უეფას სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის თასები საქართველოს 11 ქალაქს მოივლის

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მთავარი სიმბოლო, თასი უკვე თბილისშია. თასის წარდგენის საზეიმო ცერემონიალი სასტუმრო "რედისონში" 20 მარტს გაიმართა.

ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. ივლისიდან სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქს თასთან ერთად მოივლის და საპრეზენტაციო ღონისძიებებს გამართავს.

1-ლი აგვისტოდან კი თასი თბილისში დაბრუნდება და სუპერთასის მატჩამდე ქალაქის მასშტაბით იმოგზაურებს. უეფას სუპერთასის მატჩი 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის
გამარჯვებულები შეხვდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, სუპერთასისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს.

"თასი თბილისშია, ეს არის მთავარი სიმბოლო ამ მატჩის. სტადიონის მომზადებისთვის ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც საჭიროა. გერმანიასთან მატჩამდე, ანუ 29 მარტამდე დამთავრდება სამუშაოები ელექტრონულ ბილეთებთან, განათებასთან, გახმოვანებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, ივლისში ჩამოვა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასები, რომლებიც ასევე მთელ საქართველოს მოივლის. გარდა ამისა, სიჭინავამ დღეს ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაიყიდება უეფას ევროპის თასისთვის ბილეთები. მისი თქმით, ბილეთები პირველ ეტაპზე გაიყიდება ელექტრონულად, საიტ Biletebi.ge-ს მეშვეობით.

სიჭინავას განმარტებით, მატჩამდე ორი კვირით ადრე ის ბილეთები, რომლებიც ელექტრონულად ვერ გაიყიდება, უკვე ჩაეშვება საცალო გაყიდვაში და მატჩზე დასწრების მსურველს მისი ყიდვა შეეძლება "დინამო არენის" სალაროებში.

სიჭინავა ვარაუდობს, რომ ბილეთების ელექტრონული გაყიდვა ივნისში დაიწყება. რაც შეეხება მის ღირებულებას, მისი თქმით, ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 7 ევრო, მაქსიმალური კი - 30 ევრო.

3-3 ათასი ბილეთი განსაზღვრული იქნება მატჩის მონაწილე გუნდების გულშემატკივართათვის; ასევე, მათთვის იქნება განსაზღვრული, თუ დამატებით მოითხოვეს 10 ათასი ბილეთი, 60 პროცენტი გაიყიდება ნებისმიერ გულშემატკივარზე, ვისაც დასწრების სურვილი ექნება.

ამასთან, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მაქსიმალურად გამორიცხული იყოს, რომ ბილეთები გადამყიდველებმა არ გაყიდონ. მისი თქმით, ბილეთის ყიდვის შემთხვევაში დაფიქსირდება მყიდველის პერსონალური ინფორმაცია და ერთ ადამიანს მაქსიმუმ 9 ბილეთის ყიდვა შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
9 ბევრია, მაქსიმუმ 3 ბილეთის შეძენის უფლება უნდა დაეშვათ
anti
15:51 21-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული