როცა შენი გუნდი "ბარსელონას" შენი გოლით მოუგებს - ინტერვიუ დავით ჯიქიასთან

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი 1:0 დაამარცხა, თუმცა მეორე სპარინგ-მატჩში ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" თავად დამარცხდა - 1:3. ბარსელონელ თანატოლებთან შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი დავით ჯიქია გახლდათ.

იხილეთ: თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანეთში "ბარსელონა" (U19) დაამარცხა [VIDEO+PHOTO]

დათოს ესპანეთში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით:

- პირველი ტაიმი ცოტა არეულად დავიწყეთ და თავიდან უპირატესობა "ბარსელონას" ჰქონდა. ეს იმის ბრალიც იყო, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და შეთამაშების პრობლემა გვაქვს, მაგრამ დაცვაში კარგად ვიდექით და, რაც მთავარია, გოლი არ გავუშვით.
მეორე ტაიმში კი თამაშის ხარისხი აშკარად გამოვასწორეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კატალონიელებს ვაჯობეთ კიდეც. გამარჯვების გოლიც გავიტანეთ.

- სასიამოვნო განცდაა, გაუტანო თუნდაც "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს?
- რა თქმა უნდა. მით უფრო სასიამოვნოა, როცა ამ გოლით შენი გუნდი "ბარსელონას" უგებს. ეს გოლი ბიჭების დამსახურებაა და ამისთვის დიდი მადლობა მათ.

- სხვათა შორის, გოლი "ბარსელონას" სტილში გაიტანეთ - სწრაფი, ტექნიკური და ლამაზი კომბინაციით...
- ასე იყო და, როგორც ჩანს, ამ სტილში თამაში და გოლის გატანა ჩვენც შეგვძლებია.

- მთავარია ელიტრაუნდში წარმატებული გამოსვლა. ასეთი თამაშები ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებაში დაგეხმარებათ...
- ცხადია, დაგვეხმარება, "ბარსაში" ხომ დაახლოებით ჩვენი ასაკის ფეხბურთელები იყვნენ. დარჩენილ თამაშებში კიდევ უფრო მეტ გამოცდილებასა და სასარგებლო პრაქტიკას მივიღებთ. "ოდ გრენლანდსაც" გავუტანე.

"ლოკომოტივის" პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ კარგი სპარინგებისა და შეკრების ორგანიზება მოგვიხერხა. ასეთი შეკრებებით ქართული გუნდები განებივრებულები ნამდვილად არ არიან.

- 19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრი "ლოკომოტივში" დაბრუნდით. არადა, დარწმუნებული ვარ, სხვა კლუბებიდანაც გექნებოდათ მიწვევები. რატომ დათანხმდით "ლოკომოტივში" თამაშს და არა სხვა კლუბში?
- გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ ასე გადავწყვიტეთ. "ლოკომოტივში" იმიტომ დავბრუნდით, რომ უფრო მეტად შევთამაშებულიყავით, ერთად მოვმზადებულიყავით, გამოგვესწორებინა მინუსები და ელიტრაუნდამდე თამაში დაგვეხვეწა.

- 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თქვენს თაობაზე დიდ იმედებს ამყარებენ. გულწრფელად თქვით, სლოვენიის შემდეგ წინსვლას თუ გრძნობთ?
- ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენს თაობაზე ამხელა იმედებს ამყარებენ. ეს დამატებითი სტიმულია. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ვუმატებთ, იმიტომ, რომ ვვარჯიშობდი მართლაც კარგ მწვრთნელებთან - გიორგი ჩიტაურთან, გუბაზ დოლიძესა და ვასილ მაისურაძესთან.

საერთოდ, ვისთანაც ერთხელ მაინც მივარჯიშია, იმავე ჟერარდ სარაგოსასთან, რაღაც ვისწავლე. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, შრომა არ დავაკლო და, რა თქმა უნდა, არც დავაკლებ.

მიზანი 2018 წლის მუნდიალზე თამაშია
ესპანურ შეკრებაზე მყოფი თბილისის "ლოკომოტივი" მორიგ შეხვედრას 5 თებერვალს ჩაატარებს. კლუბის მენეჯერ თამაზ ბოკერიას თქმით, გუნდი სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ერკულესს" ეთამაშება. ის შეკრებაზეც გველაპარაკა.

"ქართული ფეხბურთისთვის ლექსო თოფურია შეუფასებელ საქმეს აკეთებს. ფაქტობრივად, მან ვასილ მაისურაძეს საშუალება მისცა, ელიტრაუნდისთვის სანაკრებო კანდიდატები "ლოკომოტივში" მოემზადებინა. გუნდში კი 19-წლამდელთა გუნდის 12-მდე კანდიდატია.

ლექსოს სურვილია, ნაკრების რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი იყოს ერთად თავმოყრილი, რაც მათ შეთამაშებაში ერთიორად დაეხმარება. ამის მაგალითია აბურჯანიას ტრანსფერიც.

ეს სპარინგ-მატჩები ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან სასარგებლოა. პოლონურ და ნორვეგიულ კლუბებთან შეხვედრების შემდეგ მათ დაინახეს, რომ კაცებთანაც შეიძლება ტოლ-სწორად დაპირისპირება და ხშირ შემთხვევაში, მეტოქეებზე კარგადაც გამოიყურებოდნენ", - ამბობს ბოკერია.

"ლოკომოტივის" მენეჯერი "ბარსელონასთან" თამაშზეც გველაპარაკა და კლუბის პრეზიდენტის აქამდე უცნობი ჩანაფიქრიც გაგვანდო:

"მატჩის ორგანიზებაში "ტორპედოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა დაგვეხმარა. ბარსელონაში გვერდიდან არ მოგვშორებია. ვარჯიშსაც დაესწრო, თამაშსაც, ჩვენი მოგებით კმაყოფილი იყო და მაისურაძესა და დევდარიანს გამარჯვება მიულოცა.

საერთოდ, კატალონიელებთან მოგებით ყველა სასიამოვნოდ გავაკვირვეთ. მატჩი სამჯერ აჩვენა "ბარსა TV"-მ, რადგანაც ამ "ბარსელონამ" 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. ყველას ეგონა, რომ ადვილად დაგვამარცხებდნენ, მაგრამ გოლი რომ გაუშვეს, ანერვიულდნენ.

მათი მწვრთნელი ხშირად აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას, თამაშის მერე კი ძალიან დამწუხრებული იყო. შეხვედრას "ბარსას" ხელმძღვანელობაც დაესწრო, მათ შორის - ლეგენდარული მეკარე ანდონი სუბისარეტა.

სხვათა შორის, ვასიკო მაისურაძე ესპანელებთან ჯერჯერობით დაუმარცხებელია - მისმა ნაკრებმა ესპანეთთან ორჯერ ფრედ ითამაშა, ახლა კი "ბარსელონა" დაამარცხა. ამას თავად ესპანელებიც აღნიშნავდნენ.

5 თებერვალს "ერკულესს" ვეთამაშებით, რაც ამ ბიჭებისთვის კიდევ ერთი დიდი გამოცდა იქნება. დახმარება და თანადგომა სჭირდება ლექსო თოფურიას და იმ ერთეულ ბიზნესმენებს, ეს ნიჭიერი თაობა რომ გაიზარდოს და მერე, 2018 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეიძლება ფიქრი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენკაცობას გაუმარჯოს ღმერთმა რომ ასე ფიქრობ და აკეთებ ამ ნიჭიერ ბიჭებზე და სამშობლოზე ზრუნავ გაიხარე ღმერთმა გაგიმარჯოს შენისთანას მისცეს ფულიც და შესაძლებლობაც ძალიან გამიხარდა რომ ასეთი ჯიგარი ქართველი გამოჩნდა და ამ ბიჭებს ასეთ ყურადღებას აქცევს ღმერთმა გაგიმარჯოს.
Ermile
16:21 05-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული