დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0 - ჩისკო გოლით და სუპერთასით წავიდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რეკორდები და გაცილება
"დინამოს" ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა გუნდმა ერთი წლის განმავლობაში სამივე ტიტულის (ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი) მოპოვება შეძლო (1996 და 1997 წლებში); და აი, 17-წლიანი პაუზის მერე "დინამომ" მესამედ მოახერხა "ტრიპლეტი" და გუნდის დღევანდელი თავკაციც, კახა გოგიჩაიშვილიც ისტორიაში შევიდა: ერთადერთია, ვისაც საქართველოს სუპერთასი მოგებული აქვს როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს!

...გუშინდელი სუპერთასის მატჩის მერე, ჩისკოს გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტების, ალექსანდრე ჩივაძისა და გია ფირცხალავასგან სამახსოვრო საჩუქრები სხვებმაც მიიღეს, ასევე რომ დაასრულეს თავიანთი აქტიური კარიერა: ეროვნული კატეგორიის
არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა (თავის უკანასკნელი შეხვედრა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ რომ იმსაჯა), ფიფას ასისტენტმა გურამ ჩიგოგიძემ და ეროვნული კატეგორიის ასისტენტმა ჯუმბერ ბუიშვილმა.

სამომავლოდ გასათვალისწინებელი
უკვე ვეღარც გაგვიხსენებია, მერამდენე წელიწადია, ერთსა და იმავეს რომ "ვამტკიცებთ": საქართველოს სუპერთასის ასეთ დროს (დეკემბერს ვგულისხმობთ) ჩატარებით თვითონ ამ გათამაშების პრესტიჟი ილახება! უფრო მეტსაც ვიტყვით: დეკემბერსა თუ თებერვალში სუპერთასის მატჩის გამართვას, ჩვენი აზრით, სულ... არჩატარება სჯობს!

ყოველ შემთხვევაში, გუშინ (ისე, როგორც შარშან, შარშანწინ თუ იმისწინ), რბილად რომ ვთქვათ, მოსაწყენზე-მოსაწყენი თამაშის (განსაკუთრებით - პირველი ტაიმის) მომსწრენი გავხდით და ორივე გუნდის ფეხბურთელებიც, გულის სიღრმეში, ალბათ, დამსახურებულ შვებულებაში გასვლაზე უფრო ფიქრობდნენ.

ჰო, მხოლოდ მოტივაცია კი არა, პეწი და ეშხი აკლდა გუშინდელ მატჩს - თითქოსდა, მოვალეობის მოხდის მიზანს ემსახურებოდაო, საერთოდ, ამ შეხვედრის გამართვა.

თუმცა, გუშინაც აღვნიშნეთ, რომ ძალიან ხშირად თვითონ ჩვენი გუნდები (შესაბამისად, ჩემპიონი და თასის მფლობელი) არიან ხოლმე წინააღმდეგნი, მთელ ევროპაში ყველასათვის მისაღებ დროს რომ გაათამაშონ საქართველოს სუპერთასი...

მოსაწყენი პირველი ტაიმი
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან, პირველი წრის ბოლო ტურში "ჩიხურამ" 1:0 მოუგო "დინამო თბილისს" და ოთხი დღის წინანდელ მატჩთან შედარებით, კახა გოგიჩაიშვილმა თავისი გუნდის ძირითადში ოთხი ცვლილება განახორციელა.

აი, რაც შეეხება მის გამოცდილ კოლეგას, სოსო ფრუიძეს, "ჩიხურას" თავკაცმა იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი თორნიკე მუმლაძე თადარიგში დატოვა, შეტევის წინა ხაზზე კი დისკვალიფიკაციამოხდილი ბესიკ დეკანოიძე გაამწესა.

"დინამოსაც" ეული ფორვარდი (ჩისკო) ჰყავდა და სწორედ ესპანელის მოხდენილ პასს მოჰყვა გუშინდელი მატჩის პირველი სახიფათო მომენტი, მაგრამ ასევე დისკვალიფიკაციამოხდილმა გიორგი პაპუნაშვილმა მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა.

ტაიმის ბოლომდე ბევრი საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით გიორგი პაპუნაშვილის, ლაშა თოთაძის (ორივე - "დინამო") და ზვიად სიხარულიას შორეულ დარტყმებს;

რაც შეეხება მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებს, ასეთები მეტოქეებს თითო-თითო ჰქონდათ: გიორგი კორიფაძის გამჭოლი გადაცემის მერე ბესიკ დეკანოიძე თავით ეფექტურად ცდილობდა გოლის გატანას; საპირისპირო კართან კი "ჩიხურას" მცველ-მეკარის შეუთანხმებელ მოქმედებას, ცოტაც და, საბა ლობჟანიძე სათავისოდ გამოიყენებდა.

მეტ-ნაკლები გამონათება
ამ მართლაც მოსაწყენ თამაშს მაინც ჰქონდა "გამონათება": ორივე გუნდის ფანები მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად და აქტიურად ქომაგობდნენ და პეტარდების აფეთქებებითაც "დინამო არენაზე" შეკრებილ გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ;

თუმცა, მეორე ტაიმის საწყისი 10 წუთიც "ზომაზე მეტად" ფრთხილი გამოდგა, ვიდრე სტუმართა პირველივე სახიფათო კონტრეშეტევას არ ვიხილავდით: შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე მუმლაძემ მარცხენა ფლაგზე ისე იაქტიურა, რომ პენალტიც "აიკიდა"!

თუმცა გამოცდილ თეიმურაზ ღონღაძეს (გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული რომ გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში) ნერვებმა უმტყუნა და თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ბურთი კარს ზემოთ გადააცილა!

აი, ამის მერეღა "გამოჩნდა", რომ დინამოელებს სეზონის დასრულება მესამე ტიტულითაც სურდათ!

მოკლედ, "დინამო" საგრძნობლად გააქტიურდა, კახა გოგიჩაიშვილმაც შეცვლებით რამდენიმე ტაქტიკური გადაადგილება მოახდინა და ბურთიც, უმეტესად, "ჩიხურას" საჯარიმოსა თუ მის სიახლოვეს "ტრიალებდა"; თუმცა გიორგი პაპუნაშვილის, მათე ცინცაძის, ლაშა პარუნაშვილისა და ლაშა შერგელაშვილის მცდელობებს შედეგი ვერ მოჰქონდა.

აი, "ჩიხურამ" კი მთელი მატჩის განმავლობაში, ფაქტობრივად, მეორე კონტრშეტევა კინაღამ გოლად აქცია: დაუღალავმა თეიმურაზ ღონღაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე თორნიკე მუმლაძეს გადააწოდა, რომლის "მოჭრილად" დარტყმული ბურთიც "დინამოს" კარის ხარიხას მოხვდა!

ეს 83-ე წუთზე მოხდა. მერე იყო ლაშა შერგელაშვილის უაღრესად სახიფათო "სტანდარტული" და არბიტრის მიერ დამატებული სამი წუთიც. თუმცა პირველივე დამატებულ წუთზე ჩისკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და ამით ყველაფერი მორჩა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იმასღა დავძენთ, რომ თბილისის "დინამოს" ამ გამარჯვებით საქართველოში საფეხბურთო წელიწადი დასრულდა!

მატჩის შემდგომი კომენტარები:
საბა ლობჟანიძე: "დინამოსთან" ერთად ჩემი პირველი ტიტული მოვიპოვე

მაქსიმე ქვილითაია: ბოლო წუთზე გოლის გაშვება ყველაზე მძიმე გადასატანია

გიორგი პაპუნაშვილი: "ჩიხურასთან" ის ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც "დინამოს" შეშვენის

დავით ოდიკაძე: ჩისკოს გოლის გამო წაგება ისე არ მეწყინა, როგორც უნდა მწყენოდა

საქართველოს სუპერთასი
11.12. თბილისი. "დინამო არენა". 300 მაყურებელი
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:0
გოლი: 1:0 ჩისკო (90)
გამოუყენებელი პენალტი: ღონღაძე (59. ჩიხურა, ააცილა)

დინამო (4-1-4-1): მიგინეიშვილი - კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი, თოთაძე - ცინცაძე - პაპუნაშვილი, ჯანელიძე (63. ჩირგაძე), პარუნაშვილი, ლობჟანიძე (79. შერგელაშვილი) - ჩისკო (90. პაპავა).
სათადარიგოები: გ. მჭედლიშვილი, ხიზანიშვილი, ჩირგაძე, დ. ჯიქია, დაუშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ჩიხურა (4-2-3-1): ქვილითაია - ოდიკაძე, კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი, თ. ღონღაძე - კორიფაძე, სიხარულია (46. მუმლაძე), ქიმაძე - დეკანოიძე.
სათადარიგოები: ბაჯელიძე, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, იაკობაშვილი, ივანიშვილი, მწყერაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: თოთაძე (49), ოდიკაძე (58), ცინცაძე (75)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 300 მაყურებელი ლურჯებს არ უყურებთ თქვენ? 3000 რომ დაგეწერათ კიდევ მესმის.
avto
12 დეკემბერი 2014 10:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული