მალხაზ მახარაძე: მე და მესხს ახალკაცის წინააღმდეგ ამხედრება დაგვაბრალეს

AutoSharing Option
ამას წინათ, კლუბის ერთგული მოთამაშეების სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. ლიდერი "მილანის" ლეგენდარული კაპიტანი პაოლო მალდინი აღმოჩნდა, რომელმაც "როსონერის" ფორმით 25 წელი გაატარა. მაგრამ იქ არიან იკერ კასილიასი, ჯონ ტერი და ჩავი, რომლებმაც კლუბებში 16 წელი ითამაშეს და ჯერაც თამაშობენ.

ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი გამორჩეული მალხაზ მახარაძეა. იყო დრო, ის ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და თბილისის "დინამოში" დასამახსოვრებელი შეხვედრებიც მრავლად ჩაუტარებია.

მისი კარიერა 21 წელი გაგრძელდა, საიდანაც 15 წელი ბათუმის "დინამოში" გაატარა.

ის გახლდათ ამ გუნდის კოლორიტული კაპიტანი, რომლის მსგავსი ავტორიტეტით ბათუმში
ბევრი ფეხბურთელი (და არა მხოლოდ) ვერ დაიკვეხნის. თუ აჭარის მთავარ ქალაქში მას კაცი ვერ სცნობს, ესე იგი, იქაური არ არის.

მალხაზ მახარაძე ახლა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია, თავის ისტორიებს გვიყვება და ბევრ საინტერესოსაც გაიგებთ. მათ შორის, იმასაც, თავის დროზე ლამის დავით ყიფიანის შემცვლელად განხილული გამთამაშებელი როგორ გახდა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი.

ინტრიგების მსხვერპლი
- ბათუმის "დინამოში" 16 წლის ბიჭი ამიყვანეს, 1982 წელს კი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გავხდი. დავით ყიფიანის გარდა, დიდი გუნდის ლამის ყველა ცნობილი ფეხბურთელი დამხვდა. მათ გარდა, ჩვენს თაობაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო - გრიგოლ ცაავა უკვე საბჭოთა ნაკრების კანდიდატად ითვლებოდა, მიშა მესხი, ვაჟა ჟვანია, გია გურული, ლევან ბარათაშვილი, მალხაზ არზიანი, ნუგზარ მიქაბერიძე, სოსო ჭედია, კოტე კერესელიძე, გოჩა გოგრიჭიანი...

1983 წელს თბილისის "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ და კინაღამ უმაღლესი ლიგიდან გავვარდით. მე იმ წელს ფეხი მოვიტეხე და ლამის მთელი სეზონი გამიცდა.

1984 წელს მთავარ მწვრთნელად დავით ყიფიანი დაგვინიშნეს და დაცვაში სწორედ მან დამხია. წარმატებულად დავიწყეთ ჩემპიონატი, მაგრამ მერე ისევ ჩავარდნა დაგვეწყო. ასე ვიყავი 1986 წლამდე. მერე ნოდარ ახალკაცი დაბრუნდა, რომელიც მალევე გაუშვეს.

ხომ იცით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის ინტრიგების ბუდე იყო. "დინამოში" ჩემი კარიერაც სწორედ ამას შეეწირა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ახალკაცის შემდეგ დარტყმა ხუთ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც გადმოიტანეს და ზედ მიგვაყოლეს - მე, ბალაძე, არზიანი, მიქაბერიძე და მესხი. თითქოს გუნდის წარუმატებლობა ჩვენი ბრალი იყო. მე და მიშა მესხს დაგვაბრალეს, ვითომ ახალკაცის წინააღმდეგ ფეხბურთელების ამხედრების ინიციატორები ვიყავით.

კი, იყო უსიამოვნება, მაგრამ ისტორიას ბევრი არასწორი ამბავი შემორჩა. ჩვენ პატარა ბიჭები ვიყავით და იმხელა წონა ნამდვილად არ გვქონდა, გუნდი აგვეყოლიებინა. მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. დრო გავიდა და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

მერე კი სურდათ ჩვენი დაბრუნება, მაგრამ...

Sportall.Ge

კარგად დავიწყებული ძველი
- რა თქმა უნდა, კომუნისტები ფეხბურთში ერეოდნენ. ქვეყნის მთავარ კომუნისტს ფეხბურთი თუ უყვარდა, გუნდში ბევრ რამესაც წყვეტდა. შევარდნაძეს ფეხბურთი უყვარდა და მის დროს "დინამოს" კარგი პირობები შეუქმნეს.

ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ კაცმა ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა. მის დროს აშენდა ეროვნული სტადიონი, რომელიც მანამდე 35 ათასს თუ იტევდა. "დინამოს" ბაზასა და გუნდზე ზრუნავდა. ამის დავიწყება უმადურობა იქნება.

შევარდნაძის შემდეგ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ჯუმბერ პატიაშვილი გახდა, რომელიც ფეხბურთის ისეთი გულშემატკივარი იყო, "დინამოს" მოთამაშეების ფეხის ზომებიც კი იცოდა და კაბინეტში დინამოელების პლაკატები ჰქონდა. მაშინ "დინამო" საქართველოს ნაკრები იყო და გუნდზე ისე ზრუნავდა, როგორც, წესით, დღეს ეროვნულ ნაკრებს უნდა პატრონობდნენ.

სხვათა შორის, თავის დროზე, თბილისის "დინამოში" საკმაოდ დაბალი ხელფასები იყო - ხელზე 220 მანეთს ვიღებდით, პრემია კი სულ 40 მანეთი გახლდათ. ვითარება მხოლოდ 1985 წელს გაუმჯობესდა. იმ დროს ხალხი "დინამოს" შემოსწყრა და ტრიბუნების შესავსებად და მოთამაშეთა პირობების გასაუმჯობესებლად, შევარდნაძემ ლატარიის გათამაშება დააწესა. უამრავი ხალხი მოდიოდა და სოლიდური საპრიზო ფონდიც გროვდებოდა. სტადიონისკენ ისეთმა ხალხმა გამოიხედა, ფეხბურთის გაგებაში რომ არ იყო.

მოგებაზე თითო ფეხბურთელს 500 მანეთი გვერიცხებოდა. ეს ძალიან კარგი ფული იყო და დღევანდელ 4 ათას დოლარს მაინც უდრიდა. თვეში ორი მოგებით 1000 მანეთზე მეტი უკვე სერიოზული ფული გამოდიოდა. ზოგიერთ გუნდებთან პრემია 1000 მანეთსაც აღწევდა - კიევის "დინამოსთან", მოსკოვის "სპარტაკთან"...

პრობლემა უზრუნველობა იყო
- სამწუხაროდ, ჩვენმა თაობამ ეს პირობები ვერ გამოიყენა. ძალიან ბევრი ისეთი ნიჭიერი იყო, უმაღლეს დონეზე უნდა ეთამაშა. მაგრამ რა დასამალია, პროფესიონალიზმი გვაკლდა. რაღაც დარღვევები გვქონდა - ხომ იცით, ქართველი კაცის ბუნება. მაშინ ბევრ რამეზე არც ვფიქრობდი. ახალგაზრდობაში მეგონა, რომ გვიან დაძინება, გართობა და მსგავსი რამ თამაშამდე 2-3 დღით ადრე არაფერი იყო. ახლა ვხვდები, როგორ ვვნებდი საკუთარ თავს.

თუმცა, ნაღდად ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიში გვეზარებოდა. ეს გამორიცხული იყო. დღეში 4-5 საათი ვვარჯიშობდით, ხშირად ვიყავით შეკრებაზე, ბაზიდან ვერ გავდიოდით და, ფაქტობრივად, ფეხბურთით ვცხოვრობდით.

პარადოქსულ ახსნას გეტყვით - მგონია, რომ ჩვენი თაობის პრობლემა არა იმდენად რეჟიმის დაცვა, არამედ უზრუნველობა იყო. მაშინ ცხოვრების მინიმუმი გარანტირებული გვქონდა. ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობდით და ორი კაპიკიც გვყოფნიდა.

...ამბობენ, ფეხბურთელები უნიჭოები და გაუნათლებლები არიანო. სისულელეა. ბათუმში, ლანჩხუთსა და თბილისში ისეთი ბიჭები მინახავს, რომელთა მსგავსი წიგნიერი ხალხი ცხოვრებაში იშვიათად მინახავს. ბათუმის "დინამოში" იყო ნიჭიერი თავდამსხმელი დათო უჯმაჯურიძე, რომელიც მერე რეჟისორი გახდა; ნიკა ტოგონიძე სულ წიგნებში "იჯდა". გუნდში მუსიკის მოყვარულებიც მყოლია, კარგად რომ უკრავდნენ და მღეროდნენ.

თბილისის "დინამოში" ბევრი ძლიერი პიროვნება გავიცანი. მიშა მესხი მაინც გამორჩეული გახლდათ. ყოფილა შემთხვევები, მას ერთი წინადადებით გუნდის ბედი შეუცვლია, მაგრამ ეს ხალხისთვის უცნობი ისტორიებია. შესანიშნავი მსახიობი იყო და უცებ გარდაისახებოდა ხოლმე.

საერთოდ, მიშასთან და მის ოჯახთან ვმეგობრობდი. არაორდინარული კაცი იყო. ასეთი მოღადავე და შაყირისტი კაცი იშვიათად მინახავს. მაგარი ადამიანი იყო, გვერდში ისე დაგიდგებოდა... ისევ საკუთარ თავს თუ ავნებდა, თორემ სხვებისთვის "ოქრო" იყო. დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, არც სისწრაფე აკლდა, არც ტექნიკა და აზროვნება.

...ფეხბურთში ყველაფერი ხდება, კაცების სპორტია, დედიკოს ბიჭი ვერც ფეხბურთს ითამაშებს და ვერც პასუხს გასცემს. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, პასუხის გაცემაც ყველას შეეძლო. ერთხელ ხარკოვის "მეტალისტის" ფეხბურთელ ბოიკოს ვიტალი დარასელიასთან უსიამოვნება მოუვიდა და ბიჭებმა საკადრისი პასუხი გასცეს.

ცუდი ურთიერთობა არავისთან გვქონია, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკთან" თამაშები მაინც დაძაბულად მიმდინარეობდა. ხომ იცით, ვისი გუნდიც იყო და ერთმანეთს "ვჭამდით".

...პირდაპირ ასლანთან - შევაჭრათო
ერთი ხანობა, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე იყო, მაგრამ მას პრობლემები შეექმნა და გუნდი უპატრონოდ დარჩა. 30 დოლარის ეკვივალენტ კუპონს ვიღებდით. ხუთმა ბათუმელმა ფეხბურთელმა მოვილაპარაკეთ, რომ ასლან აბაშიძესთან "შევაჭრათ" და დაველაპარაკოთო. ვიყავით მე, პაატა მაჭუტაძე, ასლან ბალაძე, თემურ ტუღუში და ნუკრი გოგიტიძე.

მივედით და შეხვედრა რომ ვითხოვეთ, ასლანის პირველი მოადგილე ნური დიასამიძე დაგვხვდა - ფეხბურთის მაგარი გულშემატკივარი. შეხვედრას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნაკაშიძეც დაესწრო. ორი საათი მაინც ვილაპარაკეთ და შეგვპირდნენ, რომ ჩვენს თხოვნას ასლანს გადასცემდნენ.

ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა ის, რომ ხელფასები 300 დოლარამდე გაგვიზარდეს, რაც მაშინ საკმაოდ კარგი თანხა იყო; პლუს, პრემიებიც დაგვინიშნეს. იმავე წელს უეფას თასზე გავედით და ასე ხუთი სეზონი გრძელდებოდა.

ამ პერიოდში შევხვდით "ეინდჰოვენს", რომლის რამდენიმე ფეხბურთელმა მერე მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა - ვატერეუსი, სტამი, ნუმანი, კოკუ, დეგრიზი, ნილისი, ეიკელკამპი... ნახეთ, რა ფეხბურთელები იყვნენ. მწვრთნელად კი დიკ ადვოკაატი ჰყავდათ.

ადვოკაატს ვერც წარმოედგინა, პრობლემებს რომ შევუქმნიდით. არადა, პირველ ტაიმში ჩემი გადაცემით ამირან მუჯირმა ანგარიში გახსნა, მერე კი დათო უჯმაჯურიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო. მოედანზე 21 წელი ვითამაშე, მაგრამ არ მახსენდება, მწვრთნელს მთელი შეხვედრის განმავლობაში იმდენი ეყვიროს, როგორც იმ დღეს - ადვოკაატმა.

მაშინ აბაშიძემ ისეთი სტადიონი ააშენა, უეფას კომისრები გაოცებულები დარჩნენ. ასლანი კარგად მიხვდა, აჭარისთვის ფეხბურთი საჭირო იყო და ხალხისთვის ბევრს ნიშნავდა - 30 ათას კაცს ბათუმში პოლიტიკოსები მიტინგებზე ვერ კრებდნენ. ერთხელ და ორჯერ არ მქონდა მასთან ურთიერთობა და რასაც დაგვპირდა, ყველაფერი გაგვიკეთა.

Sportall.Ge

მაგრამ მოვიდა გუნდში იტალიელი მარკო კანისტრალე და გუნდი დაგვიშალა. მან ფინანსური პრობლემები იმ დროს შეგვიქმნა, როცა ბათუმის "დინამო" ყველაზე სოლიდურად დააფინანსეს. ეს ამბავი მერე გავიგეთ - ფული იყო, მაგრამ "დინამოში" არ მოდიოდა. ამის გამო კანისტრალეს აჭარის დატოვება მოუხდა.

მახარაძეს სტადიონზე რა უნდაო?!
- კარიერა 37 წლისამ დავამთავრე. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ეროვნულ ნაკრებში ვერ ვითამაშე. არადა, ამის რეალური შანსი მქონდა. 32 წლისას მკითხეს, ნაკრებში არ ითამაშებო? როგორ არ ვითამაშებდი, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები მოდიოდნენ და გზას ხომ არ ჩავუკეტავდი? ვამჯობინე, გზა სხვებისთვის დამეთმო. არადა, ნაკრებში ერთი შეხვედრა მართლა მიღირდა.

კარიერის შემდეგ ფეხბურთში დარჩენა და მწვრთნელობა მსურდა. თავიდან ამისკენ მივდიოდი კიდეც. სარფის საბაჟოზეც ვმუშაობდი, თავისუფალი დრო მქონდა; პარალელურად, ბავშვებსაც ვავარჯიშებდი და სასწავლებლად წასვლასაც ვგეგმავდი. მერე მთავრობა შეიცვალა და ცხოვრება ისე აირია, პოლიტიკაშიც კი ჩავერთე. არა იმიტომ, რომ ეს სფერო მომწონდა, პირიქით, პოლიტიკა ყოველთვის მეზიზღებოდა. მაგრამ ბევრი გარემოება ისე აეწყო, რომ ქუჩაში გამოსვლა მომიხდა.

26 მაისის აქციაზეც ვიყავი და ძმაკაცმა დამირეკა, საქმე მაქვს, შევხვდეთო და რომ წავედი, თურმე სპეციალურად გამიყვანა, ამ დარბევაში რომ არ მოვყოლილიყავი. არჩევნებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი.

იყო შემთხვევა, ტურნირზე პრიზი დავაწესე და სტადიონზე მივედი. იქ აჭარის ერთი ყოფილი ხელმძღვანელი დამხვდა და ჩემზე იკითხა, ამას ფეხბურთზე რა უნდაო. იქ მდგომებმა ვერ მოითმინეს და უთხრეს, მახარაძეს თუ არ უნდა, აბა, ვის უნდაო. მაგრამ ბათუმში პრობლემები შემექმნა, თბილისში ვცხოვრობდი და ვცდილობდი, ვიღაცას თვალში არ მოვხვედროდი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისიც თქვი ბოლოს, რომ წამალსაც კარგად შეეჩვიე და მაგიტომ დაგერხა . . .
meskhi
19:11 28-11-2014
1
ჯიგარი ხარ მახო, მაგრამ ბოლოს რომ ახალკაცის სიმკაცრე დინამოში არავის არ ევასებოდა ესეც ხომ იცი და იმიტო გაბანძდა გუნდი
იკა
16:05 28-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული