ჩვენთვის ეს ინფორმაცია საინტერესო იმიტომაცაა, რომ 2013-14 წლებში დოლიძე საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგს" ხელმძღვანელობდა და პროფლიგის საინიციატივო ჯგუფშიც შედიოდა. მას ეკუთვნოდა სახელმწიფო სახსრების მონიტორინგის იდეა, რომელიც კლუბებს ხარჯებს მაქსიმალურად შეუმცირებდა.
მაგრამ მერე "მეტალურგს" დაფინანსება შეუმცირეს და დოლიძემ კლუბი დატოვა.
სხვათა შორის, ბევრისთვის უცნობია, რომ 2011 წლამდე ის PSP-ს კორპორატიული გაყიდვების სამსახურის უფროსად, ხოლო მოგვიანებით კი PSP-ს დაზღვევის დირექტორად მუშაობდა და ფეხბურთის ფედერაციას სასპონსორო ხელშეკრულების "ჭერის" შემცირებას სთავაზობდა.
დასანანია, ასეთი საინტერესო პიროვნება ფეხბურთიდან რომ წავიდა. ქართულმა ფეხბურთმა ვერც ის გამოიყენა და ვერც დავით ებრალიძე, რომელიც შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. არადა, ქართულ ფეხბურთში სწორედ მენეჯერების დეფიციტია.
"მეტალურგის" შემდეგ, დოლიძე ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩეველი და ორგანიზაციული მართვის საკითხებში შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის კონსულტანტი.
"ფეხბურთიდან იმედგაცრუებული წავედი, რადგან რისი განხორციელებაც მსურდა, ვერ მოვახერხე. ვცდილობდი, საბავშვო უფასო სკოლიდან მოყოლებული, რუსთავის "მეტალურგის" დიდების გუნდამდე ინფრასტრუქტურა მომეწესრიგებინა. ვამჩნევდი, რომ სამართლიანი მიდგომები მოთამაშეებისა და კლუბის პერსონალის მიმართ არ იყო, უმაღლესი ლიგისადმი გონივრული დამოკიდებულების დეფიციტიც აშკარად იგრძნობოდა.
საერთოდ, საქართველოში საფეხბურთო ინდუსტრია რომ არ არსებობს, ამას ობიექტური მიზეზები აქვს", - ამბობს დოლიძე.
"მეტალურგის" ყოფილმა დირექტორმა პრობლემებიც ჩამოთვალა:
"ზოგადად, ქართულ ფეხბურთში უმძიმესი მდგომარეობაა. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაც-ვიღაცები ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერაში დაოსტატდნენ, თავად კი განზე რჩებიან და არ ჩანან. ესეც სერიოზული პრობლემაა და სახსრების არამიზანმიმართული ხარჯვაც.
ისე გამოდის, რომ სახლს საფუძვლის გარეშე ვაშენებთ. აბა, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრების მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ერთ ფეხბურთელსაც რომ ვერ გამოიყენებს, დასაფიქრებელი არ არის? ეს ყველაფერი ბოლო წლებში არასწორი მუშაობის შედეგია. ამან კი ის გამოიწვია, რომ ბიზნესს ფეხბურთში ფულის დაბანდება აღარ სურს.
დამაფიქრებელი პრეცედენტია, რაც "მეტალურგში" მოხდა - მეტალურგიულმა ქარხანამ კლუბზე ხელი აიღო და სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დათმო.
რომ დაფიქრდეთ, ის, რაც "დინამოსა" და "ზესტაფონში" მოხდა, ესეც ჩვენი ფეხბურთისადმი ბიზნესის უნდობლობის შედეგია. კლუბების ბიუჯეტები შეამცირეს, გამოცდილი მოთამაშეები გაუშვეს და მათ ნაცვლად აქცენტი ახალგაზრდებზე აიღეს. ეს იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთში პერსპექტივას ვეღარ ხედავენ და ფულის ხარჯვას მის წყალში გადაყრად მიიჩნევენ".
დოლიძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვითარება სულაც არ არის გამოუვალი:
"გამოსავალი ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც შეიძლება მოიძებნოს. ასეთად სახელმწიფო პროგრამის განხორციელება მიმაჩნია.
შეიქმნა კომისია, რომლის სხდომაზეც ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს და პროგრამა 1 სექტემბრიდან უნდა ამუშავებულიყო. მაგრამ ამ ვითარებაში პერსპექტივას სახელმწიფოს მმართველებიც ვერ ხედავენ, რადგან სახსრები უაზროდ და არამიზანმიმართულად იხარჯება და ფულის დაბანდებას ვერ რისკავენ.
სამწუხაროა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მთავრობის ეს ინტერესი ვერ დააფასა, ვერ გამოიყენა და მეტიც - ჯიბრში ჩაუდგა.
არადა, ხომ ვხედავთ, ისლანდიასა და ფარერებზე ისწავლეს თამაში და ევროშესარჩევში სენსაციებს ახდენენ. სწორი მუშაობით ჩვენ გაცილებით მეტის მიღწევა შეგვიძლია. საამისოდ, ქართულ ფეხბურთში ჯერ ყველაფერი ძირეულად უნდა შეიცვალოს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"