"უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გაზრდის შემდეგ საარჩევნო დებულება არ შეიცვალა. მიზეზი ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდე იყო წესი, რომ ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატი უნდა ჰყავდეს უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს. ჩვენ უმაღლესში კი ვთამაშობთ, მაგრამ ხმის უფლება არ გაგვაჩნია, გურიის რეგიონს კი ყრილობაზე მხოლოდ ერთი დელეგატი წარმოადგენს.
ამიტომ საკითხი უნდა დავსვათ, რომ "გურიას" ხმის უფლება დაუმტკიცონ.
სხვათა შორის, კარგად მახსოვს, ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში რომ
"გურიის" წარმომადგენელი ხმის უფლების არქონის მიზეზებზეც გველაპარაკა:
"როცა დავინტერესდით, ხმის უფლება რატომ არ გვქონდა, გვითხრეს - ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანებულები არ ხართ და, შესაბამისად, მის სუბიექტად არ ითვლებითო. საამისოდ კი ლიცენზია მოგვთხოვეს. კლუბებისგან სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღება 13 აპრილს დასრულდა. მომავალი სეზონისთვის განაცხადი ლიცენზირების კომიტეტში ჩვენც წარვადგინეთ. პასუხი მაისის ბოლოს გვეცოდინება და იმედია, ეროვნულ ლიცენზიას ახლა მაინც მოგვცემენ.
მაგრამ არჩევნებზე ხმის უფლებას ავტომატურად მაინც ვერ მივიღებთ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში წერია: ამა თუ იმ სუბიექტის სფფ-ში გასაწევრიანებლად აღმასკომმა ყრილობას უნდა მიმართოსო.
ეს უკვე გაუგებარია - თუ უმაღლესი ლიგის კლუბს ყრილობაზე ავტომატურად ეკუთვნის ხმა, მაშინ ეს პროცედურა რა საჭიროა? საერთოდ, სხვას ხმა ჰქონდეს და დიდი ტრადიციების მქონე "გურია" გერის როლში იყოს, სამართლიანი არ არის".
საერთოდ, ჟორდანია დელეგატთა წრის გაზრდას ემხრობა:
"ქართული ფეხბურთის სატკივარი ვიწრო წრემ არ უნდა გადაწყვიტოს. ხმის უფლება საფეხბურთო სკოლებსა და მეორე ლიგის კლუბებსაც უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ყველაზე მეტად ეხებათ ის პრობლემები, რაც ქართულ ფეხბურთს აწუხებს.
ასე იქნება უკეთესი, თუ ყრილობაზე საერთო სატკივარზე ლაპარაკი გვინდა.
ჩვენი მოთხოვნები დამოკიდებული არაა იმაზე, ჩვენ ვინ მოგვწონს და ვინ - არა. სიჭინავას მივემხრობი, არველაძეს თუ სხვა ვინმეს, ეს უკვე ჩვენი საქმეა.
წლების წინათ, როცა "გურიის" ხელმძღვანელობაში ვიყავი, რეგიონს სამი ხმა ჰქონდა, ახლა კი ერთიც არ გვაქვს. ახლაც ასე უნდა იყოს. გადახედეთ, რეგიონების მიხედვით ხმები როგორი გადანაწილებულია და მიხვდებით, რომ დელეგატთა წარდგენის წესს სამართლიანობა აკლია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"