - ნოდარ ახალკაცი. მათ ბევრი რამ მასწავლეს.

შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა ვარჯიშის შემდეგ ნახევარი საათი და ხან მთელი საათიც ვრჩებოდი ბაზაზე და სხვადასხვა ილეთს ვსწავლობდი. განსაკუთრებით ბევრს ვვარჯიშობდი "კედელთან", ტექნიკური პრობლემები რომ მომეგვარებინა. მართლაც, ამ ვარჯიშებით გავაუმჯობესე ბურთის მიღება, ჩამოღება, დამუშავება... ამისთვის "გრეჰეთბოლიც" კარგია.

საბოლოოდ, ამ შრომამ შედეგიც გამოიღო. ჩემზე არავინ ამბობდა, ტექნიკური ფეხბურთელიაო, მაგრამ თამაშში ბევრად მოვუმატე და გუნდისთვის გაცილებით სასარგებლო გავხდი...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთი სიტყვით კარგი ფეხბურთელი. თუმცა ბევრისგან ძალიან ცუდი მსმენია მის სკოლაზე და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. თ ეს ასეა ბავშვთა ფეხბურთს აშკარად არ რგებს.
დავითა
15:17 19-01-2014
0
ჭომა მაგარი ხარ ძმაო,ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს ჯანმრთელი და ბედნიერი.
ქუთაისელი
15:39 19-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული