ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ თავკაცთან ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელობის მსურველთა დოსიეებით დაფარულ მაგიდასთან შედგა და საუბარიც ამ თემით დავიწყეთ:
- ფედერაციას შეთავაზება არც ერთი მწვრთნელისთვის არ გაუკეთებია, თუმცა, თავადაც ხედავთ, რამდენი CV დევს ჩემს მაგიდაზე. თუნდაც, ლოთარ მათეუსზე ვთქვათ - ამბობს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდაო. არადა, მისი CV
ქართველი თუ უცხოელი? ჯერ არ გადაგვიწყვეტია (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ნოემბერს. - ავტ.), თუმცა უფრო ქართველისკენ ვიხრებით. ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, დისციპლინა დაამყაროს, მხოლოდ "კარგი ბიჭობა" არაფერს ნიშნავს...
- მწვრთნელის ხელფასს ვინ გადაიხდის? მწვრთნელს კი არჩევთ, მაგრამ ჯერაც უცნობია, სახელმწიფო გააგრძელებს თუ არა ნაკრების თავკაცის ხელფასის გადახდას...
- თუ სახელმწიფო არ გადაიხდის, ჩვენ გადავიხდით! ბოლო ერთი წელია, ისედაც ასე არ არის?! კლუბებისათვის მისაცემი თანხა, მწვრთნელების ფული, ტურნირები - ყველაფერი ფედერაციამ გადაიხადა. მადლობელნი ვიქნებით, თუ მთავრობა გადაიხდის. თუ არადა, ჩვენ გადავიხდით, მწვრთნელს უხელფასოდ ხომ არ დავტოვებთ?
- უცხოელ მწვრთნელს თანხაც მეტი სჭირდება...
- მთლად ასეც არ არის - ზოგ ქართველ მწვრთნელს უცხოელებზე მეტი მადა აქვს!
- რაში დაუშვა მთავარი შეცდომა ქეცბაიამ - ტაქტიკაში, შემადგენლობაში თუ ურთიერთობებში?
- არ ვიცი. ეს რომ ვიცოდე, მაშინ მწვრთნელი ვიქნებოდი და პროლიცენზია მექნებოდა! ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ფეხბურთის ცოდნა აუცილებელი არ არის, მან მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ბუღალტერია უნდა იცოდეს - ყველაფერი ის, რაც მოედანს მიღმა სჭირდება ფეხბურთს. მწვრთნელის მუშაობის შეფასება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია.
- შარშან მითხარით, თუ ფეხბურთი უყვარს და საქმის კეთება უნდა, სფფ-ის თავკაცს მთავრობის პოზიცია უნდა ეჭიროსო... ერთ საკითხს მაინც დაასახელებთ, რომელშიც თქვენ და მთავრობა თანხმდებით? ფაქტია, რომ ვერ მორიგდით ვერც კლუბების დაფინანსებაზე, ვერც გუნდების რაოდენობის გაზრდაზე და ა.შ...
- ბევრ საკითხზე შევთანხმებულვართ. რატომ გგონიათ, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? თუ არ ვეხუტები და ვკოცნი, ე. ი. ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ გამაჩნია.
- აბა, მათ აქვთ თქვენთან?
- არა მგონია. რატომ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან პრობლემები? თუ ჩემთან პრეტენზია აქვთ, წარმომიდგინონ და კი ბატონო, გვექნება დაძაბული ურთიერთობა. შესაძლოა, ფეხბურთში ვერ ვერკვევი, მწვრთნელი არა ვარ და ტაქტიკა-სტრატეგიას ვერ დავსახავ, მაგრამ ფინანსური საკითხები კარგად ვიცი.
როცა დაპირებულ დაფინანსებაზე უარს მეუბნებიან, შორიდან ეს დაპირისპირებას ჰგავს, მაგრამ მე სხვანაირად ვუყურებ: ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ, მერე კი ნახეს, რომ რესურსი არ არის და გაჩერდნენ.
თუმცა, როცა პროექტი დაწყებულია, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც უნდა იყო მზად. 16-გუნდიან ჩემპიონატს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ 13 ტურია გასული და შეგიძლიათ თქვათ, ვინ გავარდება ან ვინ გახდება ჩემპიონი?
- აქამდე სულ ამტკიცებდით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდით...
- მაგრამ ახლა არ გამოვრიცხავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტობის პრეტენდენტები ჩემზე მაგარი პიროვნებები არიან საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ, როგორი მენეჯერი იქნება გამარჯვებული კანდიდატი, ამას დრო გვიჩვენებს. ფეხბურთში შეიძლება ცუდად დაარტყა, ვერ ირბინო ან ბურთი აგეჭრას, მაგრამ, როცა ქვეყნის ფეხბურთს მართავ, იქ "აჭრის" უფლება არა გაქვს!
ამიტომ ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სად მიდიან და რა პასუხისმგებლობა ექნებათ. ამ პოსტზე შეცდომის დაშვების უფლება არა გაქვს!
- ამ წლების განმავლობაში თქვენ უშეცდომოდ იმუშავეთ?
- მენეჯმენტში რომ დამეშვა შეცდომა, "პადსებია" რომ გამეკეთებინა, ახლა გლდანის ციხეში ვიქნებოდი! თუ ის არის შეცდომა, ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრებს რომ ვერ ვეთამაშე, მილიონზე მეტი დავზოგე და ამ ფულით მოედანი გავაკეთე, ან ვეტერან ფეხბურთელებს დავეხმარე, არ ვიცი.
ფედერაციის თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნას თუ ჩამითვლიან შეცდომად, მზად ვარ, პასუხი ვაგო!
- არ მალავთ, რომ მხარს რევაზ არველაძეს დაუჭერთ, მაგრამ, თუ მაინც მიიღეთ მონაწილეობა, საკუთარ გენმდივანს გაუწევთ კონკურენციას? სხვებს უნდა წაართვათ ხმები თუ ერთმანეთის სასარგებლოდ მოხსნით კანდიდატურას?
- შესაძლოა, არც მინდოდეს, მაგრამ ადამიანური პოზიცია მავალდებულებს, სწორედ რეზის დავუჭირო მხარი (იცინის)! კონკურენცია? არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ნუ მლანძღავენ, ცოტაც მოითმინონ...
- მაინც, რამდენი? რამდენი დარჩა არჩევნებამდე?
- უეფასთან ვალდებულებები მაქვს აღებული. აპრილში გასამართ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებს კიდევ შემიძლია ავარიდო თავი, მაგრამ მარტში უეფას თავკაცი უნდა აირჩიონ - ვალდებულად მივიჩნევ თავს, არჩევნებისას მიშელ პლატინის გვერდით ვიყო და მხარდაჭერა გამოვუცხადო! ასე რომ, მარტში აუცილებლად უნდა ვიყო ამ პოსტზე!
- მერე სუპერთასიც მოდის და...
- მერე რა? თითქმის დარწმუნებული ვარ, თებერვალში კიდევ ერთი გრანდიოზული ტურნირის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ (ლაპარაკია 2017 წელს 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. - ავტ.) და ამიტომ თანამდებობაზე 2017 წლამდე დავრჩე?
- როცა არველაძესთან კონკურენციაზე გკითხეს, იხუმრეთ, რეზი ჩემი ძმა კი არ არის, ბიზნესი ბიზნესიაო. რა არის თქვენთვის ეს პოსტი - ბიზნესი, ძალაუფლება, სასჯელი თუ...
- ჯერ ერთი, სიტყვა "ბიზნესი" არ მიხსენებია - რეზი ჩემი ძმა ხომ არ არის, ჯანსაღი კონკურენცია გვექნება-მეთქი. როდის მერე ნიშნავს კონკურენცია "ბიზნესს"? რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, სასჯელი ნამდვილად არ არის. პირიქით, სანატრელი ადგილია ძალიან ბევრისთვის! ვინც უნდა მოვიდეს ამ ადგილზე, ყოველთვის გვერდში დავუდგები, როგორც რიგითი ჯარისკაცი. ვერავინ შემაძულებს ფეხბურთს, გულშემატკივრობას ვერ გადამაჩვევენ!
იხილეთ სრული სტატია
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"