დავეხმაროთ ნიკა სიხარულიძეს!

AutoSharing Option
20 თებერვალს ნიკა სიხარულიძეს 16 წელი შეუსრულდა. ეს ახალგაზრდა თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა.

სწორედ ამ პერიოდში, "ბარსელონას" ტალანტების მოძიების პროგრამის კოორდინატორმა იაგო აგილარმა ბავშვებზე დაკვირვება დაიწყო და ნიკა პროექტის გამარჯვებული გახდა. ის "ლოკომოტივისა" და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ გიორგი არაბიძის თანაგუნდელი იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა... 2007 წლის 13 მაისს მომხდარმა ავტოავარიამ მოზარდის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა - თავის ქალა დაუზიანდა.

მართალია, კომიდან გამოვიდა და ურთულესი ოპერაციის შემდეგ ლაპარაკის უნარიც დაუბრუნდა, მაგრამ დამოუკიდებლად მოძრაობას ვეღარ ახერხებს. რეაბილიტაციის კურსის ხარისხიანად გავლა გერმანიაში,
უკრაინასა და თურქეთშია შესაძლებელი, მაგრამ ამას 17 ათასი ლარი სჭირდება, ამხელა თანხა კი ოჯახს არ გააჩნია.

15 წლის სიხარულიძის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი გაერთიანდა და სხვებსაც მოუწოდეს, გაჭირვებაში ჩავარდნილ მოზარდს დახმარებოდნენ. ამას გამოხმაურებაც მოჰყვა - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ვეტერან ფეხბურთელებთან - მიხეილ ყაველაშვილთან და მამუკა მაჭავარიანთან ერთად, 21 თებერვალს სახლში ესტუმრა ნიკას, საჩუქრები და სპორტული ეკიპირება (ყაველაშვილმა ნიკას ის მაისურა გადასცა, რომლითაც 2000 წელს "ციურიხის" შემადგენლობაში შვეიცარიის თასი მოიგო) გადასცა, ხოლო ოჯახს სამედიცინო და სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

ყაველაშვილის თქმით, 16 წლის ყმაწვილის მონახულებას, გვერდში დგომას ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული და გიორგი ქინქლაძეც აპირებენ. თავად ნიკამ კი მინისტრს ჰკითხა - რა ეშველება ქართულ ფეხბურთსო?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული