გელა კეტაშვილი: კარიერა პატარა კაცებმა დამასრულებინეს

AutoSharing Option
გელა კეტაშვილის კარიერა საფეხბურთო ტრაგედიაა. ჯან-ღონით სავსე კაცმა, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედლის სიტკბო იგრძნო, ორ წელიწადში კარიერა დაასრულა.

წლეულს გელა კეტაშვილი 50 წლის გახდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანმოკლე კარიერა ჰქონდა, იმდენი მოასწრო, რასაც ვერც ერთი ჩვენიანი ვერ შესწვდა - კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში. იყო სსრკ-ს იუნიორთა, ახალგაზრდული და ოლიმპიური გუნდების უცვლელი წევრი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, სადაც საბჭოელებმა ფინალში დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს ბრაზილია, სადაც თამაშობდნენ რომარიო, ბებეტო, ტაფარელი, ჟორჟინიო, მაზინიო...

1983 წელს ქუთაისის "ტორპედოში"
17 წლისა გამოჩნდა და ყველა მიხვდა - დიდი ტალანტი იყო. ერთ წელიწადში თბილისის "დინამოში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც 1990 წლამდე იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სამჯერ ითამაშა საბჭოთა ნაკრებში. ოფიციალურად კი მხოლოდ ერთხელ - 1989 წლის 10 მაისს, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თურქეთის წინააღმდეგ.

იყო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრების პირველი კაპიტანი და ლიტვასთან ისტორიული მატჩის (2:2) მონაწილე. თუმცა ეს იყო "ჯვაროსნებში" მისი უკანასკნელი მატჩიც, რადგან მიზეზთა გამო, კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა.

დიდ ფეხბურთში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, 1995 წელს დავით ყიფიანის მიწვევით, თბილისის "დინამოში" სამი შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო და კარიერა ისე დაასრულა, საკუთარი შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა.

სამსახურიდან პირველი მე გამიშვეს
- წლეულს 50 წლის გახდებით. უკან რომ მოიხედავთ, რას ფიქრობთ?
- უცნაური კარიერა მქონდა და უცნაურ ქვეყანაშიც ვცხოვრობ. საქართველოში ერთად-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ ფეხბურთში და მეგონა, გარკვეულ დაფასებას ვიმსახურებდი. მაგრამ 11 წლის წინ უმუშევარი დამტოვეს. ქვეყანაში რამდენი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემთვის ვერავინ მოიცალა და ერთი სამსახური პრობლემა გამიხდა. ესეც ფეხბურთი ხომ არ არის, სადაც შურმა და გაუტანლობამ მომინელა.

- თქვენს ცხოვრებაში ასეთებიც ხდებოდა?
- ხდებოდა? მთელი ცხოვრება ამან გამიმწარა და რომ იცოდეთ, ჩემი კარიერაც ზოგიერთების შურმა შეიწირა.

- ვის გულისხმობთ?
- შურისძიების გრძნობა არ მამოძრავებს და არც მათი საჯარო განკითხვა მსურს. კონფლიქტური არ ვყოფილვარ, მაგრამ "დინამოში" დიდი განხეთქილებები მოხდა და თამაშგარეში დავრჩი.
Sportall.Ge

- ფეხბურთის შემდეგ, კარგა ხანი, ავტოინსპექციაში მუშაობდით.
- სარეგისტრაციო განყოფილებაში ილია რუხაძესთან ვმუშაობდი და წასვლის შემდეგ შევცვალე.

- ეს თანამდებობა მხოლოდ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ და ისიც, მარჯვენა მცველებს?
- (იცინის). ასე იყო, სანამ მიშა არ მოვიდა.

- ის რაღას გერჩოდათ?
- შს მინისტრად ბარამიძე დაინიშნა და მარჯვენა მცველები განზე გაგვწია. პირველი კი მე გამათავისუფლა. მე არანაირი დანაშაული არ მქონდა, უბრალოდ, ბიჭს თავისი კლასელის დანიშვნა სურდა. ეს იყო და ეს. აბა, ძმაკაცის გამო ოლიმპიური ჩემპიონის მოხსნა რა პრობლემა იყო?

- უმუშევრად დარჩენილს საქმიანობა ფეხბურთშიც არ შემოგთავაზეს?
- არანაირი. კარგა ხანი ასე დავდიოდი. ბოლო წლებში ფედერაციამ მატჩის დირექტორობა დამაწყებინა. ერთი დიდი თანამდებობის კაცი სტადიონის დირექტორობასაც მპირდებოდა. მაგრამ წელს დირექტორების სიიდანაც ამომიღეს... ძნელია ამ ქვეყანაში ცხოვრება.

ჩხუბი მოსკოველებთან
- უფრო სასიამოვნო ამბებს გაგახსენებთ. პირველი მწვრთნელი, კარიერის დასაწყისი და პირველი ტიტულები.
- ვარჯიში "ნორჩ დინამოელში" სერგო აპრესიანთან დავიწყე. ტრიკოტაჟის ქარხანაში იყო გუნდი, სადაც ჟანი ლეჟავამ "ტყავის ბურთზე" დამიმატა. ერთ წელიწადში თემქაზე, "სიხარულში" შუქრი ჭუმბურიძესთან გადავედი და იქიდან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში სულ ვხვდებოდი. ქუთაისის "ტორპედოში" კი მე-9 კლასელი ბიჭი ამიყვანეს.

სხვათა შორის, იმ წელს, უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, მაგრამ ჩემპიონ "დნეპრთან" და მოსკოვის "სპარტაკთან" გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ, "ზენიტს" და "შახტარს" კი ქუთაისში მოვუგეთ.

1983 წლის ბოლოს თბილისის "დინამოში" ნოდარ ახალკაცმა მიმიყვანა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით თამაში ვერ მოვასწარი - მოხსნეს და დავით ყიფიანი დანიშნეს. მაშინ "დინამომ" თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, მაგრამ გუნდში მოხვედრა მაინც ყველა ბავშვის ოცნება იყო. მანამდე კოსტავა "ტორპედოში" გაუშვეს და მის შემცვლელს ეძებდნენ.

ხელი იმან შემიწყო, რომ 13 წლიდან საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებებში ტურნირებსა და ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშებმა საკმაოდ თავდაჯერებული გამხადა და "დინამოსთვისაც" მორალურადაც მზად ვიყავი.

- გამიგია, რომ "ტორპედოში" კარგ თამაშთან ერთად, თავი მოედანზე ჩხუბითაც დაამახსოვრე.
- ეს ჩხუბი მოსკოვის ცსკა-სთან მომივიდა. ქუთაისში ვთამაშობდით და მოსკოველთა თავდამსხმელს ვეძგერე. მსგავსი რამ "დინამოშიც" შემემთხვა: მოსკოვის "ტორპედოს" მცველმა, სერგეი პოლუკაროვმა გია გურული აშკარად "მოჩეხა". დავარტყი და სადისციპლინო კომიტეტმა 2 თუ 3 თამაში გამომატოვებინა.

უეფას თასზე ბუქარესტის "ვიკტორიას" რომ შევხვდით, იმათ მცველთან დან ტოტლინსკისთანაც ვიჩხუბე. ისე უხეშობდა და მწყობრიდან ისე გამომიყვანა, რომ "პადკატი" ყელთან გავუკეთე. ამ თამაშის შემდეგ, მოედნიდან კი არა, ქვეყნიდან გამომაგდეს. თბილისში განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, გადამეხვია და შევრიგდით. ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, ემოციები მოედანზე უნდა დატოვო.

- საბჭოეთის დროს სხვა გუნდებთან როგორი ურთიერთობები გქონდათ?
- კიევის დინამოელებთან ვძმაკაცობდით. კარგი ბიჭები იყვნენ და ერთმანეთს ნაკრებშიც გვერდში ვედექით. მაგრამ იმას ნაღდად ვერ ვიტყვი, რომ ვინმესთან გამორჩეულად ცუდი ურთიერთობა გვქონდა.
Sportall.Ge

ბიშოვეცს რომარიოს მეურვეობა კატეგორიულად მოვთხოვე
- თქვენს კარიერაში განსაკუთრებული როლი სეულის ოლიმპიადამ ითამაშა.
- "მეტალისტთან" შეხვედრისას, ხარკოველმა ბოიკომ მარჯვენა კოჭი მეორედ მომტეხა. ასეთი კოჭით თამაში შეუძლებელი იყო. ყველამ იცის, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი, ანატოლი ბიშოვეცი მაშინ მენდო, როდესაც ჩემი თამაშის იმედი ყველას გადაეწურა. სასწრაფოდ გამოგზავნა ექიმი, ზურაბ ორჯონიკიძე, რომელმაც გადამაფრინა მოსკოვში, სასწაულები გააკეთა და თვე-ნახევარში თაბაშირი მომხსნა.

მაგრამ ვარჯიშებისას ისეთი საშინელი ტკივილები მაწუხებდა, მოედანზე გასვლამდე და შემდეგაც ნემსებს მიკეთებდნენ, მალამოებს მისვამდნენ და ფეხი სულ გადახვეული მქონდა. ბუცებს ბოლომდე ვერც ვიკრავდი.

- აბა, ბიშოვეცმა რატომ წაგიყვანათ?
- მეუბნებოდა, მთელი დაცვა შენზე მაქვს აწყობილი და უნდა ითამაშოო. კაცი ასე რომ მენდობოდა, ვერ დავაღალატებდი და ტკივილებს გავუძელი. იაპონიაში, მოსამზადებელ ეტაპზე წამიყვანა. იქ 4 შეხვედრა ჩავატარეთ. მან გარისკა და მესამე შეხვედრაში 10 წუთი მათამაშა, მეოთხეში კი - 30 წუთი. სეულში კი 5-ივე შეხვედრა გაუსაძლისი ტკივილებით ჩავატარე, თანაც - შეუცვლელად.

იქ ჯგუფში არგენტინას მოვუგეთ, ნახევარფინალში იტალიას, ფინალში კი - ბრაზილიას. ისეთი მონდომებული ვიყავი, იტალიელ რიციტელის ფეხი მოვტეხე. ეს ამბავი მაგრად განვიცადე. ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და ყოველდღე მასთან ავდიოდი. ვიცოდი, რომ ევროპელებს ხიზილალა ძალიან უყვარდათ, ჩვენ კი იმდენი გვქონდა, ვერ ვერეოდით და რიციტელისთან ამქონდა. იცინოდა, თუ გინდა, მეორე ფეხიც მომტეხე, ოღონდ ხიზილალა არ მომაკლოო.

სხვათა შორის, არასოდეს მომიყოლია, ფინალში ბრაზილიასთან შეხვედრის შესვენებისას რომ ვიჩხუბე.

- ასეთი რა მოხდა?
- მე რომარიოს აყვანა დამავალა, მაგრამ კუთხურების დროს, ტანმაღალი სერჟინიოს მეურვეობა დამევალა, რადგან თავით კარგად ვთამაშობდი. ამ დროს კი მასთან სხვა უნდა მდგარიყო, რომელსაც კუთხურის დროს გაეპარა და გაგვიტანა. შესვენებაზე გასახდელში ბიშოვეცს ვეჩხუბე, ეს კაცი მთლიანად მე ჩამაბარე და მოვუვლი-მეთქი.

რომარიო ძალიან უცნაური მოძრაობების მქონე სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო. მასთან ერთი კაცი უნდა მდგარიყო, მეტ-ნაკლებად ალღოს რომ აუღებდა. ბიშოვეცმა, მართალი ხარო და მეორე ტაიმში რომარიო მოედნიდან "დავმალე".
Sportall.Ge
- ცნობილებიდან კიდევ ვის წინააღმდეგ გითამაშიათ?
- მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთის ლამის ყველა ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია - ლინეკერის, შერინგემის, ელკიაერის, ძმები ლაუდრუპების, კანტონას, პაპენის, ბაჯოს აყვანას მე მავალებდნენ.

სხვათა შორის, შერინგემს 1984 წელს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში შევხვდი. ის პირწმინდად ჩავკეტე, ბოლო წამზე კი გამარჯვების გოლიც გავიტანე.

- ფაქტობრივად, კარიერა ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ დაასრულეთ. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ასეთი რა შეგემთხვათ?
- იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, ნაკრებს ვალერი ლობანოვსკი ავარჯიშებდა და ჩემი წაყვანა ნაკრებშიც სურდა და კიევის "დინამოშიც". მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ გაქვს, ხომ ხვდებით, რამხელა სტიმულია? არადა, მიტინგზე გამოაცხადეს, კეტაშვილი იმპერიის ნაკრებში თამაშს აპირებსო და ჩემზე იმხელა აგრესია წამოვიდა, ამან ძალიან დამთრგუნა.

მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა ძალიან კი მინდოდა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო. რეალურად, კარიერა ამიტომაც დავამთავრე. რომ წავსულიყავი, თბილისში ვეღარ ჩამოვიდოდი. მსოფლიო დონის ტურნირების შემდეგ, უცებ უნდა გადმოვრთულიყავი საქართველოს ჩემპიონატზე.

მე ჩემი ქვეყანა არავიზე ნაკლებ არ მიყვარს, მაგრამ მიწაზე ასეთი დანარცხება მაინც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა - კარიერის ყველაზე დიდი ოცნება დამემსხვრა.

- გულახდილად თქვით, სმას ამიტომ მიეძალეთ?
- რა თქმა უნდა. ისე გამოვიდა, "უემბლისა" და "სან-სიროზე" თამაშის შემდეგ, არაფერი მკითხეს და ფეხბურთი წამართვეს. აღარ ვიცოდი, რა მექნა, სტიმული დავკარგე და დეპრესიაში ჩავვარდი. ეროვნული ჩემპიონატის პირველივე შეხვედრამ ფოთის "კოლხეთთან" კი ბოლო მომიღო.

მოედანზე უხალისოდ გავედი. მარჯვენა ფლანგიდან ბურთი რომ ჩამოაწოდეს, დატრიალდა და კუთხურზე მოგერიება მსურდა. მაგრამ ამ ბურთის, "ტანგოს" უცნაური ტრაექტორია ვერ გავთვალე და საკუთარ კარში ჩავჭერი.

მინდოდა, მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი. მერე ამ ავტოგოლს ათასგვარი ბინძური ჭორი მოაყოლეს, რასაც კონფლიქტიც მოჰყვა და ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძელი, ადამიანი ვარ და არა ქვა. ყველაფერზე გაბრაზებულმა რეჟიმი დავივიწყე, სმა დავიწყე და კარიერაც დავინგრიე.
Sportall.Ge

- ფეხბურთში საქმიანობა რატომ აღარ ისურვეთ?
- იმდენად გულნატკენი ვიყავი, სტადიონისკენ გახედვაც აღარ მსურდა. მერე იტყვიან, თაობები არ მოდისო. ამის მიზეზი არავის აინტერესებს? ფული არ გვაქვსო - სისულელეა, თაობები როგორ გაიზრდებიან, როდესაც ქართული ფეხბურთი შურსა და სარმების დადებაზეა დამყარებული?

მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, უნიჭო, მაგრამ ამბიციური ადამიანების "პადნოჟკებს" და ბოლოს ფეხბურთიდანაც მათ გამო წავედი.

- აქაც ბევრი სალიერია?
- სალიერმა მსოფლიო მუსიკაში კვალი მაინც დატოვა. უბედურებაც ისაა, რომ ისინი სალიერებიც არ იყვნენ. თავის დონე რომ იცოდნენ, ამაზე იბოღმებოდნენ.

მე ვქეიფობდი და ვთამაშობდი კიდეც, მაგათ კი არც ერთი შეეძლოთ და არც - მეორე. ამ პატარა კაცუნებმა კარიერა კი დამინგრიეს, მაგრამ იმას ვერ წამართმევენ, რასაც თავად ვერასოდეს შესწვდნენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 22 /
გელა დიდი ფეხბურთი უნდა გეთამაშა და სამწუხაროა რომ 25 წლის ასაკში წახვედი ფეხბურთიდან... მარტო სხვებს ნუ აბრალებ შენი კარიერის დასრულებას. შენი ბრალიც არის. საქართველოს პირველი ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში, პირველი გახსნის მატჩია დინამო- კოლხეთი, გადაჭედილი დინამო, ზღვა ხალხი, ეროვნული ჰიმნი,რა ამბები იყო მაშინ საქართველოში... თქვენ კი ამბობთ რომ, სტადიონზე უხალისოდ გავედიო... ძალიან სამწუხაროა. რატო უნდა გადიოდეს ფეხბურთელი ფეხბურთის სათამაშოდ უხალისოდ?.. თან თუ არ ვცდები გუნდის კაპიტანიც იყავით... 24 თუ 25 წლის კაცი რატო უნდა გადიოდე უხალისოდ სტადიონზე?..
ან რატო უნდა მიეძალო ამ ასაკში ალკოჰოლს?? თქვენზე ბევრად მძიმე და რთული სიტუაციები ქონიათ ფეხბურთელებს მაგრამ გადაულახავთ ის სიძნელეები, ბოლო, ბოლო სპორტსმენი იყავით და ვალდებული იყავით დაგეძლიათ სირთულეები... მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ვეღარ ვითამაშებდიო... ძალიან სამცუხაროა ასე რომ საუბრობთ. იმ საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდნენ კარგ ევროპულ გუნდებში ქართველი ფეხბურთელები. სხვებს ნუ ადანაშაულებთ...
საქართველოსთვის!
09 თებერვალი 2020 10:35
8
კეტაშვილს რომ განიკითხავ მაინტერესებს შენ თუ დადიხარ ახლა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე! კაცი ამბობს მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მეთამაშა და ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადესო! ეს ნორმალურად მიგაჩნია? და რომ ეტამაშა მოღალატე იქნებოდა? და შენ კი იძახი უხალისოდ რატომ გამოვიდაო! ახლა ხო გამოდიან ქართველი ფეხბურთელები ხალისით და ხო ტკბები მაგათი ხალისიანი თამაშით! შენნაირმა პოპულისტებმა დაანგრიეს ქვეყანა! კეტაშვილისნაირი ფეხბურთელი ოქროს თაობის მერე არ ჰყოლია საქართველოს!
ქართველი
13 იანვარი 2021 12:42
0
ეხ როგორ გიყვართ არა ასე სასტიკად სხვისი გაკიცხვა?საინტერესოა თქვენ ! აი ზუსტად თქვენ როგორ მოიქცეოდით კონკრეტულად ამ შემთხვევაში? და რა რას ამბობს არასწორს ?რომ წასულიყო და ეთამაშა ნაკრებში , არ შერაცხავდა მთელი საქართველო ერის მოღალატედ და ჯვარზე არ გააკრობდა?ჯიქიას რუსეთში რომ შეეხითხეს ჩვენს ნაკრებში ითამაშებ თუ საქართველოსიო და ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარო რომ უპასუხა ,თუ გახსოვს რა ქარცვეცხლში მოაქციეს ეს ბიჭი საქართველოში და ეგება ამანაც კი გადაწყვიტა საბოლოოდ რუსეთი რომ აირჩია და დღევანდლამდე აგინებთ! წავიდა და წავიდეს! ახლა გელას რაც შეეხება მიტინგზე გამოაცხადეს რომ თითქოს ნაკრებში მიდისო უცებ დავინახე რა აგრესია წამოვიდაო.....და გიკვირთ მერე ? ეს კაცი ყველა თავის ტრაგედიულ ბედს რაც მე დღეს პირველად გავიგე ! სულ მიკვირდა 25 წლის ასაკში რა მოხდა ასეთი რომ ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო მეთქი ? მე ტრავმა მეგონა ( ნუ რა ვქნა არ ვცხოვრობ მაქ და იმიტომ არ ვიცოდი) და იმის მაგივრად რომ ადამიანურად გავუგოთ ზოგი ლანძღავთ ,ზოგიც ქართველობას უწუნებთ ?! მაგრამ არ ერთს არ დაუწერია აქ რომ ბოლო სამუშაოდანაც გამოაგდეს რომ თურმე ბარამიძეს კლასელის დანიშნვა უნდოდაო! და კაცურია ეს ?! ჰოდა ასეთ არაკაცურ მოქცევებს ვერ ინელებდა ეს კაცი და ნუ გადააყოლეთ რა ......
ემზარ დუისბურგი
15 მარტი 2020 02:49
0
მახსოვს 2003 წელი იყო,ჯერ კიდევ ბნელი,თელავში ერთერთ ავტოკალონკაზე შევედი და რაღაც ჩოჩქოლი იყო,მივედი და გელა ვიცანი სთხოვდა ზაპრავჩიკს 30 ლიტრა საწვავს რომ თბილისამდე ჩავიდეო,ფული არ ქონდა მამენტ,ეუბნებოდა ჩამისხით და ხვალვე გამოვატან ვინმე ტაქსსო,არ უსხავდნენ,აზრზე არ იყვნენ ვინ იყო გელა კეტაშვილი,კი ამბობდა გელა ვარ კეტაშვილიო,მერე მე მოვიყვანე უფროსი და როგორც იქნა ჩაუსხეს,ისე ძაან გაკვირვებული კი ვიყავი რომ გელა კეტაშვილს ფული არ ქონდა,ხდება ესეც სამწუხაროდ
გელა
04 თებერვალი 2020 02:53
0
1) ბუტა, გელა 1965-ანია,მაგრამ სტატიაა 2015-იანი:
2015-1965=50
2) ქართველი, როცა კაცს თამაში შეუძლია და ნაკრებშიც გამოიძახებენ, პატივისცემას ნიშნავს? ე.ი. იმსახურებდა. პროგრესირებადი ფეხბურთელი იყო და მოულოდნელად დაბრკოლებას რომ გადააწყდება 25 წლის ბიჭი და პერსპექტივას ვეღარ ხედავს, ვფიქრობ იოლი არ უნდა იყოს დეპრესიას გაექცეს და მისგან თავი დააღწიოს.
1
03 თებერვალი 2020 23:12
0
გელა 65-იანია,ძმებო...
ბუტა
03 თებერვალი 2020 18:52
3
პატივისცემას მიჩვეულმა ფოთის კოლხეთთან უპატივცემულობას ვეღარ გაუძლო. ეს სისუსტეცაა და ამპარტავნებაც ; ეს მიზეზებია ქართველ ფეხბურთელთა წარუმატებლობების ბრალი
ქართველი
03 თებერვალი 2020 16:51
21
იცით რა გამახსენდა...მაშინ ბავშვი ვიყავი, 9 აპრილი ახალ მომხდარი იყო და ,,სპარტაკს" ვეთამაშებოდით თბილისში. გელამ მოსკოველი მოცელა, გვარად როდიონოვი იყო და ერთი მამაპაპურადაც მიაყოლა შენი გვარიცო...ვისაც ცხოვრებისა და კარიერის პიკზე, მოულოდნელი დაღმართი არ გამოგიცდიათ, ძმურად ნუ გაუმტყუნებთ ადამიანს ნებისმიერ საქციელს, თუნდაც არასწორს. ის ხომ მარტო საკუთარ თავს ვნებს...მიდი და დაუდექი გვერდით როგორც შეგიძლია...რა საჭიროა გაზეთის საშუალებით ჭკუის დარიგება და რჩევის მიცემა...
კახა
28 მაისი 2015 17:45
0
ცხოვრებაში მთავარია ადამიანად დარჩე და გაარჩიო ვინ ვინ არის,ოლიმპიელობამ საერტოდ დაგგუპა,დალევამ დეპრესია და უარესიც იცის........
mario chimaro
21 აპრილი 2015 18:40
16
ვერდენთან ითამაშა ძაან მაგრად ბრემენში. დღევანდელ ნაკრების ათივე მცველს ეხლაც აჯობებს.გაიხარე
aliko
19 აპრილი 2015 21:37
1
აბა როგორ გაბედეს და ფეხბურთელი თბილ კერას შსს-დან მოაშორეს!!
sibnele
19 აპრილი 2015 21:01
22
ეგ 20 წლამდე ნაკრები იკო
dato
19 აპრილი 2015 18:01
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული