26 წლის წინათ, როცა "ლელოში" ამ წერილის გამოქვეყნება გადავწყვიტეთ, კარგად გვესმოდა, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იქნებოდა. ასეც მოხდა. საზოგადოების ნაწილი ხარობდა, ნაწილს მეამბოხეების ("ლელოს" ჩათვლით) ანათემაზე გადაცემა სურდა.
პოლემიკისას აშკარად გამოიკვეთა, რომ უმრავლესობა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის იდეას მხარს უჭერდა. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა კი საპროტესტო წერილი გამოაქვეყნეს ჩვენსავე გაზეთში, რომელსაც ხელს მხოლოდ სლავა მეტრეველი და ანატოლი ნორაკიძე არ აწერდნენ.
მერე დამოუკიდებელი ფედერაციის ყრილობაც და 1990
დავძენთ, რომ ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელ ყრილობაზე N1 მანდატით ზემოთ ხსენებული "მეამბოხე", კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი იყო მიწვეული.
თენგიზ გაჩეჩილაძე
საჭიროა თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში?
ვიცი, ბევრს ამ სათაურის წაკითხვაზე ელდა ეცემა და მაინც ჩემი სათქმელი მინდა გაუწყოთ, დრომ მოიტანა და ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას. დღეს სსრ კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი კატასტროფის წინაშეა. ნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს არაფერი ხდებოდეს. ეს ასე არ არის, ხოლო კვლავაც თუ ასე გაგრძელდა, უარესიც მოხდება. მაგალითების მოყვანა ძნელი როდია: შექმნილ გარემოებათა გამო აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდების ურთიერთობა მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება სპორტულ ასპარეზობად ჩაითვალოს.
"სპარტაკის" ფანატებს, საკავშირო პრესის აღიარებით, იარაღისა და ბომბების ისეთი მარაგი ჩამოართვეს, შინაგან საქმეთა ჯარების დივიზიას ეყოფოდა. მათი საბრძოლო ლოზუნგებიც შავრაზმელების ლოზუნგებისგან არაფრით განსხვავდება. რაც ბევრგან სხვაგანაც შეიმჩნევა, ფეხბურთთან მას მეტად სუსტი კავშირი აქვს და ა.შ.
რა ხდება? რამ "გარდაქმნა" ასიათასობით ადამიანი სტადიონებზე, ემოციათა ამ ეპიცენტრში?
შორიდან დავიწყოთ. დავიწყოთ იმით, რომ როგორც ასეთი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში - არასოდეს ჩატარებულა. ტარდებოდა და ახლაც ტარდება რუსეთის ჩემპიონატი (ანუ რუსეთის ღია ჩემპიონატი), მოკავშირე რესპუბლიკების გუნდების რეგულირებული რაოდენობით. ყველა ეს ჩემპიონატი შეძლებისდაგვარად პრიორიტეტს მოსკოვის გუნდებს ანიჭებდა.
სსრ კავშირის პირველი ჩემპიონატების "ჰარმონიის" დამრღვევი მხოლოდ საქართველო იყო. ჯერ იყო და ჩვენი პირველი გუნდი თავდაპირველად საერთოდ არ შეიტანეს დამფუძნებელი ჩემპიონატის სიაში, შემდეგი ჩემპიონატების და ტურნირების ისტორია კი მოკავშირე რესპუბლიკების გუნდებისა და, პირველ ყოვლისა, ჩვენი გუნდის თითქმის გაუთავებელი დისკრიმინაცია გახლდათ.
მაგალითებს აქ არ მოვიყვან (ტომების შედგენა შეიძლება!). განა სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი უნიჭიერესი ფეხბურთელები სსრკ ნაკრებში თითქმის ყველგან რუს სპორტსმენებად ინათლებიან? ეს იმიტომ ხდება, რომ "არ არსებობს" უცხოეთში არავისთვის საბჭოთა ნაკრები, არსებობს რუსეთის გუნდი.
იყო დრო, საქართველოს სსრ კავშირის ფეხბურთის ფედერაციაში წარმომადგენელიც არ ჰყავდა და ყველამ ვიცით, რომ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში საბჭოთა საფეხბურთო ფედერაციიდან არავინ ახლდა ჩვენებს სტუმრად ჩატარებულ მატჩზე...
საკავშირო მანკიერებებმა, ცხადია, "საშინაოც" შვეს. ასე გაჩნდა ჯანსაღ ფესვებს მოკლებული რესპუბლიკური "ნაკრები" - თბილისის "დინამო" და სათანადო თეორიებიც იმის შესახებ, რომ ჩვენ, ქართველებს, თურმე სსრკ-ის ჩემპიონატში (თუ გნებავთ, არცთუ სრულფასოვანში) მონაწილეობის მისაღებად არ შეგვიძლია რამდენიმე გუნდი დავაკომპლექტოთ და ვარჩინოთ.
საკამათოა ახლაც გაბატონებული დოქტრინა იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოს ყველა გუნდის ვალია, "გაუზარდოს" თბილისის "დინამოს" ვირტუოზები". განა ცხადზე ცხადი არ არის, რომ რაც უფრო მეტი იქნება ერთმანეთის მეტოქე ქართული კლუბები, მით უფრო დიდია შანსი ერთი სუპერკლუბის გაჩენისა (შემდგომი გადაკომპლექტებით, რასაკვირველია).
მაგრამ მთელი უბედურებაც ის არის, რომ საქართველოს ჩემპიონატს არ ჰქონდა და არა აქვს არავითარი სპორტული სტიმული. გამარჯვებულის II ლიგაში გადასვლა არც მატერიალურად და არც სხვა პირობებით სახარბიელო არ არის.
აშკარაა, დღესდღეობით ერთადერთი სპორტული სტიმული ევროპული ტურნირები გახლავთ. საქართველოს და ნებისმიერი სხვა რესპუბლიკის გუნდები კი ამ ტურნირებში მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატში წარმატების შემთხვევაში მოხვდებიან...
ხომ არ დადგა დრო, რეგიონალური ან, უფრო გულახდილად ვთქვათ, რესპუბლიკური "ნორმალური" ჩემპიონატის ლიდერები მივავლინოთ უეფას-ს ტურნირებზე? ვითომ მალტისა ან ისლანდიის კლუბებზე ნაკლებად ითამაშებენ "რესპუბლიკელი" ფეხბურთელები ევროპაში?!
სტადიონებზე მაყურებელთა ფსიქოზიც ხომ წლების განმავლობაში დაგუბებული და საჯაროობის პირობებში გადმოხეთქილი ეროვნული ენერგიაა! აბა, გავიხსენოთ ბოლო მატჩები: "დი-ნა-მო!", "დი-ნა-მო"! შეცვალა "საქართველო!", "საქართველომ"! ბოლო სათასო მატჩზე კი ერთი დროშაც არ იყო თეთრ-ცისფერი. სამაგიეროდ, უამრავი სამფერი ფრიალებდა.
ვიყოთ გულწრფელნი: უახლოეს წარსულში ეროვნული მეობის გამოვლენის ლამის ერთადერთ საშუალებას სპორტი წარმოადგენდა. ახლა სხვა დროა და თუ ქვეყნის ჩემპიონატების გათამაშება კვლავ ძველებურად გაგრძელდა, თუ 30-50-იანი წლების ატმოსფერო არ მოისპო, ადვილი მოსალოდნელია სტადიონების დაცარიელება ან, რაც უარესია, "გლადიატორთა" სარბიელად მისი გადაქცევა...
ჯერჯერობით კი, უაზრო კოსმეტიკის გარდა, არავითარი მოდერნიზაცია არ მომხდარა: რუსულ "დ"-ს ქართული "თბილისიც" მიაწერეს დინამოელთა მაისურზე. ეს არის და ეს. სხვათა შორის, ეს ბილინგვა ცოტა ხნის წინ აღიარებული სოციალისტური რეალიზმის განსაზღვრას მოაგონებს კაცს: "ფორმით ეროვნულს, შინაარსით კი სოციალისტურს"...
უმთავრესიც ვახსენოთ - დიდი ხანია გვჭირდება ეროვნული ნაკრები. ეს გუნდი კი ეროვნული ჩემპიონატის გარეშე არ (და ვერც) შეიქმნება! მხოლოდ ჩვენი ერის განსაკუთრებულ ნიჭიერებას უნდა ვუმადლოდეთ საოცარ მიღწევებს: 1956 და 1979 წლების სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონობას და 1981 წლის თასების თასს, მოპოვებულს ერთადერთი კლუბის ხარჯზე! და თუ ამ კლუბის კრიზისია, მეტი რომ არ ვთქვათ, ეს ბუნებრივია (პირიქით რომ მომხდარიყო, უფრო საკვირველი იქნებოდა!) "დინამომ", ეტყობა, თავისი მორალური (და სხვაგვარიც) პოტენციალი ამოწურა.
ესეც არაა გასაკვირი, სხვა ქვეყნებს გადავხედოთ: სადღაა მრისხანე "ჩელსი", "ჩეპელი", "კოლო-კოლო!" სამაგიეროდ, სხვები აღმოცენდნენ ეროვნულ ნიადაგზე.
იქნებ განსაზღვრული დროის შემდეგ "ყოფილებმა" კვლავაც აღიდგინონ ძველი დიდება, მაგრამ არსად არ არსებობს მუდმივმოქმედი ძლიერი კლუბი, არსებობს ეროვნული ფეხბურთი.
ქართული ფეხბურთი რომ არ მოკვდეს, მაყურებლისა და საზოგადოების ინტერესების დევალვაცია რომ არ მოხდეს, საჭიროა "ბაღის" შექმნა. "ერის საფეხბურთო ცხოვრება" ხეხილის ბაღს წააგავს: ერთი ხე ნაყოფს ისხამს, მეორე ხმება და ამოძირკვავენ, მესამის ნერგს ახარებენ. თუ ასე არა აქვს აწყობილი საქმე გონიერ მებაღეს და იგი ერთი, თუნდაც ძლიერი და ნამყენი ჯიშის ხის ხარჯზე აპირებს ყოფნას, ადრე თუ გვიან უბაღოდ დარჩება".
ნუ დავივიწყებთ ბრაზილიელი აიმორე მორეირას ამ სიბრძნეს! მე ამას ის მინდა დავუმატო, რომ კარგ ხეხილს მებაღე მხოლოდ საკუთარ ბაღში მოიყვანს.
ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი: ეროვნული პროცესები სპორტში საყოველთაო კანონზომიერებაა (ხშირად ისინი პოლიტიკურ პროცესებსაც უსწრებენ წინ). რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო: ბასკეთი და კატალონია, უელსი და შოტლანდია, ჩეხეთი და მორავია, ვალონია და ჰოლანდია და უამრავი სხვა. სპორტს თავისი ეთნიკური საზღვრები აქვს. ეს შესანიშნავიცაა - ერთია მეტოქეობა სპორტულ ასპარეზზე, ხშირად ადმინისტრაციული დაყოფის ერთგვარ კორექტირებას ახდენს.
სულ ახლო მომავალში ბევრი გარდაქმნაა მოსალოდნელი. მოდით, სპორტსაც ნუ ჩამოვაშორებთ ამ პროცესს. უკუვაგდოთ "ტრაქტორებისა" და "სტალინეცების" ეპოქა და თუ დღეს მთელი სერიოზულობით მსჯელობენ საქართველოს სრულ თვითდაფინანსებაზე და ქართველი ჭაბუკების მიერ სამხედრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიაზე გავლის თაობაზე, ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევქმნათ კიდეც საკუთარი სუვერენული საფეხბურთო სამყარო, რომელშიც, ეჭვი არ მეპარება, უნიჭიერესი სპორტსმენები აღიზრდებიან.
აი, საქართველოს ასეთი პირველობის პირობებში გამოჩნდებიან საერთაშორისო ასპარეზზე ფეხბურთის ოსტატები და არა დღევანდელი საკავშირო თუ რესპუბლიკური უბადრუკი "გათამაშების" შედეგად. ჩვენს მოძმე ერებთან კი შეჯიბრების უთუოდ უფრო დახვეწილ და დემოკრატიულ ფორმებს გამოვნახავთ.
ჩემი წერილი, ეჭვგარეშეა, გარკვეულ რეზონანსს გამოიწვევს, რისი დიდი სურვილი მაქვს: დროა, უძრაობის ხანის "შეჯიბრებების" ჭაობს დავაღწიოთ თავი და ეს, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ სიკეთეს მოიტანს.
ალექსანდრე ჟღენტი
კინორეჟისორი
თბილისი
6 ივნისი, 1989 წელი, გაზეთი "ლელო"
ლუკა,მე 48 წლის ვარ.ისევე უნდა შეგვენარჩუნებინა,როგორც უელსის კლუბები თამაშობენ ინგლისის ჩემპიონატში.ან რამე უნდა გვეღონა(არ ვიცი.ეს მაშინდელი მთავრობის თავსატეხი იყო,რომლებმაც ვერ გათვალე,თუ რა გველოდა 15-20 წლის შემდეგ),რათა მოტივაცია და ინტრიგა ყოფილიყო.გვეყოლებოდა 2-3 ძლიერი კლუბი(როგორც ადრე,"დინამო","ტორპედო","გურია") და ათჯერ უფრო ძლიერი საქართველოს ნაკრები,ვიდრე დღეს.ამ ეტაპზე უნდა ვიბრძოლოდ ამიერკავკასიის ჩემპიონატის ჩამოყალიბებაზე.სხვანაირად უახლოესი 50 წლის მანძილზე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი ვერ გაძლიერდება.შესაბამისად,არც ნაკრები გვეყოლება ძლიერი.
-მონაკოს კლუბი თამაშობს საფრანგეთის ჩემპინატში,ლიხტენშტეინის-შვეიცარიის..
-მევც მომხრე ვიყავი დამოუკიდებელი ჩემპიონატის.იმედი მქონდა სსრკ ჩემპიონატს შემიცვლიდა წარმატებული ეროვნული ნაკრები,ქართული კლუბები ევროტურნირებში...არ მაქვს ემოცია როცა თბილის დინამოს გააქვს გოლი გურიის,ტორპედოს კარებში....და არც ფეხბურთელს გააჩნია საჭირო მოტივაცია ცარიელი ტრიბუნების თვალწინ თამაშის და არც ემზადება სათანადოდ მომავალი მატჩიოსთვის,როცა იცის,რომ ტრიბენებზე 300-400 მაყურებელი თუ იქნება..