"თუ შეიძლება, რომ ძმები იყვნენ პარლამენტში, ფედერაციაში რატომ არ შეიძლება?"

AutoSharing Option
ვინ იქნება ნაკრების ახალი მწვრთნელი, დაუბრუნდებიან თუ არა "ჯვაროსნებს" ყოფილ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გადახაზული ფეხბურთელები, აქვს თუ არა ფედერაციას კავშირი გერმანიაში მოთამაშე აკაკი გოგიასთან?..

ამ და სხვა საინტერესო თემებზე "ლელოს" ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე ესაუბრება...

- ნაკრების ახალი მწვრთნელის საკითხი დიდ ინტერესს იწვევს. მაგრამ უცნობია, ფედერაციის ხელმძღვანელობა ჯერ მხოლოდ განხილვის პროცესშია თუ უკვე გამოჩნდა კონკრეტული კანდიდატურა, რომელსაც არ ახმაურებთ?
- განხილვის პროცესი გრძელდება.

- ცნობილია, რომ კახა ცხადაძეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეთ. მაგრამ ახლა ლაპარაკია ოპციონზე - ჯერ ციკლის
ბოლომდე, ხოლო შემდეგ 2-წლიანი ხელშეკრულება...

- ესეც განხილვის თემაა.

- ...და ყველაზე რეალური ვარიანტი ახალი მწვრთნელის კონტრაქტისთვის?
- შეიძლება, ასეც ითქვას.

- ვიცით, რომ შოთა არველაძემ უარით თქვა ეროვნულ გუნდში მუშაობაზე. ამაზე რას იტყოდით?
- შესაძლოა, შოთა ბევრისთვის სასურველი ვარიანტი იყოს, ბევრისთვისაც - არასასურველი. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ხელისშემშლელი გარემოებებიც არსებობს.

- მაგალითად?
- ერთი ის, რომ შოთას "ქასიმფაშასთან" აქვს სამწლიანი კონტრაქტი, სადაც წინასწარ ჩაიწერა, რომ მისი დამრღვევი ფინანსურად დაჯარიმდებოდა. მას პირობებში არ ჩაუწერია, რომ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, წასვლა შეუძლია.

მეორე დამაბრკოლებელი ფაქტორი ისაა, რომ შუა სეზონში გუნდის მიტოვება ისედაც არ ექნება მორალურად გამართლებული. მესამე ფაქტორიც არსებობს, მაგრამ მასზე ლაპარაკი არ ღირს...

- რატომ?
- პრინციპში, რა არის დასამალი? შოთას არ სურს, რომ არველაძეები სალაპარაკო გავხდეთ: ერთი ძმა ფედერაციის გენერალური მდივანია, მეორე - სპორტული დირექტორი და ძმა ნაკრების მწვრთნელად არ გამოდისო.

მაგრამ მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩემი აზრით, ამას ყველაზე ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან მეც და რეზისაც ჩვენი ცხოვრება გვაქვს. თუ შეიძლება, რომ ძმები პარლამენტში იყვნენ, ფედერაციაში რატომ არ შეიძლება მუშაობდნენ?

- თემურ ქეცბაიას ხელფასს სახელმწიფო უხდიდა. ახლა ეს გამორიცხულია?
- სახელმწიფომ, უფრო სწორად, სპორტის სამინისტრომ, მიიღო გადაწყვეტილება, ნაკრების მწვრთნელისთვის ხელფასი არ გადაეხადა. შესაბამისად, ეს საქმე ფედერაციამ ითავა და ახალი მწვრთნელის შემთხვევაშიც ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს.

- გასაგებია, რომ ახალ მწვრთნელს მილიონებს ვეღარ გადაუხდით. მაგრამ საინტერესოა, რა იქნება ხელფასის ის მაქსიმალური ზღვარი, რასაც ფედერაცია გასწვდება?
- ფეხბურთის ფედერაციამ თავისი შესაძლებლობები იცის და ცხადია, მწვრთნელსაც ამის მიხედვით შეარჩევს. მე მაქსიმუმს ვერც ვიტყვი, რადგან ეს არც ვიცი და მეორეც - ჯერ ნაკრების მწვრთნელის ვინაობა არ არის გარკვეული. ხელფასი კი მასთანაა შესათანხმებელი.

- დასაკარგავი ფეხბურთელები არ გვყავს. როგორ ფიქრობთ, შეიძლება დაბრუნდნენ ნაკრებში რევიშვილი, სალუქვაძე, ამისულაშვილი, ყენია, ვაწაძე... თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს რომელი მათგანი აკლია?
- დასაკარგავი ფეხბურთელები მართლაც არ გვყავს და რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. თუმცა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სჭირდება და ვინ - არა.

- გასაგებია, რომ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ნაკრებში გითამაშიათ და პირადად თქვენი აზრი საინტერესო იქნებოდა...
- გამოცდილებშიც და ახალგაზრდებშიც არიან ფეხბურთელები, რომელთა ნაკრებში ნახვასაც ვისურვებდი. მაგრამ დაკონკრეტებას მოვერიდები. არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც, იმედია, უახლოეს წლებში წამყვან პოზიციებზე გამოჩნდებიან. ასაკობრივ ნაკრებებში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელია.

- საინტერესოა, რატომ არ ჩამოდიოდა ნაკრებში ვაწაძე?
- მას მწვრთნელთან კონფლიქტი არ მოსვლია. ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა. მიხარია, რომ მომჯობინდა და ტრავმა აღარ აწუხებს. იმედია, მათე მალე დაგვეხმარება. მე პირადად ის ძალიან მომწონს.

- ახალგაზრდებიდან ნაკრებში ვის თამაშს ისურვებდით?
- მე მგონია, რომ ამ კატეგორიიდან დასაწინაურებლები ეროვნულ გუნდში უკვე მიიწვიეს. დანარჩენები კი მზარდები არიან, მაგრამ ნაკრებში სათამაშოდ უფრო მეტი პრაქტიკა, გამოცდილება და შრომა დასჭირდებათ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის III ბუნდესლიგის კლუბ "ჰალეშერის" შემტევს, 22 წლის აკაკი გოგიას "ჰერტა" და "ბოხუმი" იწვევენ. მას გერმანული პასპორტი აქვს და იქაურ ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა. ადრე, მისით საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობაც იყო დაინტერესებული. ახლა ეს ინტერესი გაქრა?
- არ გამქრალა, ინტერესი ნამდვილად არის. გოგიასაც და მისი ოჯახის წევრებსაც ფეხბურთის ფედერაციიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ კიდეც. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცით, რა მიზნები აქვს ფეხბურთელს.

- მას გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედი ჰქონდა. დღევანდელი გადასახედიდან, ეს არარეალური ჩანს. ასეთ დროს, საქართველოს ნაკრებში თამაშის წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს? როგორც ამტკიცებენ, ბოლო დროს, მან საქართველოსთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადებები გააკეთა.
- მე გოგიას წარმატებები და წინსვლა გამახარებს. მჯერა, ადრე თუ გვიან მაღალ დონეზე ითამაშებს და იქნებ, საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს. მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. თუ დაგვთანხმდება, გაგვიხარდება. დღეს კი მისი ნაკრებში ჩამოსვლა რეალური არა მგონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვინმემ დაასახელეთ ერთ მიზეზი, რატომ უნდა დარჩნენ არველაძეები ფედერაციაში.ან სიჭინავა ან სხვები. ამ გუნდმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ფაქტი სახეზეა და არ სჭირდება მტკიცება. ვფიქრობ რომ, ისინი უყოყმანოდ უნდა წავიდნენ და არ გაიტეხონ სახელი
levani
06:38 14-12-2014
0
ისე ამათი საქმეა ტატიშვილთან და კიდეც უფრო მასხარა ვანოს შოუში ვითომ თბილისური "ღადაობა"!!!აბა ერთი ქეცბაიაზე ცუდი ათქმევინეთ?ნურას უკაცრავად,იმწუთში ამოტივტივდება ამათი გარიგებები!
ლევანი
09:41 14-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული