დინამო-ჩერნომორეცი 1:0 - ჩაშლილი მატჩი და ნავსიანი შეკრება [VIDEO]

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" 6 თებერვალს მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა: მალხაზ ჟვანიას გუნდის მეტოქე ამჯერად ოდესის "ჩერნომორეცი" იყო.

"ჩერნომორეცს" პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ უკრაინის ჩემპიონატში V ადგილი უკავია, თუმცა მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ კიევის "დინამოსა" და "მეტალისტს" თითო-თითო ქულით ჩამორჩება, მეოთხე ადგილზე მყოფ "დნიპროს" კი - მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით.

ამას გარდა, ოდესელთა გუნდმა წარმატებით დასძლია ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი და 1/16-ფინალში ფრანგულ "ლიონს" დაუპირისპირდება.

"ჩერნომორეცს" უკვე მეოთხე სეზონია რომან გრიგორჩუკი წვრთნის. გუნდში მრავლად არიან ლეგიონერები, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილი კოტდივუარელი
თავდამსხმელი ფრანკ ჯა ჯეჯე გახლავთ - ამ 27 წლის შემტევს კარიერის განმავლობაში საფრანგეთის პირველი და მეორე დივიზიონების არაერთ გუნდში ("პსჟ", "გრენობლი", "სტრასბური", "ვანი", "არლი", "ნიცა") უასპარეზია.

"ჩერნომორეცის" ლეგიონერთა გეოგრაფია სულ ახლახან კიდევ გაიზარდა: სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი!

ჰოდა, ბედის ირონიით, "ჩერნომორეცი"-"დინამოს" საკონტროლო მატჩის 62-ე წუთზე სწორედ ოქრიაშვილის შეცვლის მერე... ჩაიშალა კიდეც ეს სპარინგი!

მოკლედ, მართლაც დანავსული უცხოური შეკრება გამოუვიდა "დინამოს": პოლონურ "პოდბესკიძიესთან" პირველ საკონტროლო მატჩში ტრავმები მიიღეს და შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუწიათ ოთარ კაკაბაძეს, დავით ხურცილავასა და გიორგი მერებაშვილს.

ამის მერე იყო მორიგი საკონტროლო მატჩი ხორვატულ "ჰაიდუკთან", სადაც ტრავმების გამო მოედანი გუნდის კაპიტანმა გიორგი ლორიამ და ცენტრფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ დატოვეს. ასეთი საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, არც ის გაგვკვირვებია, როცა "დინამო" მომდევნო სპარინგში დამარცხდა ჩეხურ "მლადა ბოლესლავთან"...

და აი, მორიგი საკონტროლო მატჩის დროც დადგა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ამ თურქულ შეკრებაზე "დინამო" პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 62-ე წუთზე მატჩი ჩაიშალა! თურმე, ნუ იტყვით და, უკრაინული გუნდის ქართველი ლეგიონერის, თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე "ჩერნომორეცის"... ერთ-ერთი მწვრთნელი სტეფან მატვეევი გამოსულა!

"დინამოს" მიმართ გამოჩენილი ასეთი უპატივცემულობის გამო დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ, პროტესტის ნიშნად, თავისი გუნდი მოედნიდან გაიყვანა და, ჩვენი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო!

საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე 6 თებერვალს საინტერესო კომენტარიც ამოვიკითხეთ, რომელიც "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ ამ სპარინგ-მატჩის ორგანიზატორს, წარსულში ცნობილ თურქ ფეხბურთელს, წლების განმავლობაში "ანტალიასპორის" კაპიტანსა და დღესდღეობით "ფანატიკ ტურის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ქადირ არიქანს ჩამოართვა:

"მატჩი ნორმალურად მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 20-25 წუთით ადრე, როცა ანგარიში 1:0 იყო "დინამოს" სასარგებლოდ, "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შემდეგ მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად მოედანზე სათამაშოდ ერთ-ერთი მწვრთნელი გამოვიდა.

ეს ფაქტი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მხრიდან სამართლიანად შეფასდა, როგორც მეტოქის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. "დინამო", რომელსაც ასეთი ტრადიცია, სახელი და ისტორია აქვს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს; "ჩერნომორეცს" კი, რომელიც უკრაინის ჩემპიონატში და ევროპის ლიგაში გამოდის, ასეთი საქციელი არ ეკადრება.

"ჩერნომორეცის" მხრიდან იმის მომიზეზება, რომ სხვა ფეხბურთელი არ ჰყავდათ, არასერიოზულია; ხოლო კიდევ ერთი შეთავაზება, რომ... "დინამოს" ფეხბურთელი დაემატებინათ, საერთოდ, ცინიზმადაც შესაძლოა შეფასდეს.

ამ სპარინგ-შეხვედრას ფეხბურთის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ, რომელთათვისაც "დინამოს" გადაწყვეტილება სავსებით გასაგები და მისაღები იყო.

როგორც ჩემთვის ცნობილია, "ჩერნომორეცის" პრეზიდენტი მომხდარით შეწუხებულია და ბოდიშს უხდის დინამოელებს".

ასევე იხილეთ: ქართველებმა ჯერ დაიგვიანეს, შემდეგ ტრავმირებული ოქრიაშვილი არ შეგვაცვლევინეს

ახლა კი მოკლედ იმ დაუმთავრებელ სპარინგ-მატჩზეც, რომელშიც "დინამომ" კვლავაც არაოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა.

წინა სამი საკონტროლო შეხვედრის მსგავსად, მალხაზ ჟვანიამ თავისი გუნდი კვლავაც 4-3-3 ტაქტიკური განლაგებით ათამაშა: კარს ნიკა დაუშვილი იცავდა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე (ისევე, როგორც "ჰაიდუკთან" და "მლადა ბოლესლავთან" შეხვედრაში) გიორგი პაპავა მოქმედებდა, მარცხნივ - გუნდის კაპიტანი დავით კვირკველია, დაცვის ცენტრში კი გიორგი გველესიანისა და გიორგი რეხვიაშვილის დუეტი.

ნახევარდაცვაში, ირაკლი ძარიასთან ერთად, გუნდის ახალწვეულები - მათე ცინცაძე და გიორგი ჯანელიძე მოქმედებდნენ, შეტევაში მარჯვნიდან ჩისკო ირჯებოდა, მარცხნიდან - ტრავმამოშუშებული ირაკლი მოდებაძე, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი - პატრიკ ვუო.

შესვენების შემდეგ "დინამოში" ერთი ცვლილება მოხდა: 46-ე წუთიდან თამაშში ჩაერთო გიორგი ხიდეშელი, რომელმაც გიორგი რეხვიაშვილი შეცვალა.

ამ დაუმთავრებელი მატჩის ერთადერთი გოლი კი 54-ე წუთზე გავიდა, როცა ჯანელიძესა და ჩისკოს წამოწყებული კომბინაცია ირაკლი ძარიას ზუსტი დარტყმით დამთავრდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წესით, "დინამოს" მხოლოდ ერთი სპარინგიღა უნდა ჩაეტარებინა თურქეთში, მაგრამ ჩაშლილმა შეხვედრამ ჩვენი გუნდის მზადების პროცესში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ანუ, იმის გარდა, რომ 10 თებერვალს უზბეკეთის გუნდს, ფერგანის "ნეფთჩის" უნდა წაესპარინგოს, სამშობლოში გამომგზავრებამდე "დინამო", სავარაუდოდ, კიდევ ერთ საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული