გიორგი დათუნაიშვილი: მინიმუმ, სამეულში მაინც უნდა მოვხვდეთ

AutoSharing Option
25 ნოემბერს საქართველოს თასის მერვედფინალის პირველი შეხვედრა "სამტრედიამ" ბათუმის "დინამოსთან" 1:4 წააგო. საპასუხო მატჩამდე, ცხადია, ფავორიტად ბათუმელები ითვლებოდნენ, მაგრამ ზაზა ზამთარაძის გუნდმა მეტოქე სასურველი ანგარიშით (3:0) დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა (იხილეთ ვრცლად).

სამტრედიელებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი, რომელიც პირველ ორ შედეგიან შეტევაში მონაწილეობდა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი თავად გაიტანა.

"პირველ შეხვედრაში მეტოქე ვერ შევაფასეთ და მკაცრადაც დავისაჯეთ. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ რთული მდგომ
არეობიდან გამარჯვებულები გამოვიდოდით, მაგრამ საპასუხო მატჩში დავამტკიცეთ, რომ წინა შეხვედრაში დიდი ანგარიშით წაგება ლოგიკური არ იყო.

საშინაო არენაზე წარმოუდგენლად კარგად ვითამაშეთ. რაც ეს გუნდი შეიკრიბა, ასეთი ფეხბურთი არ უთამაშია. მარტო პირველ ტაიმში ოთხი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ნახევარში სამი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო.

ამ შემთხვევაში, თასის მეოთხედფინალში გასვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი თამაში ვიპოვეთ. მთავარია, შემდეგი შეხვედრებიც ასე ჩავატაროთ", - ამბობს გიორგი დათუნაიშვილი.

იმერული კლუბის ნახევარმცველის აზრით, პირველ წრეში "სამტრედიას" არასტაბილური თამაში ლოგიკურიც იყო:

"გუნდის ჩამოყალიბება ძალიან ძნელია. მაგალითად, საჩხერის "ჩიხურას" ის შემადგენლობა, რომელმაც წლეულს ევროთასებზე ქართული გუნდებიდან ყველაზე უკეთ ითამაშა, შარშან ევროპის ლიგაზე ბევრად სუსტი გუნდი იყო, მაგრამ ერთწლიანმა მუშაობამ და შეთამაშებამ შედეგი გამოიღო და ბევრად ძლიერ და მდიდარ კლუბებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

"სამტრედია" კი ზაფხულში სხვა შემადგენლობით მოემზადა და შემდეგ 8 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ცხადია, გამოჩნდა შეუთამაშებლობის პრობლემა და ისიც, მოსამზადებელი ეტაპი ერთად რომ არ გაგვივლია. არადა, ეს ორი ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ ჩემთვის არასტაბილური თამაში მოულოდნელი არც ყოფილა.

მეორეც არის: ძლიერი შემადგენლობა გვყავს და თამაშებს რომ ვერ ვიგებდით, დაძაბულებიც ვიყავით და შესაძლებლობებს სრულად ვერ ვავლენდით. ასეთი რამ ყველა გუნდს შეიძლება მოუვიდეს.

მაგრამ ახლა ვლაგდებით და მოსამზადებელ ეტაპს ერთად რომ გავივლით, მგონია, მეორე წრეში ბევრად უკეთეს "სამტრედიას" იხილავს ჩვენი ქომაგი".

დათუნაიშვილი კლუბის გარშემო აგორებულ ხმებზეც გველაპარაკა:

"ახლა ლამის ყველა იმაზე ლაპარაკობს, თითქოს "სამტრედიას" მსაჯები ეხმარებიან, რომ "სამტრედიას" ვიღაც მფარველობს და ასე შემდეგ. ამ დროს კი, მოედანზე რომ გავდივართ, სულ სხვა სურათს ვაწყდებით - მიმდინარე სეზონი 10 აგვისტოს დავიწყეთ, ჩვენ სასარგებლოდ პირველი პენალტი კი მხოლოდ ბათუმის "დინამოსთან" 25 ნოემბრის სათასო შეხვედრაში დაგვინიშნეს!

ვინც ფეხბურთში ჩახედულია, კარგად მიხვდება, ეს რასაც ნიშნავს. ნაღდად არ ვფიქრობ, რომ მსაჯები გვძირავენ, მაგრამ მათაც იციან, რომ ჩვენ სასარგებლოდ შეცდომაზე ჭორებს აუგორებენ და ამის გამო "სამტრედიას" მიმართ უფრო მკაცრები არიან.

ძნელია ყველას აუხსნა, რაც ხდება, მაგრამ რეალობა ჭორებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია".

30 ნოემბერს "სამტრედია" "ეროსი მანჯგალაძეზე" დათუნაიშვილის ყოფილ გუნდს, საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს:

"ჩიხურაში" ერთი წელი ვითამაშე და ბევრი სასიამოვნო მოგონებაც დამრჩა. წლეულს კინაღამ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გავაღწიეთ. ამ და სხვა ფაქტორების გამო საჩხერეში გატარებული ეს სეზონი ძალიან კარგად მახსენდება. მაგრამ სატურნირო ცხრილიდან და ჩვენი ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზაფხულში "ჩიხურა" ბევრმა ფეხბურთელმა დავტოვეთ, ახლა საჩხერელები მე-7 ადგილზე არიან და სამეულსაც ქულებით ჩამორჩებიან. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ "ჩიხურას" ეს პოზიცია გუნდის რეალურ ძალას ვერ ასახავს. მას გამოცდილი მწვრთნელი, სოსო ფრუიძე ჰყავს, რომელმაც იცის გუნდის შენება და კონკრეტული მატჩისთვის ფეხბურთელების მომზადება.

ეს "ზესტაფონში" სათასო შეხვედრის მოგებაშიც გამოვლინდა. ამიტომ დაძაბულ დაპირისპირებას ველოდებით".

28 წლის ფეხბურთელი მის ყოფილ და ამჟამინდელ გუნდებს შორის განსხვავებაზეც გველაპარაკა:

"საჩხერეში გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში "აშენებდნენ". ბოლოს "ჩიხურა" შეთამაშდა და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. თურქული "ბურსასფორის" დამარცხება შემთხვევითი არ იყო - "ჩიხურამ" ეს წარმატება დაიმსახურა. ჩვენ რომ "ნეფთჩის" ფინანსების მეოთხედი მაინც გვქონოდა, ბაქოელებსაც დავამარცხებდით, მაგრამ მოკლე სათადარიგოთა სკამის პირობებში ეს ვერ მოვახერხეთ.

"სამტრედია" კი ახლა ყალიბდება და ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვს. მაგრამ პოტენციალისა და სათადარიგოთა სკამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩემს ახალ კლუბში მეტ პერსპექტივას ვხედავ. რა დასამალია და, "სამტრედიაში" იმიტომაც წამოვედი, რომ აქ მეტი ფინანსური მოტივაციაც მაქვს, რაც ასევე ბევრს ნიშნავს".

დათუნაიშვილის აზრით, წინასწარ ძნელი სათქმელია, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამო" მყარად ლიდერობს:

"წლეულს ძალიან არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია. ყოველი ტურის შემდეგ ცხრილში მდგომარეობა იცვლება. ჩვენი განწყობაც ასევე ცვალებადია: მოვიგებთ და გვგონია, რომ ჩემპიონობის შანსი გვიჩნდება. ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა რომ ჩავაგდეთ, მესამე ადგილზე ჩამოვქვეითდით და ეს შანსი საკმაოდ შემცირდა.

მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრაა და თეორიულად, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მინიმუმ, სამეულში მაინც უნდა მოვხვდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დატუ მაგარი კაცი ხარ სენისტანა მონდომებული ყველა რომ იყოს ეხლა პირველზე ვიქნებოდიტ აბა ტქვენ იციტ გულსემატკივრებს ტქვენი იმედი გვაქვს
paata xuchua
21:31 28-11-2014
0
გინდატ ტუ არა სამტრედია სამეულსია
მეელოო
18:44 28-11-2014
0

სიახლეები პოპულარული