რევაზ არველაძე: იქნება სფფ-ის არჩევნებში ჩარევა? იქნება პასუხი!

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთისთვისაც სრულდება 2014 წელი, წელი, რომლის შეჯამებასაც "ლელოს" შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი წლის ანალიზი და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე აზრის გამოთქმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ვთხოვეთ.

ქართულ ფეხბურთში ახლა ბევრი პრობლემაა და არველაძესთან საუბრისას ვეცადეთ, მათთვის გვერდი არ აგვექცია. გარდა ამისა, ჩვენი მსჯელობა 2015 წელსაც შეეხო, რომელიც ქართული ფეხბურთისთვის მოვლენებით გადატვირთული იქნება. სხვა თუ არაფერი, გაისად თბილისი ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს.

გარდა ამისა, გველის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჩვენი რესპონდენტიც იქნება...

მოკლედ, დროა,
სიტყვა მივცეთ რევაზ არველაძეს...

- წლის ბოლოსთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკვე ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. საინტერესოა, როდის შეიკრიბება ეროვნული გუნდი პირველად კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით?
- როგორც იცით, 25 მარტს, თბილისში იგეგმება ამხანაგური შეხვედრა მალტის ნაკრების წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრაში შედგება საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის დებიუტი. მისი ხელმძღვანელობით, პირველი სანაკრებო შეკრება იქნება სწორედ მალტასთან მატჩის წინ. 29 მარტს კი გერმანიის ნაკრებთან გვიწევს თბილისური ევროშესარჩევი შეხვედრა.

- მას შემდეგ, რაც ცხადაძე ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუ ისაუბრეთ მასთან მომავლის გეგმებზე?
- კახა მეორე დღესვე გაფრინდა თბილისიდან. წასვლის წინ შევხვდით და ვისაუბრეთ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა პრობლემას შევეხეთ და ამომწურავად განვიხილეთ, თუმცა, საუბარი რომ შედგა, ფაქტია.

- ხომ არ შეიძლება, საზოგადოებას ვამცნოთ კახა ცხადაძის ასისტენტების ვინაობა?
- ახლო მომავალში მთავარი მწვრთნელი ამას თავად გააკეთებს და ყველა ერთად გავიგებთ იმ სპეციალისტების ვინაობას, რომლებიც ცხადაძეს საქართველოს ნაკრების გაწვრთნაში დაეხმარებიან.

- ქართველი ლეგიონერების კლუბები, ძირითადად, ანტალიაში გაივლიან შეკრებებს. ხომ არ ჩავა იქ ეროვნული გუნდის დამრიგებელიც ლეგიონერებზე დასაკვირვებლად?
- კახა ისედაც მიდის ანტალიაში ბაქოს "ინტერთან" ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენს ფეხბურთელებსაც დააკვირდება. ამას გარდა, იქ იქნება ზოგიერთი ქართული გუნდიც... საერთოდ, ყველაფერს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დაგეგმავს, ჩვენ კი ეს გეგმა უნდა შევასრულოთ.

- მოდით, მოკლედ შევაფასოთ 2014 წელი. როგორი იყო ის ქართული ფეხბურთისთვის?
- მეც და თქვენც ძალიან რთულ და პრობლემატურ სფეროში გვიწევს საქმიანობა - ეს ფაქტია. თუ საქართველოს ეროვნული ნაკრების კუთხით მივუდგებით საკითხს, წარუმატებელი წელი იყო.

ნორმალური შედეგები გვქონდა, ასაკობრივ ნაკრებთა გამოსვლას თუ შევაჯამებთ. დავიწყეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგალითად - რუსთავში. შეძლებისდაგვარად ვუვლიდით სტადიონებს, განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები.

- ევროტურნირებზე ქართულმა გუნდებმა ძალიან ცუდად ითამაშეს. რას იტყვით ამის თაობაზე?
- სამწუხაროდ, ასე იყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2015 წელი ამ მხრივ უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. შეუძლებელია, რომ თუნდაც დღეს არსებული ვითარების შენარჩუნება ვერ მოვახერხოთ, როცა ქართული კლუბების ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი, მილიონნახევარი ლარია.

ჩვენი მიზანია, უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს და ეს არ არის უტოპია თუნდაც ჩვენი რესურსით. თუ გვექნება "ზესტაფონის" დონის მაღალბიუჯეტიანი პროექტები, ამას რა აჯობებს.

აქვე, მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომელიც უკვე გამოვხატე ამ კლუბთან დაკავშირებით: პირადად მე, როგორც ერთი რიგითი ქომაგი და ფეხბურთის ფედერაცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ზესტაფონი" გადარჩეს. ზესტაფონში არამც და არამც არ უნდა მოკვდეს ფეხბურთი!

- უნდა გკითხოთ 16-გუნდიან პირველობაზეც. რამდენად გაამართლა მან მოლოდინი? ფაქტია, არის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა...
- ჩემი აზრით, 16-გუნდიან მოდელზე გადასვლა გამართლებული იყო. ფაქტია, ამ პოზიციაზე მარტო არ ვარ.

- თბილისში გასამართ სუპერთასის მატჩზეც ვთქვათ...
- უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენთვის. დიდ მატჩს ღირსეულად უნდა ვუმასპინძლოთ და ამის წინაპირობაც არსებობს.

- 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია. თქვენ ერთ-ერთი კანდიდატი ხართ. რას იტყოდით წინასაარჩევნო მოლოდინზე? ფაქტია, რა ხანია, ნატვრად გვექცა სუფთა არჩევნები...
- ჩვენი მხრიდან ვდებთ პირობას, რომ არ შეექმნება არანაირი პრივილეგია და სასათბურე პირობები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ამასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ დაუშვებს არჩევნებში არანაირ ჩარევას.

- და მაინც, თუ იქნება ჩარევა?
- მაშინ იქნება შესაბამისი პასუხი.

- თქვენ მაინც გაგვაგებინეთ, იყრის თუ არა ზვიად სიჭინავა კენჭს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში?
- სიჭინავამ მაშინ თქვა, მე არ ვაპირებ კენჭისყრასო, ოღონდ იქვე დასძინა, გარემოება ბევრს განაპირობებსო. მანვე ისიც თქვა, რომ ის და რეზო არველაძე ძმები არ არიან. იყრის თუ არა სიჭინავა კენჭს, ის და რეზო არველაძე არ დახოცავენ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი თავად ზვიადს ექნება.

- ჩვენი საუბრის ბოლოს გვინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ...
- გმადლობთ. საქართველოს ვუსურვებ ხვავს და ბარაქას, მშვიდობას, მეტ განათლებულ მამულიშვილს, ძლიერ ეკონომიკას... ვისურვებდი, რომ აღარ ყოფილიყოს ქართველთა შორის შური, ბოღმა და გაუტანლობა. თქვენს გაზეთს კი ვუსურვებ დღეგრძელობას, მკითხველთა სიმრავლეს და ქართული სპორტის, ფეხბურთის წარმატებების გაშუქებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
Exla gagaxsendat chareva aqamde xmas ratom ar igebdit tu chaurevlad airchies sijinava. Tqven ar gaqvt ufleba martod qartuli fexburti. Gekot shegveshvit.
Gala
14:22 30-12-2014
0
საკმაოდ გახმაურებული არჩევნების დროს,როდესაც,ფედერაციის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ნემსაძე,არჩევიდან 1 საათში გადადგა აშკარა ჩარევის შედეგად,თქვენ მაშინ ფედერაციის მაღალჩინოსანი ბრძანდებოდით და ასევე მაღალჩინოსნად გაგრძელე მუშაობა იქვე.სამწუხაროდ ვერ გავიხსენე თქვენი პასუხი მაშინდელ აშკარა ზეწოლაზე ხელისუფლების მხრიდან და იქნებ შეგვახსენოთ ბატონო რეზი როგორი,იყო მაშინ თქვენი პასუხი როგორც ფედერაციის მაღალჩინოსნის?როგორც ავტორიტეტის მქონე პიროვნების საფეხბურთო სამყაროში?როგორც ვეტერანი ფეხბურთელის და უბრალოდ პატიოსან,წესიერი კაცის?
daviti
14:31 30-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული