კახა გოგიჩაიშვილი: ყველაფრის თავიდათავი ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტია

AutoSharing Option
ახლო წარსულში ის საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მარჯვენა ფლანგის შემტევი იყო. რაკეტასავით სწრაფი, მეტოქეთა მცველებს ხშირად აწიოკებდა, მაგრამ, ისევე როგორც მისმა თაობამ, შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა.

კახა გოგიჩაიშვილი ამჟამად თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელია. ვეტერანი ფეხბურთელი საინტერესო ამბებს იხსენებს...

დროში დაკარგულები
- ბევრისგან მსმენია, ნეტავ ნაკრებში დღეს იყვნენ თქვენი დროის ფეხბურთელებიო. მართლა მაგარი ბიჭები გვყავდა - ცხადაძე, შელია, ჭედია, კეტაშვილი, ჯიშკარიანი, რევიშვილი, ქინქლაძე, ჯამარაული, ქეცბაია, გურული, არველაძეები, ჯანაშია, ყაველაშვილი, მერე კალაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე... მაგრამ არასტაბილურები ვიყავით, გუნდი ვერა და ვერ
დაღვინდა.

მიზეზი მაშინდელი გარემოც იყო, იზოლაციით გამოწვეული ოთხწლიანი პაუზაც, ქვეყნის დაქცევაც და ყველანაირი უბედურება...

იმ თაობის ფეხბურთელი ვარ, რომელმაც ყველაფერი ნახა. 1987 წლიდან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში სამი სეზონი ჩავატარე. 1990 წელს დამოუკიდებელი ჩემპიონატი დაიწყო, ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები, "დინამომ" პირველი შეხვედრები ჩაატარა უეფას თასზე, ნაკრებმა კი - შესარჩევ ციკლში. მე ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე ვარ...

კარგად მახსოვს ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო პერიოდი - ოთხი წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი იზოლირებული რომ იყო და საკუთარ წვენში ვიხარშებოდით. ამან ჩემი თაობა მიწასთან გაასწორა. ინგლისი ევროთასებიდან 5 წლით მოკვეთეს და ევროპული საკლუბო ფეხბურთის ლიდერებში დასაბრუნებლად დიდი დრო დასჭირდა...

ცხადია, ღარიბ საქართველოს წელში გამართვა კიდევ უფრო გაუჭირდა. შუქი და წყალი არ იყო, პრობლემა იყო თამაშებზე გამგზავრებაც და ამან ყველა ჩვენგანზე ცუდად იმოქმედა. ჩემზე ლეგენდები დადიოდა - "დინამოში" დიდი ხელფასი აქვსო. არადა, 1650 ლარი დღეს ზოგს პირველ ლიგაში აქვს...

გაურკვევლობის გამო, ბევრმა ფეხბურთს თავი დაანება, ბევრიც რეჟიმიდან ამოვარდა, საწვრთნელი პროცესი ყველა გუნდში დაირღვა... ასე მიილია 4 წელიწადი, ერთ ადგილს ვტკეპნიდით...

არადა, ეს იყო საუკეთესო წლები. ნაკრებში 22-24 წლის ბიჭებს უნდა გვეთამაშა, გამოცდილება დაგვეგროვებინა, შემდეგ ბევრად მეტისთვის რომ მიგვეღწია. სანამ ჩვენ ევროპულ ფეხბურთს ალღო ავუღეთ, ასაკშიც შევედით და ფეხბურთიდან წასვლის დროც დაგვიდგა...

დაკარგული შანსები
- პირველი სერიოზული წინადადება არა რუსული ან უკრაინული, არამედ შოტლანდიური კლუბისგან მივიღე. 1989 წელს თბილისის "დინამომ" დიდ ბრიტანეთში ამხანაგური შეხვედრები გამართა. პირველი მატჩი ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდთან 0:1 წავაგეთ, მეორე - შოტლანდიურ "ჰართსს" 2:0 მოვუგეთ. გოლები მე და კაჭარავამ გავიტანეთ და ორივეს დატოვება მოისურვეს. მაშინ საბჭოთა კავშირიდან ფეხბურთელები უკვე გადიოდნენ, მაგრამ ჩემპიონატი იწყებოდა და პატარა ბიჭს კლუბის დაუკითხავად ვინ გამიშვებდა?..

მეორედ - მოსკოვის "დინამოში" ვალერი გაზაევმა მიმიწვია. ეს ის დროა, როცა უკვე წაიყვანა ომარ თეთრაძე და კახა ცხადაძე.

საქართველოში აჟიოტაჟი ატყდა, რუსეთში როგორ წავიდნენო. ორივე ლამის ერის მოღალატედ გამოაცხადეს და თავი შევიკავე. მერეღა მივხვდი, რომ ეს იყო შეცდომა...

გაზაევთან მუშაობის შანსი 1996 წელსაც მქონდა - "ალანიაში" დამიძახა. ვლადიკავკაზში ჩავედი და წინასწარ კონტრაქტს ხელიც მოვაწერე. ბათუმის "დინამოსთან" პირველი წრის ბოლო შეხვედრა იყო დარჩენილი და რუსეთში მივდიოდი, მაგრამ... 89-ე წუთზე, ჩვეულებრივ სათამაშო ეპიზოდში, მეტოქის ერთ-ერთმა მცველმა ხელი ცუდად მომარტყა, თირკმელები დამიზიანდა და ტრანსფერიც ჩაიშალა. არადა, რუსეთის ჩემპიონატი ტრამპლინი იქნებოდა...

მანამდე, მე და გოჩა ჯამარაული "საუთჰემპტონში" გაგვსინჯეს. ახლა ამას ბევრი ამბობს - კლუბს პირობებზე ვერ შევუთანხმდითო. მაგრამ ჩვენი დატოვება ნამდვილად სურდათ, ეგ იყო, რომ "დინამოსთან" თანხაზე ვერ მოილაპარაკეს.

მერე კვიპროსის ტურნირზე რუმინეთის ნაკრებთან ფრედ ვითამაშეთ და "ანორთოსისში" მიმიწვიეს. სამწუხაროდ, ეს შანსიც გამოირიცხა და საბოლოოდ, ვერსად წავედი - კარიერა საქართველოში დავასრულე.

თითქოს, უიღბლო ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ მაინც ბედნიერად ვთვლი თავს, რადგან პატარა ბიჭი ჩავირიცხე ჩემი ოცნების გუნდში - თბილისის "დინამოში". ბედნიერი ვარ იმიტომაც, რომ საქართველოს ნაკრების პირველი თაობის ფეხბურთელი ვარ და მისი მაისურა 28-ჯერ მეცვა - ეს ძალიან დიდი განცდა, სულ სხვა სტიმული და ბედნიერება იყო.

9 აპრილის შემდეგ
- 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში ფეხბურთი სპორტის ფარგლებს გასცდა და განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. დიღმის ბაზაზე ლამის ყოველდღე დადიოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები - მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი... გულშემატკივრებსაც ხშირად ვხვდებოდით და ჩვენც სხვაგვარად ვიმუხტებოდით.

თბილისის "დინამო" იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომელსაც საბჭოთა კავშირში საქართველოს სახელი ღირსეულად გაჰქონდა. იმ დროს, ჩვენი წარმატება განსაკუთრებულად სჭირდებოდა ქვეყანას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. "დინამოს" წარმატება ხალხზე დადებითად მოქმედებდა, განსაკუთრებით - მოსკოვურ გუნდებთან მოგება. ეს შეხვედრები ფეხბურთზე მეტად ერთგვარი ომი უფრო იყო...

განსაკუთრებით, 1989 წლის 17 მაისს, თასის მეოთხედფინალში მოსკოვის "სპარტაკთან" შეხვედრა მახსენდება. 9 აპრილის შემდეგ თვეზე ოდნავ მეტი იყო გასული და დიდი აჟიოტაჟი ატყდა - წაგება გამორიცხული იყო. მოსკოველები ხედავდნენ ჩვენს ანთებულ თვალებს, ბრძოლის ჟინს და შეშფოთებულები ჩანდნენ. თავიდანვე მიხვდნენ, რომ ეს მათი დღე არ იყო...

ანგარიში კახა ცხადაძემ გახსნა თავური დარტყმით, მეორე ტაიმში პენალტი გავაფუჭეთ, მაგრამ დამატებაზე თემურ ქეცბაია წააქციეს და მსაჯმა იქვე კიდევ ერთი 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც მე გამოვიყენე. მატჩის შემდეგ ისეთი გახარებულები ვიყავით, ამის გადმოცემა შეუძლებელია. სხვათა შორის, იმავე წელს, 9 სექტემბერს, "სპარტაკს" მოსკოვში ჩემპიონატის მატჩიც მოვუგეთ და საქართველო კიდევ ერთხელ გავახარეთ...

მერე მოაბეს კუდები - ქართველების გამო, კრემლი შეშინებული იყო და "დინამოს" მოგება პოლიტბიუროს დონეზე გადაწყდაო. სინამდვილეში, მაშინ "სპარტაკი" და "დნეპრი" იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის და ვინ რას დაგვითმობდა? 1:0 მოვიგეთ და მეამაყება, რომ ეს ერთადერთი გოლი მე გავიტანე. ლამაზადაც გამომივიდა - მოსკოველთა შეტევა გელა კეტაშვილმა ჩაჭრა და ჩვენს ნახევარზე, მოედნის ცენტრთან ბურთს მე დავეუფლე. ხელს არავინ მიშლიდა და წინ წავედი, საჯარიმოსთან იოლად მოვატყუე ორი მცველი და სტანისლავ ჩერჩესოვს დაბალ კუთხეში გავუტანე...

ეჰ, მაშინ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მთელი ქვეყანა მლოცავდა. ამაზე დიდი ბედნიერება და ჯილდო წარმოუდგენელია...

ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისი
- ეს იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩვენი ბოლო სეზონი. 1990 წლის თებერვალში ლესელიძეში "დინამოს" ბაზაზე საბჭოთა ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, მაგრამ 15 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება გადაწყდა და ყველაფერი შეიცვალა.
ვითარებაში გასარკვევად თბილისში წამოვედით. მოთამაშეებსა და ხელმძღვანელობაში აზრი გაიყო - წაადგებოდა ეს ნაბიჯი ქართულ ფეხბურთს, "დინამოს", თითოეული ჩვენგანის მომავალს? ზოგი ფიქრობდა, რომ ერთი წელი ისევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გვეთამაშა და ეროვნულ პირველობაში მერე ჩავბმულიყავით...

ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ქართული ფეხბურთისთვის ნაადრევი და მოუმზადებელი იყო, მაგრამ ფეხბურთს ქვეყანაზე მაღლა ვერ დავაყენებდით და საერთო აზრს წინ ვერ აღვუდგებოდით.

Sportall.Ge

სამწუხაროდ, მერე ქვეყნის საქმე ცუდად წავიდა - დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენზე ამანაც ძალიან ცუდად იმოქმედა. მას შემდეგ წლები გავიდა და ყველას გვენატრება აფხაზეთი, ლესელიძე, "დინამოს" ბაზა, იქაური თამაშები და ატმოსფერო, ჩვენი აფხაზი და ოსი თანაგუნდელები. ეს ხომ ჩვენი მეორე სახლი იყო, ლამის ახალგაზრდობის ნახევარს იქ ვატარებდით...

საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი გუნდი ჩამოდიოდა - ჩეხები, იუგოსლავები, პოლონელები, გერმანელები. კიევის "დინამოს" ბაზა განთიადში ჰქონდა. ადლერსა და სოჭში რუსეთის გუნდები ემზადებოდნენ და ერთმანეთში აღმოსავლეთ ევროპის მინი-ჩემპიონატს ვატარებდით...

ვერ ვიტყვი, "დინამოს" ახლა რომ აქვს, ლესელიძის ბაზაც ასეთი კეთილმოწყობილი იყო, მაგრამ საბჭოთა პერიოდის კვალობაზე ჩვენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.

ვინ დააკლდა ნაკრებს...
- წლები გავიდა, პოლიტიკამ ხალხი ერთმანეთს გადაამტერა, საქართველო გაიხლიჩა, ქვეყანას ვეღარ ვცნობთ. მაგრამ რაც უნდა წლები გავიდეს, აფხაზ და ოს თანაგუნდელებს ვერც უბედური დრო დამაშორებს და ვერც პოლიტიკა.

აფხაზეთიდან ყოველთვის ძლიერი თაობები მოდიოდნენ. კარგად მახსოვს საიდ თარბა, ჯემალ გუბაზი, ლანჩხუთის "გურიაში" თამაშის პერიოდში რომან ხაგბა გავიცანი. ძმური ურთიერთობები გვქონდა. დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარებამდე "დინამოში" თამაშობდა ახრიკ ცვეიბა. ძალიან მაგარი მცველი რომ იყო, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებებშიც ამიტომ ითამაშა. მის ადამიანურ თვისებებზე მოკლედ გეტყვით - ძალიან კარგი ბიჭი იყო. იმავეს ვიტყვი ოს ფეხბურთელებზე - ჯიოევიც, ბეკოევიც და თედეევიც კარგი მოთამაშეები იყვნენ. განსაკუთრებით, ბახვასთან (თედეევი) ვმეგობრობდი.

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება რომ აირია, ფიფასა და უეფაში დროულად ვერ გავწევრიანდით და ცვეიბა კიევის "დინამოში" წავიდა, თედეევი - ვლადიკავკაზის "სპარტაკში". ამას გარდა, მოსკოვის "დინამოში" გადავიდა ომარ თეთრაძე, საბერძნეთში - ანდრო ნინიადისი. მერე ყველა მათგანმა მაღალ დონეზე ითამაშა: ცვეიბა, თედეევი და თეთრაძე რუსეთის ნაკრებში მიიწვიეს, ნინიადისი - საბერძნეთის ეროვნულ გუნდში.

დარწმუნებული ვარ - ეს ფეხბურთელები რომ შეგვენარჩუნებინა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავიდოდა და ევროპაზეც, მაღალი დონის გუნდი გვეყოლებოდა...

Sportall.Ge

ბერმუდის ქართული სამკუთხედი
- კარიერა 2003 წელს, "თბილისში" დავასრულე. მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი იყო. მერე ყველაზე რთული დრო დამიდგა. მივხვდი, ზღაპრული წინადადების ლოდინს აზრი არ ჰქონდა. შრომით და სწავლით ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო - მწვრთნელობა გადავწყვიტე.

ჯერ 35-ე სკოლაში ჩამაბარეს16 წლის ბიჭები. მერე ვიყავი "სიონის" დუბლებში, საიდანაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გადამიყვანეს. მერე ისევ 35-ე სკოლას დავუბრუნდი და პირველ ლიგაში სკოლის გუნდი ჩამაბარეს. შემდეგ ნოდარ აკობიას 17-წლამდელებში ვეხმარებოდი, ნახევარი წელი "ზესტაფონში" კახა კაჭარავასთან ვიმუშავე, 2013 წლის ოქტომბრიდან კი "დინამოს" დუბლშემადგენლობაში მიმიწვიეს.

ფეხბურთში იმხელა გამოცდილება დამიგროვდა და იმდენი გადამიტანია, ახლა უკეთ ვხვდები, რა უჭირთ და რა ულხინთ ჩვენს ბავშვებს. ასაკობრივი ნაკრებების დონეზე გარკვეული წარმატებები კი გვაქვს, მაგრამ მერე სხვები რომ უმატებენ, ჩვენში მთელი თაობები ქართულ "ბერმუდის სამკუთხედში" იკარგებიან.

"დინამოშიც" ბიჭებს სულ იმას ვეუბნები, ეს შეცდომები არ გაიმეორონ. სანამ ჯანი და პერსპექტივა აქვთ, ივარჯიშონ და შრომა არ დაიზარონ. ახალგაზრდულ ასაკში ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და შედეგის მისაღწევად ჩადონ მთელი სული, გული და ენერგია. თორემ გავა წლები და ვერც სახელს მოიპოვებენ, ვერც ფინანსურ სარგებელს ნახავენ და ცხოვრებაზეც გულნატკენები დარჩებიან.

ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში რომაა, მარტო ფინანსური პრობლემების ბრალი არ არის. ყველაფრის თავიდათავი ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტია - რაღაცას მიაღწევენ, თუ ამას მიღწევა ჰქვია, და ჰგონიათ, რომ ვარსკვლავები გახდნენ, თავში უვარდებათ. მერე განვითარებაზე აღარ ფიქრობენ, კმაყოფილი კაცი კი ვერაფერს მიაღწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ლაპარაკობენ თითქოს დინამო მანამდეც სულ ევროთასებზე თამაშობდა, 4წელი გაგვიცდაო.მტავარი შეცდომა დროის ტარება იყო მაგატი შეცდომა. ვინც იშრომა მათ მიაღწიეს დიდ გუნდამდე, კალაძემ, შოთამ დანარჩენებმა თითქმის ყველაფერი ერთდროულად მოუნდათ
gaga
14:24 23-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული