ვიტალი დარასელია: მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მამის სახელი არ შემერცხვინა...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველის, ვიტალი დარასელიას ვაჟი, ვიტალი დარასელია-უმცროსი ახლო წარსულში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. თბილისის "დინამომ" 2004 წელს მოსკოვში "თანამეგობრობის თასი" რომ მოიპოვა, მაშინ ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

იყო ვლადიკავკაზის "ალანიას" შემტევი ნახევარმცველი და 2005 წელს, "სპორტ-ექსპრესმა" რუსეთის პრემიერლიგის ამ ამპლუის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მე-3 ადგილი მიაკუთვნა ანდრეი არშავინისა და ცსკა-ს შემტევ დანიელ კარვალიოს შემდეგ. ესეც იმიტომ, რომ ვიტალი დარასელიას მთელი 15 ტური ტრავმის გამო გაუცდა და ამიტომ, ქულები დააკლეს...

კარიერა 2009 წელს,
ტრავმის გამო დაასრულა. 35 წლის ვიტალი დარასელია შარშან, მაისში გაასამართლეს და 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ქართველ თანამზრახველთან ერთად ბინის ძარცვას აბრალებდნენ. დარასელიამ ბრალი არ აღიარა (განსხვავებით, მეორე ქართველისგან), თან მის მიმართ აშკარა სამხილებიც არ არსებობდა. საბოლოოდ, "ბუტირკის" ციხეში გატარებული 14-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ქართველი ფეხბურთელი დარბაზიდან გაათავისუფლა.

"ახლა რუსეთში ქართველებს არ ულხინთ, - ამბობს დარასელია, - ჩემი ბრალეულობის დამადასტურებელი ერთი სამხილიც არ ჰქონდათ, მაგრამ მეორე ბრალდებული უდროო დროს ვნახე. აღმოჩნდა, რომ დაკავებას უპირებდნენ და მეც მასთან ერთად ამიყვანეს.

მომხდარს ძალიან განვიცდი, რადგან მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მამის სახელი არ შემერცხვინა. ამ დროს, დაკავებული ვიყავი ქურდობისთვის! არადა, მოსკოვში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის უფროსი ვიყავი და ნამდვილად არ მიჭირდა საიმისოდ, რომ ბინა გამეძარცვა. მერე გავიგე, რომ, თურმე, ბინაში ჩემი თმის ღერი უნდა დაეგდოთ - თითქოს, იქ მართლა შევედი...

ყველაზე სასაცილო იყო, ამოცნობაზე ვიღაც რომ მოიყვანეს. მილიციის თანამშრომელი მხოლოდ მე მეკითხება - სად დადგებიო? მარჯვნივ-მეთქი. მაგრამ მოწმის შემოსვლამდე, თითქოს გულმა მიგრძნო, ადგილი შევიცვალე და შუაში დავდექი, მოწმემ კი ხელი სწორედ მარჯვნივ მყოფს დაადო...

მაინც დამაკავეს. პროკურორმა ოთხწლიანი პატიმრობა მოითხოვა. ყველაზე მეტად მოსამართლის ფრაზამ გამაცოფა - ქართველები და აფხაზები ყველა მომპარავები ხართო. მე ხომ არ გეუბნებით, ყველა რუსი ლოთია-მეთქი? - ვუპასუხე.

მოკლედ, ორნახევარი წელიწადი მომისაჯეს და გავასაჩივრე. მერე აპირებდნენ სხვა მუხლის წაყენებას - ვითომ, მოპარულ საქონელს ვასაღებდი! ვინც მიცნობს, ყველამ იცინა იმის წარმოდგენაზე, რომ მოსკოვის რომელიღაც ბაზარში ვდგავარ და ვყვირივარ - "კომპიუტერი და ფოტოაპარატი იაფად"!

ბოლოს სიმართლე მაინც გაირკვა - დაყაჩაღებულ სახლთან ვერც სათვალთვალო კამერებმა დამაფიქსირა და ტელეფონის მიხედვითაც დაადგინეს, რომ ქურდობის დროს შემთხვევის ადგილიდან შორს ვიმყოფებოდი. გამათავისუფლეს და აღიარეს, რომ მომხდართან არაფერ შუაში ვიყავი", - იხსენებს ვიტალი დარასელია.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მალე ერთ-ერთ უცხოურ კლუბში თანამდებობაზე დაინიშნოს:

"მომხდარმა პრობლემები მაინც შემიქმნა. მაგრამ არ ვჩერდები - მუშაობას ვაპირებ. სამწუხაროდ, ამას რუსეთში 3 წელიწადის განმავლობაში ვერ მოვახერხებ, რადგან ნასამართლები ვარ. ეს სტატუსი რომ მომიხსნან, სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უნდა გავასაჩივრო.

მაგრამ არის ვარიანტი, რომ სხვა ქვეყნის კლუბში ვიმუშაო. უახლოეს პერიოდში, დაინტერესებული კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები. ახლა დაკონკრეტებას მოვერიდები".

დარასელიას ქართულ ფეხბურთში არსებულ კრიზისზე თავისი მოსაზრება აქვს:

"ჩვენს დროს ხალხს იმედი მაინც ჰქონდა, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდებოდა. იმ პერიოდში ხომ თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა... მაგრამ უკან-უკან წავედით და ეს იმედიც გაქრა.

ჩავარდნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, უპირველესად კი - ჩვენმა შეცდომებმა. ჩემი აზრით, ყველა ცნობილი ვეტერანი უნდა დავასაქმოთ, თუნდაც - ბავშვთა ფეხბურთში. მაგალითად, რატი ალექსიძე - მას ქართული ფეხბურთისთვისაც ბევრი გაუკეთებია და ბევრ მოთამაშესაც დახმარებია, მათ შორის - მეც. ახლა ვცდილობ, რომ მე, რატიმ და გიორგი ანჩაბაძემ საქმე ერთად წამოვიწყოთ, ასე ვთქვათ, ერთმანეთი გავიტანოთ. მაგრამ აჯობებს, რომ იყოს სისტემა, რომელიც ვეტერან მოთამაშეებს დაასაქმებს...

სხვა მიზეზებიც არის. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი შეცდომა უცხოელი მწვრთნელების გაუაზრებელი ჩამოყვანაც იყო. კაცი რომ აქ ჩამოვა, მხოლოდ ბრიყვი იფიქრებს, რომ ჩვენდამი უზომო სიყვარული ამოძრავებს. ფეხბურთი მხოლოდ ფულისთვის არ უნდა ითამაშო, რაღაც სუფთა მაინც უნდა არსებობდეს.

ერთ-ერთი მიზეზი ნაკრებში ბევრი ძლიერი მოთამაშის ჩამოუსვლელობაცაა. სიმართლე გითხრათ, მე ამ ბიჭებიდან ბევრის მესმოდა. არ შეიძლება, ფეხბურთელს უჩიჩინო, რომ მას არაფერი შეუძლია. ხე შეძახილმა გაახმო და ასეთი ლაპარაკით ფეხბურთელი საუკეთესო თვისებებს ვერ გამოავლენს.

არც ის შეიძლებოდა, ყველა გამოცდილს უცებ ხელი რომ ჰკრეს. თუ მათ შემცვლელებს ეძებდნენ, ღირსეულები მაინც მოეყვანათ".

დარასელია მიიჩნევს, რომ ახლა უფრო დამაიმედებელი მდგომარეობაა:

"სამწუხაროდ, თაობაშიც ჩავარდნა მოხდა, ნიჭიერი ბიჭები ვერ გაიზარდნენ და ასე მივიღეთ დღევანდელი კრიზისი. საბედნიეროდ, ნიჭიერი ბავშვები ახლა მაინც წამოვიდნენ. იგივე ოქრიაშვილი აიღეთ - ძალიან მაგარი ფეხბურთელია. მაგრამ მათ თავისებური მიდგომა და გვერდში დგომა სჭირდებათ.

ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება არ ამართლებს. მწვრთნელი ძლიერი მაშინ არის, როცა სხვადასხვა ხასიათისა თუ კლასის მოთამაშეებთან საერთო ენას გამოძებნის და მათ გუნდისთვის სასარგებლოს გახდის".

ყოფილი ფეხბურთელი ნაკრების სათამაშო სტილზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ კახა ცხადაძის სჯერა:

"არ შეიძლება, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ დაცვიდან ითამაშოს. იმავე გერმანიასთან დაცვაში ჩაჯდომით მოვიგებთ? ეს ხომ სისულელეა. ამას არ სჯობია, ფეხბურთი ვითამაშოთ? იქნებ, რომელიმე მოთამაშე კარგად გამოჩნდეს და მისით ძლიერი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ.

წააგე, მაგრამ ფეხბურთი ითამაშე, ამას უფრო ექნება მომავალი, ვიდრე დაცვაში ჩამჯდარ გუნდს.

დარწმუნებული ვარ, ცხადაძე გერმანიასთან ერთი თავდამსხმელით არ ითამაშებს. სხვათა შორის, მგონია, ის გუნდს ჩამოაყალიბებს. მასთან ბოლნისის "სიონში" მითამაშია და ვიცი, რომ დავალების კარგად ახსნა, გუნდის სათამაშოდ განწყობა და მოედანზე დამუხტული გაყვანა ეხერხება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარქი კაცო, რას მელაპარაკები. შეუტიე, და 15-0 წააგეო იძახი?! არ შეგრცხვებათ?!
SHUKOVANI
15:44 14-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული