საფეხბურთო დინასტია: მახარაძეების სამი ფრონტი

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა მახარაძემ თბილისურ მატჩში არც ჩისკო გაახარა
საქართველოში ბევრი საფეხბურთო ოჯახია. მათ შორის ბათუმელი მახარაძეები გამორჩეულები არიან - მამა, მალხაზ მახარაძე, ბათუმის "დინამოს" კაპიტანი იყო; უფროსი, კახა, ტაშკენტის "ფახთაქორის" კაპიტანია, ხოლო უმცროსი, ბექა, ბათუმის "დინამოს" ვიცე-კაპიტანია.

მალხაზ მახარაძე სახელმწიფოს როლზე
მალხაზ მახარაძე ამჟამად ბათუმური კლუბის სპორტული დირექტორია. ის ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი სახელმწიფოს თანადგომის გარეშე ვერ განვითარდება:

"საქართველოს ფეხბურთში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე იყო და ძლიერი თაობები დღესაც მოდიან. ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავდა და ახლაც ყოველ წელს ვარსკვლავებს უნდა
ვზრდიდეთ, ქვეყანაში კი ფეხბურთი უნდა ყვაოდეს.

მაგრამ, სანამ საბჭოთა ინერციით მოვდიოდით, კიდევ რაღაც დონეს ვინარჩუნებდით. მერე კი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთისთვის საფუძვლები არ ჩაგვიყრია და ისე ვერ განვვითარდით, როგორც წარმოგვედგინა. ომებმა და გაჭირვებამ ხომ საერთოდ ბოლო მოგვიღო.

თუ იქნება სახელმწიფოს ნება, ფეხბურთი განვითარდება, მაგრამ თუ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არ იქნება, საფეხბურთო სკოლებს, სტადიონებისა და ბაზების მშენებლობას არ დააფინანსებენ, წარმატებებზე ვერც ვიოცნებებთ.

ხომ ვხედავთ - ქვეყნებია, მილიარდებს აბანდებენ და მაინც ვერაფერს აღწევენ".

უზბეკების ქართველი კაპიტანი რუსეთში?
ბატონი მალხაზი უფროს შვილზე, კახა მახარაძეზეც გველაპარაკა:

"ბოლო სამ წელიწადში კახა "ფახთაქორში" ორჯერ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ის გუნდის კაპიტანია.

წლეულს კონტრაქტი დაუმთავრდა და მისით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა. სხვათა შორის, შარშან კახას ყაზანის "რუბინში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი იყო. ეს გუნდის ყოფილ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს სურდა.

Sportall.Ge

კახა შეკრებაზე წასასვლელ ფეხბურთელთა შორისაც იყო, მაგრამ 6 იანვარს ბერდიევი მოხსნეს...

ახლა ტაშკენტელები ყველა პირობებზე მიდიან, რომ კახა დაიტოვონ, მაგრამ წასვლა უნდა და ვარიანტებიც არის, მაგალითად - რუსეთში. დარწმუნებული ვარ, საშუალო ევროპული დონის კლუბში თამაშს შეძლებს".

ბექას და ბათუმელთა სიხარული
24 წლის ბექა მახარაძე ბათუმის "დინამოს" ვიცე-კაპიტანია, ბოლო ტურში კი, თბილისის "დინამოსთან", გუნდი მოედანზე სულაც სამკლავურით გაიყვანა.

დაცვაში მისმა საიმედო თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმელთა სენსაციური გამარჯვება "დინამო არენაზე":

"შეტევაზე რომ გვეთამაშა, ამის შანსი არ გვქონდა. ამიტომ კონტრშეტევის ტაქტიკა ვამჯობინეთ, თავი რომ დაგვეცვა და შესაძლებლობის შემთხვევაში გოლი გაგვეტანა. შოთა ჭეიშვილმა რაც დაგვავალა, ზუსტად შევასრულეთ.

ბოლოს ბათუმის "დინამომ" თბილისში 1999 წელს მოიგო და მიხარია, 15 წლის შემდეგ ეს ჩვენც რომ მოვახერხეთ. თბილისის "დინამოსთან" მოგება ყოველთვის ძალებს გმატებს.

სამწუხაროა, რომ ბევრი ქულა უაზროდ დავკარგეთ. ამის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მაინც ხუთეულში მოხვედრაა. ცუდი ისაა, რომ ბათუმში ვერ ვმასპინძლობთ მეტოქეებს, ჩვენთვის ყველა თამაში საგარეოა.

რა თქმა უნდა, ქობულეთი გვერდში გვიდგას, მაგრამ საკუთარ სტადიონზე თამაში მაინც სხვა სიამოვნებაა", - ამბობს ბექა მახარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული