30 მილიონი ბათუმის სტადიონისთვის - იმედია, ხელში მორიგი მაკეტი არ შეგვრჩება

AutoSharing Option
2006 წელს ბათუმის ბულვარში მდებარე ცენტრალური სტადიონი დაანგრიეს. ტურიზმზე ორიენტირებულმა ქვეყანამ საფეხბურთო ცენტრს სასტუმრო და გასართობი ობიექტი ამჯობინა. მას შენდეგ აჭარის მთავარ ქალაქში მშენებლობებმა კიდევ რამდენიმე სტადიონი შეიწირა და ბათუმი საფეხბურთო არენის გარეშე დარჩა...

...იყო ბევრი დაპირება, სტადიონის მშენებლობაზე რამდენჯერმე ტენდერიც გამოცხადდა და ბევრი მაკეტიც გამოფინეს - აი, ასეთი და ასეთი სტადიონი აშენდებაო. ერთ-ერთი მათგანით თავი ამერიკის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთანაც მოიწონეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მაკეტი და არა პროექტი.

ამით შეწუხებული გუნდის გულშემატკივრები "დინამოს" თამაშებზე მუდამ შლიან ბანერს
- "ბათუმს სჭირდება სტადიონი!" მათ დაამზადეს კლიპიც, რომლის შინაარსია, რომ ყველა პროფესიისა და ყველა სოციალური ფენის ადამიანი სტადიონის აშენების მოთხოვნით ერთიანდება.

"უკვე 8 წელია, ბათუმი საფეხბურთო არენის გარეშეა დარჩენილი. ეს ის ქალაქია, რომელიც თავისი ეკონომიკური აქტივობით მხოლოდ დედაქალაქს ჩამორჩება.

უფროსი თაობის გულშემატკივარს ბათუმში ძალიან ლამაზი, კოხტა და გამორჩეული მდებარეობის მქონე სტადიონი ახსოვს. ის ბათუმელთათვის სიხარულისა და ზეიმის ადგილი იყო. მატჩიდან მატჩამდე ხალხი დღეებს ითვლიდა და ფეხბურთით ცხოვრობდა. არაერთი ჩვენიანი "მოწამლა" იმ ტრიბუნების გუგუნმა, რომელთაც ახსოვთ ევროგრანდების სტუმრობაც, რომლებთანაც ბათუმის "დინამო" არასოდეს შერცხვენილა...

სტადიონიც გვქონდა და ფეხბურთიც, მაგრამ არენა დაგვინგრიეს და დღეს ბათუმის "დინამო" ქობულეთში თამაშობს და ვარჯიშობს, რაც გუნდს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს. ყოველდღე 2-საათიანი მგზავრობა ფეხბურთელისთვის დამღლელია. თან "ჩელე არენაზე" ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს და "დინამოს" არ აქვს საშუალება, ვარჯიში სურვილისამებრ დაგეგმოს.

გულშემატკივარიც ვერ დადის ქობულეთში და ვერც გაამტყუნებ, რადგან მგზავრობაში დრო იკარგება, ბევრი კი სამსახურსა და სწავლას ვერ წყდება...

არადა, ჩვენს ქალაქს აქვს იმის პოტენციალი, რომ ტრიბუნები შეავსოს. "პირატები" (ბათუმის "დინამოს" ფანების მეტსახელი - ავტ.) გუნდს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ, არ გვაშინებს წვიმა, თოვლი, ყინვა და წყალდიდობა... მაგრამ უსტადიონობა ჩვენი რიგების ზრდის საშუალებას არ გვაძლევს.

დღეს რიგით ბათუმელს არა აქვს საშუალება, ბავშვს ხელი ჩასჭიდოს და სტადიონზე წაიყვანოს. დღევანდელი ახალგაზრდობა უცხოური გრანდების საქომაგოდ დიდ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ საკუთარი ქალაქის გუნდის ქომაგობას ვერაფერი შეედრება - ეს სულ სხვა ფენომენია.

სტადიონის აშენების მოთხოვნით ვიდეორგოლიც დავამზადეთ და სოციალური ქსელებითა და ადგილობრივი ტელევიზიით გავავრცელეთ, მაგრამ შედეგი ჯერაც არ ჩანს. გასულ წლებში სტადიონის აშენებაზე მოვისმინეთ არაერთი დაპირება, რაც დაპირებადვე რჩებოდა. იმდენი მაკეტი წარმოადგინეს, ნახევარიც რომ აშენებულიყო, ლონდონს შეშურდებოდა.

ახალი არენის აშენებას დღევანდელი ხელისუფლებაც დაგვპირდა და ეს ტელევიზიითაც ითქვა. იმედია, ამჯერად მაინც გვეშველება და ხელში მორიგი მაკეტი არ შეგვრჩება. გულშემატკივრები რეალურ ნაბიჯებს ველოდებით, რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ ჩანს", - ამბობს ბათუმის "დინამოს" ფანკლუბ "პირატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქამადაძე.

ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე კი იმედიანადაა განწყობილი:

"ასლან აბაშიძის დროს სტადიონი კარგად გაარემონტეს და იყო დრო, საქართველოში უეფას მიერ ლიცენზირებული ერთადერთი სარბიელი გვქონდა. თუმცა სინკარებით ნაშენები ტრიბუნები უსაფრთხო არ იყო და ახლის აშენება გადაწყვიტეს.

მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება, რომელსაც ახალი სტადიონის აშენების სურვილი არ აღმოაჩნდა.

დღეს კი იმედი რეალურია. გადაწყვეტილია, რომ სტადიონის პროექტისა და მშენებლობისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყოფა, მშენებლობა კი, წესით, 2015 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

მისთვის ტერიტორია გამოყოფილია არა ანგისაში, არამედ ლეონიძის ქუჩაზე, "სტეფანოვკაზე". ეს ადგილი ქალაქიდან შორს არ არის და ქომაგებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. ტერიტორია 10 ჰექტარია, ტრიბუნები კი 20 ათას მაყურებელს დაიტევს.

ამ არენაზე ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპისა და მაღალი დონის საკლუბო მატჩების ჩატარებაც იქნება შესაძლებელი.

იყო ლაპარაკი წმინდა საფეხბურთო სტადიონზე, მაგრამ ბათუმში მძლეოსნებს საკუთარი არენა არ აქვთ და სარბენი ბილიკების დაგებაც დაიგეგმა.

ბათუმი წვიმიანი ქალაქია და აქედან გამომდინარე, ტრიბუნები მთლიანად გადაიხურება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Sirtsxvili xelisuflebas. Kvelas ertad dzvels da axals. Vitom amat ekonomikis ganvitareba da turistebis mozidva undat? Meti magati
Giga
14:52 11-11-2014
0
ჯობდა სუფთა საფეხბურთო სტილის სტადიონი აეშენებინაათ, რაღა დროს ოლიმპიური სტილის სტადიონია))))))))) ეხლა სხვა მეტყვის ჯობია უქონლობას ეს მაინც ააშენონო მარა შე კაი კაცო თუ ფული გამოყოფილია არ ჯობია წესიერი სტადიონი ააშენონ?! და ი მძლეოსნებს სხვაგან გაუკეთონ სარბენი ბილიკი!!!
batumeli
16:34 11-11-2014
0

სიახლეები პოპულარული