"კოკოს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ამბროზინის - თვალი დალურჯებული"

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ფოცხვერია "ლელო WEEK-თან" საინტერესო ისტორიებს იხსენებს...

ზარი საქართველოდან
- 1996 წელს "ვერდერში" მიმიწვიეს, კლუბმა იჯარაში ფული გადაიხადა და დუბლებში ვთამაშობდი, სადაც მწვრთნელი თომას შააფი გვყავდა. გერმანელებს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ ზაპოროჟიელებმა არარეალურად დიდი თანხა მოითხოვეს. პერსპექტიული ბიჭი ვიყავი და არა - კლინსმანი ან გულიტი. დუბლების მოთამაშეში კი იმ დროს ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს არავინ გადაიხდიდა.

მაშინ სხვა გუნდებიც მიწვევდნენ: გერმანიაში გაზაევი და ტარხანოვი დამიკავშირდნენ და "ალანიასა" და მოსკოვის ცსკა-ში თამაში
შემომთავაზეს... მოსკოვის "დინამოც" მიწვევდა.

ფულის გამო გერმანიაში არ გამიშვეს და ზაპოროჟიელებთან კონფლიქტი მომივიდა.

გავიდა დრო და "მეტალურგიდან" წამოვედი. ამ დროს ზარია - მოსკოვის ცსკა მიწვევს. წავედი. იმ წელს რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა, სადაც ტარხანოვი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და მე არ ვიცოდი, თურმე, აინტერესებდა, რუს თავდამსხმელებს გავუწევდი თუ არა კონკურენციას.

2 საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე და 2-2 გოლი გავიტანე. მოკლედ, ჩემი დარჩენა გადაწყვეტილი მგონია, როდესაც ცსკა-ს ბაზაზე შავსათვალიანი "ვიშიბალები" დამადგნენ.

მანამდე "შახტარიდან" მირეკავდნენ, ჩვენთან გაზრდილი ბიჭი ცსკა-ში რატომ მიდიხარო? მოსკოვის "დინამო" იყო დაინტერესებული და მოულოდნელად, ჩემზე მათაც უარი თქვეს. ეტყობა, რინატ ახმეტოვმა თავისი კავშირებით მიაღწია იმას, რომ ჩემზე ყველა რუსულმა გუნდმა უარი თქვა.

სხვა რა გზა იყო? ბილეთები მომიტანეს და დონეცკში გადავფრინდი. რა პირობებიც წავუყენე, "შახტარი" ყველაფერზე დამთანხმდა და მაგარი კონტრაქტი გავაფორმე. მერე იქ უკრაინის ჩემპიონატის პირველი თუ მეორე წრის ბომბარდირი გავხდი.

ამ დროს დამიკავშირდა ქართველი ჟურნალისტი და ინტერვიუ ჩამომართვა - ჩვენს ახალგაზრდულში ითამაშებო? ამის მერე უკვე ახალგაზრდულის მაშინდელი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი მელაპარაკა. შემდეგ გავიგე, თურმე "შახტარში" ეუბნებოდნენ, ფოცხვერიას უკრაინის ნაკრებში სურს თამაშიო. არადა, დონეცკში მიწვევას მიმალავდნენ და გული მწყდებოდა - ნუთუ საქართველოში ჩემით არ ინტერესდებიან-მეთქი?

როგორ ჩავიკეტე საპირფარეშოში...
- გუცაევმა პირველად კიევში, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩისთვის გამომიძახა. ამ დროს "შახტარიდან" უკრაინის ნაკრებში გამოძახებულ რამდენიმე ფეხბურთელს შორის მეც მოვხვდი. ბორისპოლის აეროპორტში უკრაინელთა ადმინისტრატორი გვხვდება, ჩემს ჩანთას მანქანაში დებს და კონჩა-ზასპეს ბაზაზე წაყვანას მიპირებს.

დაბრძანდითო, მეუბნება. არა, მე თქვენთან არ მოვდივარ-მეთქი. მეჭიდავა, უნდა წამოხვიდეო. მე კი ავდექი და საქართველოს ნაკრების სასტუმროში მივედი. გუცაევმა მეორე ტაიმში შემიყვანა და მართალია, 1:3 წავაგეთ, მაგრამ მე მაინც გავიტანე და უზომო სიამაყე ვიგრძენი.

გუცაევმა ძალიან კარგი ნაკრები ჩამოაყალიბა და ჯგუფში იტალიას გადავუსწრეთ. გახსოვთ, რუსთავში იტალიას რომ მოვუგეთ? იქ კოკოსთან და ამბროზინისთან ვიჩხუბე. ბურთი მე მქონდა, როცა მსაჯმა ჩასტვინა და ჯარიმა დანიშნა. ამ დროს კოკო მომვარდა, ფეხი მომიქნია და ბურთის წართმევა მომინდომა. მეც დავარტყი. მერე მის საშველად ამბროზინი გამოხტა და იმასაც ვუთავაზე. თამაშის შემდეგ მაინც შეგვარიგეს. მეც მომხვდა, მაგრამ შესარიგებლად რომ მიმიყვანეს, კოკოს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ამბროზინის კი სახეზე დიდი "ფანარი" "ამშვენებდა".

მათ წინააღმდეგ მერეც ვითამაშე. 1997 წელს დონეცკის "შახტარი" უეფას თასზე იტალიურ "ვიჩენცას" იღებდა. ვიცოდი, რომ ამ გუნდში ამბროზინი და კოკო იჯარით თამაშობდნენ. მატჩის დაწყებამდე გუნდები ერთმანეთს ხელს ვართმევთ და მათ ვეძებ. არ იცოდნენ, მე რომ "შახტარში" ვთამაშობდი. ამბროზინი კოკოსთან ერთად მოდიოდა. ხელი ჩამომართვა, ჩაიარა, მაგრამ მკვეთრად შემომიტრიალდა და კოკოს ჩემზე სიცილით მიანიშნა. ძმებივით გადამეხვივნენ და მეც გულიანად ჩავეხუტე... ჩხუბი ეპიზოდია, ადამიანობა კი არ უნდა დაკარგო.

დონეცკში ძირითადში მათამაშეს, საპასუხო შეხვედრაში კი სკამზე დამსვეს. შესვენება დასრულდა. მეორე ტაიმი რამდენიმე წუთის განახლებულია. ვაგებთ. ამ დროს მწვრთნელი ყვირის - "ფოცხვერია, მოემზადე!". ბიჭებმა გამოიხედეს, ვერ დამინახეს და ყველა შოკშია - არ ვჩანვარ. იცით, რა მოხდა? საპირფარეშოში ვიყავი და გასახდელიდან ყველაზე გვიან გავედი. გუნდი კი გასულია და კარი დაკეტილია! ვყვირი - "გააღეთ კარი!", მაგრამ სტადიონზე ტიფოზები ისეთ დღეში იყვნენ, ჩემი ხმა არავის ესმოდა. ბოლოს დარაჯმა გაიგო... სათადარიგოების სკამთან მივირბინე და აქოშინებული რომ დამინახა, მწვრთნელმა იფიქრა, უკვე მოითელაო და მოედანზე შემიშვა.

ერთი მაგარი ისტორია უკრაინის თასის ფინალში გადამხდა. "შახტარმა" "დნეპრს" მოუგო, დაჯილდოების დროა და, რატომღაც, თასის გადმოცემას აყოვნებენ. რა ხდება-მეთქი? შავ კოსტიუმში გამოწყობილ კაცზე მიმანიშნეს, რომელსაც სახით ვერ ვხედავდი, იმას ველოდებითო. "მუჟიკ", დროზე მოდი-მეთქი. გამოიხედა და... უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმაა! იცით, რა მკაცრად გადმომხედა?! მაგრამ თასი რომ ავწიეთ, კუჩმას გადავეხვიე და მერე ამ ფოტოს სახლში ვინახავდი.

ბიჭები მეხუმრებოდნენ, ასე კუჩმას ამერიკის პრეზიდენტი არ მიმართავს, შენ რა "ძერზკი" ყოფილხარო?!

...ფოცხვერია, ქართველებმა დაგივიწყესო?!
- "შახტართან" კონფლიქტი საქართველოს ნაკრებში თამაშის შემდეგ დამეწყო. შემადგენლობაში უფრო და უფრო ნაკლებად მათამაშებდნენ. მწვრთნელი, ვალერი იარემჩენკო "მკბენდა", შენ რა ქართველი ხარ, მშობლიური ენაც არ იციო. მივხვდი, რაღაცას სერიოზულად ურევდნენ.

არადა, ნაკრებში ვთამაშობდი, კონფლიქტი ახალი გაღვივებული იყო და სინჯებზე მიწვევდნენ "არსენალი", "ფიორენტინა" და "ლაციო", "ოლიმპიაკოსი" და "როდა" კი პირდაპირ კონტრაქტს მთავაზობდნენ. ევროპაში თამაში მსურდა, მაგრამ "შახტარი" არ მიშვებდა, ტრანსფერში 4-5 მილიონს ითხოვდა და მეც პირობების გაუმჯობესებას მპირდებოდა. თან, რას მიკეთებენ? ტერნოპოლის "ნივასთან" უკრაინის ჩემპიონატის რეკორდი დავამყარე, 26 წუთში 3 გოლი გავიტანე, მეორე შეხვედრაში კი განაცხადშიც არ შემიყვანეს.

ვარჯიშებზე თავს ვიკლავდი, მაგრამ არც მათამაშებდნენ და არც მიშვებდნენ. მიმიწვია მოსკოვის "სპარტაკმა", რომელიც მაშინ უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა. ვთხოვე, გამიშვით-მეთქი. მაშინ უკვე მწვრთნელი ბიშოვეცი იყო. მეუბნებოდა - მაგრად მომწონხარ, შენი იმედი მაქვსო და მაინც არ მათამაშებდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემდეგ, ეროვნულში სულ 4-ჯერ ვითამაშე. დასამალი არაა, გული მწყდებოდა, როცა ახალგაზრდულიდან ხალხს აწინაურებდნენ, მე კი სიაში ვერ ვხვდებოდი. მაშინ გამხნევება მჭირდებოდა.

Sportall.Geარველაძეები, ჯანაშია, იაშვილი და დემეტრაძე მაგრად თამაშობდნენ და ძირითადში დაყენებას ხომ არ ვითხოვდი? მაგრამ მოედანზე სულ 10-15 წუთითაც რომ გავსულიყავი ან განაცხადში მაინც მოვხვედრილიყავი, ძალა მომეცემოდა.

ეროვნულში ისევ გუცაევმა მიმიწვია. ის ჩემდამი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი. ბოსკამპიც დაინტერესდა. ეს იყო და ეს. "შახტარში" კი მწვრთნელი ნაკრებში ყოველი არგამოძახების შემდეგ გასახდელში წამომაძახებდა - ფოცხვერია, ქართველებმა დაგივიწყესო? ამას მერჩივნა, იარაღი ესროლა. ასე ნელ-ნელა, მორალურად მკლავდნენ.

რა დასამალია, უყურადღებობა მწყინდა. მე სულ მეამაყებოდა ქართველობა და წარმომედგინა, რომ თბილად მომექცეოდნენ. მაგრამ არჩევანი არასოდეს მინანია. მეტიც, ახლა ჩემი შვილი იზრდება, რომელიც უკვე საკმაოდ დიდია. ჯერ ლუგანსკის "ზარიაში" ვარჯიშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. ომის გამო, ზაპოროჟიეს "მეტალურგის" აკადემიაში გადავიყვანე.

შვილებმა იციან ჩემი ისტორია და როცა ვაჟს ვკითხე, დიდი ფეხბურთელი თუ გახდები, რომელი ქვეყნის ნაკრებში ითამაშებ-მეთქი, სიამაყით მიპასუხა - რა თქმა უნდა, საქართველოსიო!

შემდეგ მტვირთავად ვმუშაობდი
- კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, მაშინ "ბოსმანის წესი" მიიღეს, მაგრამ მის ამოქმედებას უკრაინაში ხელს უშლიდნენ და წასასვლელად ნახევარი მილიონი მომთხოვეს. ვლადიკავკაზის "ალანიაში" მოსახვედრად, "მერანში" ტრანსფერი ტრანზიტის ვარიანტში გამიკეთეს.

მაგრამ საქართველოში თამაშისას მენისკი დამიზიანდა და ოპერაცია გავიკეთე. რეალურად, კარიერა მაშინ დავასრულე.

ერთი წელი ჩაწოლილი ვიყავი, ადგომა არ შემეძლო. მერე სიარული მეორედ ვისწავლე და ერთი წელი ხელჯოხით დავდიოდი. 2000 წელს კიდევ ორი ოპერაცია დამჭირდა, მერე კი "დნიპროში" ამიყვანეს. სამი თვე ექიმების დაკვირვების ქვეშ ვიყავი, ფიზიკური მზადების კურსი გავიარე და ევგენი კუჩერევსკიმ მითხრა - ფორმას რომ აღიდგენ, შეკრებაზე წაგიყვანთო.

მაგრამ ჯოჯოხეთური ტკივილები მაწუხებდა და ასე რას ვითამაშებდი?! მხოლოდ 2006 წელს მივხვდი, რომ ფეხბურთი ჩემთვის დამთავრდა. სურათი გადამიღეს და მუხლის სახსრები ისე დაზიანებულიყო, თამაშს ვინღა ჩიოდა, ექიმს გაუკვირდა, ხელჯოხის გარეშე როგორ დადიხარო?!

სიარული ახლაც მიჭირს, ხშირად დასვენება მჭირდება.

მაშინ ყველაზე მეტად გამიჭირდა. რა მექნა, ოჯახი მყავდა, შრომა კი სათაკილო არაა და მამასთან მშენებლობაზე დამასაქმეს. მაგრამ ფეხის გამო ფიზიკური შრომა აღარ შემეძლო. ნემსებით დავდიოდი. მტვირთაობა უფრო გამიადვილდა, 2 საათი ვიმუშავებდი და მერე ვისვენებდი.

ისევ უკრაინელი მეგობრები დამეხმარნენ. ჯერ ლუგანსკის "ზარიაში" მენეჯერი გახლდით, მერე კერძო სამენეჯერო სააგენტოში ვმუშაობდი, ბოლო ოთხი წელი კი - "ზარიას" საფეხბურთო აკადემიას სელექციაში ვეხმარებოდი, მერე უკვე სელეციონერადაც ვმუშაობდი.

სარდაფთან ვიჯექით და ყუმბარა ვარდებოდა
- სახალისო სამუშაოც მომიძებნეს, ნორმალური ანაზღაურებაც მქონდა და საქმე კარგად ამეწყო. უკრაინაც ვითარდებოდა, როცა მოულოდნელად ომი დაიწყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთმა მაიდანის იდეები არ გაიზიარა. 2 ივლისს თვითმფრინავმა გადაგვიფრინა. ბომბები რომ გადმოყარეს და ხალხი შიშისგან თავგზააბნეული გაიქცა, ომის დაწყებას მაინც ვერ ვიჯერებდი და ლუგანსკი არ დამიტოვებია. ომი ქალაქის გარეთ მიმდინარეობდა და მეგონა, ქალაქამდე არ მოაღწევდა...

ყველაზე საშინელი ის იყო, ბავშვები ეზოში რომ თამაშობდნენ და ყუმბარა დაეცა. თვალთ დამიბნელდა. არ ვიცი, გარეთ როგორ გავვარდი. ორ თვეში 8 მეზობელი დავკრძალე. მაღაზიები დაკეტილი იყო, შუქი არა, წყალი არა, გაზზე ლაპარაკიც ზედმეტია. საჭმლის მარაგი რომ ამოიწურა, ხალხმა ჰუმანიტარული დახმარებით ოდნავ მაინც ამოისუნთქა, მოხუცებულებს, ქალებსა და ბავშვებს ურიგებდნენ, მაგრამ ჩვენამდე რას მოაღწევდა? ხორბალსა და ფქვილს ვჭამდით.

იცი, რას ვეწეოდით? თავიდან თუთუნს ჩაისგან ვაკეთებდით და გაზეთის ფურცლებში ვახვევდით, შემდეგ ჩაი გათავდა და ფოთლებს ვიყენებდით.

სხვათა შორის, ბოლოს სროლებსაც შევეჩვიეთ, სარდაფებთან ვიკრიბებოდით და კარტს ვთამაშობდით. დავითვალეთ, ყუმბარა 13-15 წამში ეცემოდა, სროლისას წამოვდგებოდით, სარდაფში ნელ-ნელა ჩავდიოდით და 13-მდე ვითვლიდით. თუ ყუმბარა ჩვენს ტერიტორიას აცდებოდა, ბიჭები შეიკურთხებოდნენ და ისევ კარტის თამაშს ვაგრძელებდით.

ყველაზე ძნელი ლუგანსკიდან გამოღწევა იყო. ნაცნობები დამეხმარნენ. იქიდან რომ წამოვედი, არც ფული მქონდა, არც ნივთები და არც საბუთები. სახლი იქ დავტოვე. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მალე ამ წვალებას წერტილი დაესმება.

ის მაინც მახარებს, რომ ბოლოს და ბოლოს ჩემს სამშობლოში დავბრუნდი...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიცით,რომ მიშას შემპირდნენ სამსახურს და ახლა რა ხდება სად არის მიშა? ჩამოიყვანა ოჯახი? გაარკვიეთ გთხოვთ.სტატიის ავტორმა იქნებ მოგვაწოდოს ინფორმაცია.ბატონო მერაბ იქნებ გაარკვიოთ. ამ კაცს თუ ყურადღება არ მიექცა მართლა გადაგვარებულა საქართველო
zura
16:37 08-02-2015
0
შენისთანა ქართველი საქართველოში სულ 10 პროცენტიღა თუ დარჩა
gaga
18:12 08-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული