ნიკა ტოგონიძე: ქართულ ფეხბურთს რომ მომავალი აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარეს, "სინათლის ქალაქის" დირექტორ ნიკა ტოგონიძეს ქართულ ფეხბურთსა და ეროვნულ ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი ვთხოვეთ.

"თავის დროზე, საქართველოს ნაკრების მაღალი დონის გუნდად ჩამოყალიბება შეიძლებოდა. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ყველა პოზიციაზე ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები გვყავდა - მეკარეებითა და კახა ცხადაძით დაწყებული, შოთა არველაძით დამთავრებული.

კარგად მახსოვს, ბევრ ჩვენიანს რუსეთში წასვლა არ სურდა, მაღალი დონის ევროპულ ლიგებში სურდათ კარიერის გაგრძელება. ასეც იყო - "მილანში", "აიაქსში", "მანჩესტერ სიტიში", "აინტრახტში", "ნიუკასლში", კიევის "დინამოში", "ეინდჰოვენში", "ტრაბზონში", "სოსიედადში", "დანდისა" და სხვა
ცნობილ კლუბებში თამაშობდნენ ქართველები.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ "ალანიამ" რუსეთის ჩემპიონობას ჩვენების დახმარებით მიაღწია. რუსეთსა და უკრაინაში სულ მოწინავეებში ვიყავით - საუკეთესო ბომბარდირები, ამპლუის მიხედვით გამორჩეულები... ინგლისი ქინქლაძეზე გიჟდებოდა, ჰოლანდია და თურქეთი - არველაძეზე...

1996 წელს ბათუმში მოლდოვის ნაკრებთან მატჩს "არსენალში" ახალდანიშნული არსენ ვენგერი დაესწრო. ის სამ ქართველს აკვირდებოდა...

ზოგჯერ, ნაკრების სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები ხვდებოდნენ, მიკვირდა ხოლმე...

თუმცა მაღალი დონის ნაკრების ჩამოყალიბება მაინც ვერ მოვახერხეთ. მიზეზი მრავალია და მათ ჩამოთვლას ვერ და არ დავიწყებ. ხელი ბევრმა ფაქტორმა შეგვიშალა - დრომ, გარემომ, პირობებმა... ეტყობა, მოტივაციაც გვაკლდა და გული მწყდება, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელები ტიტულის გარეშე დარჩნენ.

ფეხბურთი წვრილმანებისგან შედგება. სამწუხაროდ, დღეს ისეთი დონის მოთამაშეები აღარ არიან. ამას მოწმობს თუნდაც ის, თუ რომელ კლუბებში თამაშობენ ქართველები. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნა შემცირდა - რუსეთსა და უკრაინას ვინ ჩივის, ყაზახეთშიც აღარ იწვევენ ჩვენს მოთამაშეებს. ამიტომ, დღეს განსაკუთრებული შედეგის მოთხოვნა გაუმართლებელია", - ამბობს ტოგონიძე.

ნაკრების ყოფილი მეკარე არსებული ვითარებიდან გამოსავალზეც ლაპარაკობს:

"ქართულ ფეხბურთში საიმედო თაობები მაინც მოდიან, რაც ვასიკო მაისურაძის, გიორგი დევდარიანისა და გია ცეცაძის ასაკობრივმა ნაკრებებმაც დაამტკიცეს. მაგრამ საქმეს ჭორაობა და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა არ უშველის.

მთავარია, სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის ტანდემი შედგეს, გაანალიზდეს ვითარება, დაიწეროს პროგრამა და განხორციელდეს, თორემ მარტო ლაპარაკით დავიღლებით და საქმეც წინ ვერ წავა.

ფედერაციისა და კლუბების მეპატრონეებთან პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრამ დამაიმედა. პრობლემებში ჩემზე უკეთ ამ შეხვედრების მონაწილეები ერკვევიან. წლებია, ისინი შიდა სამზარეულოს იცნობენ და ამ ყველაფერში კარგად არიან გათვითცნობიერებულები. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა, ძალიან სასიხარულოა, წინ გადადგმული ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ლაპარაკად არ დარჩება.

ქართველების უმრავლესობას ფეხბურთის დაკნინება ადარდებს. მაგრამ მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ხვალ ვინმე ვარსკვლავებს მოწყვეტს, ილუზიაა. წარსულით ცხოვრება არ ღირს, მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

პროგრამაში ათასგვარი ნიუანსი და აზრია გასათვალისწინებელი. ამიტომაა აუცილებელი სახელმწიფო კომისიაში ვეტერანების, მენეჯერების, იურისტების, კლუბების მეპატრონეების შეყვანა. კარგია, სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ერთად რომ დასხდნენ და საკითხის განხილვა დაიწყეს.

პროგრამა თუ დამტკიცდება, სამწლიანი იქნება თუ ხუთწლიანი, უნდა მისდიოს და შეასრულოს ფედერაციის ნებისმიერმა ხელმძღვანელმა.

აქ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ქართულ ფეხბურთს რომ მომავალი აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკა ბატუმს უყვარხარ და ახსოვხარ
velodi
04:47 16-02-2014
0
პატივს ვცემ ამ ბიჭს ნიჭიერი ტაობის წარმომადგენელი იყო გული მწყდება რომ იმ თაობამ ვერ შეძლო გაერღვია ის ყინული რაც ჩვენს ფეხბურთშია რაც საბჭოთა კავშირიდ დაიშალა წარმატებები ჯიგარო უფალმა ხელი მოგიმართოს
vendeta
22:22 15-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული