"დინამო არენაზე" ტაბლო ახალია, მალე სკამებიც შეიცვლება

AutoSharing Option
29 მარტს, საქართველო-გერმანიის მატჩზე მისულმა მაყურებელმა იხილა, რა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს "დინამო არენაზე", რომელიც 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს...

სამუშაოებით, რომელიც თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, მთავრობის წევრები და თბილისის მერი დაინტერესდნენ და 28 მარტს "დინამო არენა" დაათვალიერეს: ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" უფროს კახა გვანცელაძესთან ერთად გაეცნენ.

უეფას სუპერთასის მატჩისთვის "დინამო არენის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარით ფინანსდება. ფონდის
მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, განათებისა და გახმოვანების სისტემების, პლასტმასის სკამების სრულად შეცვლასა და სხვა სარემონტო სამუშაოებს.

გარდა ამისა, დამატებით გადაწყდა, რომ ტურნიკეტების დამონტაჟების დროს მოჭრილი ხეების ნაცვლად, სტადიონის ეზოში ახალი ხეები დაირგვება და სხვა გამწვანებითი სამუშაოებიც ჩატარდება.

ამ ეტაპზე "დინამო არენაზე" 92 ტურნიკეტია დამონტაჟებული, პროექტის დასრულებისას კი სულ 116 იქნება. ხალხს ყველაზე მეტად თვალში მოხვდა, რომ სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მდებარე შავ-ყვითელი ტაბლოს ნაცვლად, ახალი, თანამედროვე და ფერადი ტაბლო დამონტაჟდა, რომლის გამოცდაც სამი დღე გრძელდებოდა.

სლოვაკურ კომპანია "კოლოზეოს" მიერ დამზადებული ტაბლო რკალისებური კონსტრუქციისაა. ის კომპიუტერით იმართება და მასზე ერთდროულად რამდენიმე ინფორმაციის ჩვენებაა შესაძლებელი.

გერმანიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ იგეგმება ძველი სკამების დემონტაჟი. ეს რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სულ 55 ათასი სკამი შეიცვლება. ამას გარდა, უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს მედიაზონა, რომელიც სრულად შეიცვლება და გადაიხურება.

გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების განათების სისტემის ამუშავებაც: აქამდე არსებული 200 პროჟექტორი კომპანია "ფილიპსის" პროდუქციით შეიცვლება და კიდევ 50 ერთეული დაემატება. შედეგად, სტადიონზე განათების სიმძლავრე 2000 ლუქსამდე გაიზრდება, რაც ნებისმიერი რანგის მატჩის გასამართავად სავსებით საკმარისი სიმძლავრეა.

დამატებულია ვიდეოთვალთვალის კამერები და ეს უკვე ის რაოდენობაა, რასაც უეფას უსაფრთხოების ნორმები ითვალისწინებს.

წინასწარი ვარაუდით, სამუშაოები 2015 წლის ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
!ეროვნული სტადიონის პერიმეტრის ნახევარზე მეტი(!) დახურულია გულშემატკივრისთვის ტრიბუნებთან მოსახვედრად!გულშემატკივრისთვის სტადიონის ტერიტორიაზე შესავლელად ტურნიკეტები დაყენებულია სამხრეთის ტრიბუნასთან და ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება მოხდეს სტადიონის აღმოსავლეთ და დასავლეთ ტრიბუნის მცირე ნაწილთან !!! და ეგრეთ წოდებული ელიტა-ხელისუფლება თავისუფლად რომ შენავარდეს სტადიონზე ხალხისგან განცალკევებით ეზარმაზარ ტერიტორიას იკავებს,პრაქტიკულად პერიმეტრის ნახევარზე მეტს!55 ათასი გულშემატკივარი იჭყლიტება,რომ 100თუ 500(რამდენი ხართ?)თავისუფლად შეგრიალდეს .ეს იყო ქართველთა ოცნება,რომ საბჭოთა კომუნისტური ავტორიტატული ელიტა შეცვლილიყო ქართველი ფეოდალებით?!ასეთი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის იბრძოდა ,ოცნებობდა ქართველი?რატომ ურიგებენ მოსაწვევებს ,თუ მათ ფეხბურთი არ აინტერესებთ(ნაწილი ადგილების ლოჟასთან თავისუფალი იყო)?საბჭოთა კომუნისტური ელიტის პრივილეგიები დღეს ჩაანაცვლა ქართველი,,დემოკრატების,,პრივილეგიებმა!
zaza
13:53 30-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული