ჩვენი ინტერვიუ "გაგრაში" მიმდინარე ამბებით დავიწყეთ. ბოლო წლებში დაკარგული ამბიციების შემდეგ გუნდში უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი პისკოვეცის დაბრუნებამ ბევრს აფიქრებინა, რომ მისი აღორძინების მცდელობასთან გვაქვს საქმე...
- პისკოვეცი იმიტომ ჩამოვიყვანეთ, რომ პლეი ოფში მოხვედრის შანსია და უმაღლეს ლიგაში გადასვლის ბოლო იმედს უნდა ჩავეჭიდოთ. მას ამოცანების გადაჭრა მოკლე დროშიც ეხერხება.
არ დავმალავ - უკრაინაში ცუდი
კლუბში ჩემი ყოფნა მათ რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. თუ დავრჩები, გაცილებით უფრო დიდი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის და წასვლასაც არ გამოვრიცხავ.
- კერძო კლუბია "ზესტაფონიც", რომლის პრეზიდენტ ილია კოკაიასაც შეჰპირდნენ დახმარებას, მაგრამ, რეალურად, ეს ვერ ხერხდება და გუნდი დაშლის პირასაა. თქვენ რისი იმედი გაქვთ?
- ქართული ფეხბურთის სიყვარულით შეპყრობილი სულ ხუთიოდე კაცი ვართ და სამწუხაროა, რომ კოკაიამ მიგვატოვა. რომ იცოდეთ, დანარჩენებსაც უჭირთ და წასვლა-არწასვლის ზღვარზე არიან.
მე ბანკს ვერ გავძარცვავ, ფეხბურთელსაც ტყუილად ვერ ვათამაშებ და მერე ვერ ვეტყვი - აბა, წავედი, კარგად იყავით-მეთქი. ასე ადამიანებს ვერ მოვექცევი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...
სახელმწიფო ფეხბურთში წელიწადში 30 მილიონამდე ლარს იხდის. გადახედეთ ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრებების სიას - ფეხბურთელების აბსოლუტური უმეტესობა კერძო კლუბებიდან მოდის. "გაგრაში" დაიწყო კარიერა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ოქრიაშვილმა, ნაკრებშია თოთაძეც. ვისი გაზრდილები არიან ლორია, კაშია, დვალი, ნავალოვსკი, კანკავა, მჭედლიძე, ყენია, ჭანტურია, ყაზაიშვილი? კარიერას ყველა კერძო კლუბში იწყებდა! სახელმწიფო კლუბებში კი ეფექტი ლამის ნულის ტოლია.
საერთოდ, სახელმწიფო პროგრამაა საჭირო, მაგრამ ლოკალურ ვითარებაში ხელშეწყობა კერძო კლუბებს უფრო სჭირდებათ, ქართული ფეხბურთით დაინტერესებული ბიზნესმენი წითელ წიგნში შესაყვანი რომ არ გახდეს.
- აფხაზეთის მთავრობა რომელიმე კლუბს აფინანსებს?
- ეს არ ვიცი, მაგრამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აფინანსებს "ცხინვალს" და ეს სწორიც არის. მე ერთჯერად დახმარებას ვგულისხმობ, რომ კრიზისულ ვითარებაში "გაგრა" და კერძო კლუბები გადარჩნენ.
- სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე ლაპარაკი 1990 წლიდან დაიწყო, მაგრამ საკითხი ლაპარაკის დონეს ვერ გასცდა. საფეხბურთო სამყაროც სუსტია - პროფლიგაც ვერ შეიქმნა და პარლამენტში ერთი საკანონმდებლო ინიციატივაც ვერ შევიდა...
- ეს გასაგებია, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო ფეხბურთში არის ცუდი მმართველი და ფულს უაზროდ ხარჯავს, ფაქტობრივად, წყალში ყრის. ბელგია კომუნისტური ქვეყანა არ არის, მაგრამ კლუბებს ბევრი რამით ეხმარება.
სახელმწიფოს ჩარევისა და პროგრამის გარეშე კი ფეხბურთის განვითარება ჩვენთან მით უფრო წარმოუდგენელია. მაგრამ არც ეს არის საკმარისი. აუცილებელია, სახელმწიფომ ფეხბურთის ფედერაციასთან ითანამშრომლოს და კატა-თაგვობანა არ ითამაშოს. უნდა დაიდოს პროგრამა, რომელიც ფეხბურთში კერძო კლუბების შემოსავალს შეუწყობს ხელს.
- "ლოკომოტივის" პრეზიდენტი ლექსო თოფურიაც ამბობს - სახელმწიფოს კლუბები საარჩევნოდ, ხმებისთვის სჭირდება და ამ ინერციიდან დღემდე ვერ გამოვსულვართო...
- პოლიტიკურ სამზარეულოში ვერ ვერკვევი. ის კი კარგად მესმის, რომ სახელმწიფომ კერძო კლუბებს მინიმალური პირობები უნდა შეუქმნას, თუ გვინდა, რომ ფეხბურთელები გაიზარდონ. მიახლოებითი გამოთვლით, უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზე 20 მილიონი ლარი მაინც იხარჯება. სახელმწიფოს არ აინტერესებს, მისი სახსრებით ფეხბურთში შედეგს რომ ვერ იღებს, რა არის ამის მიზეზი?
ეს ფული ყველაზე თანაბრად გაანაწილონ, რომ სახსრების მოძიება და მენეჯმენტი ვისწავლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ კერძო კლუბებმა არაფერი დავდოთ, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მოგცეს უფლება, მოგების გადასახადის 10 პროცენტი ისევ კლუბში ჩავდოთ.
ასეთი მიდგომა რომ იყოს ბიზნესისადმი და ამ 10 პროცენტის ფეხბურთში დაბანდების უფლება გვქონდეს, ამ თანხას მერე თავად მოვიზიდავთ. ასე კლუბი ფულის მოძიებას ისწავლის, ფინანსურადაც გაძლიერდება და სახელმწიფოც ამ საქმეს კერძო ბიზნესს გადააბარებს. გამოჩნდებიან ახალი მენეჯერები, ფულის მოსაძიებლად, 20-30 ბიზნესმენთან მივალ, რომლებიც დირექტორატში შემოვლენ, მათ რეკლამებს სტადიონზე განათავსებ და თანამშრომლობის სისტემაც აეწყობა. მთავარი კი ისაა, რომ ბიზნესს ფეხბურთისკენ გზა გაეხსნას.
- ასე ყველა ფეხბურთში ჩადებს ფულს და სახელმწიფო ხომ იზარალებს?
- უნდა დაწესდეს ზღვარი, თუ რა თანხა შეიძლება ჩაიდოს ფეხბურთში და ვითარებას ეს დაარეგულირებს. ეგ არის, რომ კლუბს არჩევნებისთვის ვერ გამოიყენებს, მაგრამ გლობალურად, უფრო მოიგებს, რადგან ხალხი ამ პროექტით კმაყოფილი დარჩება.
კლუბს პირდაპირ რომ აფინანსებენ, იქ სხვა მენტალიტეტი მუშაობს და ფულის ყადრი არ იციან. პლუს, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა უნდა ააშენოს. ევროპაში ყველგან მუნიციპალური სტადიონებია და ჩვენთან რატომ არ შეიძლება, საკითხს ასე მივუდგეთ? ამით ხომ ქუჩას ბევრ ადამიანს მოვაცილებთ?
ბოსკამპისგან ვიცი, რომ გერმანიასა და ბელგიაში განვითარების პროგრამა შეადგინეს და ფეხბურთი კიდევ უფრო წამოსწიეს. ახლა იგივე პროცესი ავსტრიაში დაიწყო და ჩვენ რაღას ველოდებით?
მეორე საკითხია, რომ ფედერაციამ სისტემები და მეთოდები უნდა ჩამოაყალიბოს და მიმართულება მოგვცეს. ასე გაიზრდება გუნდიც, მოთამაშეც და ფეხბურთის დონეც, რაც სახელმწიფო კლუბებით წარმოუდგენელია. იქ თავისიანს დანიშნავენ, რომელიც მერე ბავშვს სუბიექტური მოსაზრებით აიყვანს და ფულს როგორც დახარჯავს, ესეც კარგად ვიცით.
- ლექსო თოფურიას იდეაა, რომ კლუბების მართვაზე ტენდერები გაიმართოს, რათა იყოს კრიტერიუმი, კლუბს ვინ და რატომ მართავს...
- მშვენიერი იდეაა, ძალიან მომწონს. ასე ფული უფრო ყაირათიანად დაიხარჯება. ფაქტია, რაღაც უნდა ვქნათ და მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ მიდგომა შეცვალოს, თორემ ფეხბურთი თავზე დაგვემხო.
- ახლოვდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ზვიად სიჭინავას მემკვიდრესა და მის გუნდზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული...
- რა თქმა უნდა. ჩემთვის სახელები და საფეხბურთო კარიერა ბევრს ნიშნავს, მაგრამ კანდიდატს რაღაც უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მისი შესაძლებლობები რომ ვიცოდეთ. მეორე - უნდა ჰქონდეს პროგრამა და მისი განხორცილების კონკრეტული გეგმა და მერე დავფიქრდები. თორემ, დიდი სისულელე იქნება, კაცი მხოლოდ წესიერების გამო რომ ავირჩიოთ. საქმე, ურთიერთობა და მართვა არ უნდა იცოდეს?
- საარჩევნო ხმისა და ყრილობაზე თავისი პრობლემების განხილვის საშუალება დაბალი ლიგის გუნდებს არ აქვთ...
- ...და ძალიან ცუდია, რომ არ აქვთ. კარგია, რომ აღმასკომში რომან ფიფია შეიყვანეს, მაგრამ მეტი კერძო კლუბი უნდა იყოს წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ასე დელეგატებმა გადაწყვიტეს, სიჭინავა პინოჩეტი კი არ არის...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაღაც ვერ გავიგე, რომელი მოგებიდან გადასახადი? მოგებაზე მუშაობენ ეხლა ქართული კლუბები?
თუ წლის ბოლოს მოგებაზე გადიან მაშინ რაღა აწუწუნებთ კერძო კლუბების მფლობელებს და თუ მოგებაზე ვერ გადიან მაშინ რომელი 10% უნდა ჩააბრუნონ უკან?