მიზეზი ის არის, რომ ამ გუნდში ქართული ფეხბურთის მომავალი თამაშობს - მეკარე გაბი თებიძე, 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი საყრდენი დაჩი ცნობილაძე რუსთავის "მეტალურგს" დაუბრუნდა, გიორგი კიკნაძე, გიორგი არაბიძე, ცოტნე მესხი, ლუკა ზარანდია...
ახლა მათ ზაფხულში ქუთაისის "ტორპედოში" გადასული, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრების წევრებიც დაემატნენ - ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, დავით ჯიქია.
მათე ცინცაძე თბილისის "დინამოში" გადავიდა, ნიკა ახვლედიანი
"ბიჭებმა გადავწყვიტეთ, რომ "ლოკომოტივში" დავრჩეთ და ერთად ვითამაშოთ, რათა მაისამდე შვეიცარიაში გასამართ 19-წლამდელთა ელიტრაუნდს კარგად მომზადებულები და შეთამაშებულები შევხვდეთ", - გვითხრა 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ.
თბილისის "ლოკომოტივი" 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ დეკემბერში ჩაიბარა. მასთან მუშაობს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანიც. "ლოკომოტივში" საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს და იმავე ნაკრებების მწვრთნელებს მათი კარგად მომზადების შანსი აქვთ.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მალე 19-წლამდელთა ნაკრების საბაზო კლუბი ესპანეთში შეკრებაზე გაემგზავრება და იქ საკონტროლო მატჩებს გამართავს: 28 იანვარს მისი პირველი მეტოქე "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი იქნება.
დაგეგმილია შეხვედრები შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან". ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებს.
ვერაფერს იტყვი, მშვენიერი მეტოქეებია გუნდისთვის, სადაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრები თამაშობენ. ასეთი მატჩები მათ აუცილებლად წაადგებათ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"