რევაზ არველაძე: გიგოლაევისთვის ქართული პასპორტი მოგვარდება, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ახლახან დაბრუნდა შვეიცარიიდან, სადაც უეფას შტაბბინაში თბილისურ სუპერთასთან დაკავშირებითაც გამართა შეხვედრები და ქალთა ფეხბურთის თემაზეც...

ამასობაში კი უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა ქართულ სპორტში - თანამდებობა დატოვა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა. რა გავლენას მოახდენს ეს ფეხბურთის ფედერაციის პროექტებზე, თუნდაც აგვისტოში, თბილისში გასამართ სუპერთასზე ან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე, რომელსაც სულ მალე საქართველოს დედაქალაქმა უნდა უმასპინძლოს?

ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ რევაზ არველაძეს, ვინც ტრადიციულად სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე...

- შვეიცარიაში სუპერთასის დეტალებზე ვიმსჯელეთ, შევეხეთ ქალთა ფეხბურთის
განვითარების თემას, ზვიად სიჭინავას კომიტეტის სხდომა ჰქონდა...

- გვერდს ვერ ავუვლით ქართულ სპორტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. თანამდებობა დატოვა სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა. ასეთ დროს წარმოიქმნება გაურკვევლობა, რომელიც სასიამოვნო არავისთვის არის. ხომ არ შეაფერხებს ეს ფეხბურთის ფედერაციის პროექტებს, თუნდაც თბილისში გასამართ სუპერთასს, 19-წლამდელთა ელიტრაუნდს, თბილისმა რომ უნდა უმასპინძლოს?
- დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების განხორციელებას ხელი არანაირად არ შეეშლება.

- როგორ ფიქრობთ, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ვისი მინისტრობა აჯობებს?
- ჩემი პოზიცია ასეთია: სპორტის მინისტრად დაინიშნება ისეთი ადამიანი, ვინც ქართულ სპორტს, ფეხბურთს მაქსიმალურ სარგებლობას მოუტანს. იმ ადამიანებს, ვინც უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრი, საამისო კომპეტენცია აქვთ.

რაც შეეხება ლევან ყიფიანს, ის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია და მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

- ყიფიანი ხშირად გაკრიტიკებდათ...
- მერე რა? მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემთვის პირველ პლანზეა ადამიანური ურთიერთობები და სანამ ვიცოცხლებ, ასე იქნება, სწორედ ამ პრინციპით!..

- 2015 წელს რა თანხით დაეხმარება სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს?
- როგორც წინა წლებში, ჩემი ინფორმაციით, ეს თანხა ახლაც 7 მილიონი ლარი იქნება. აქ იგულისხმება ქართული ფეხბურთის ყველა სეგმენტი.

- 21 მაისს გვეცოდინება, რა ვერდიქტს გამოგვიტანს უეფა შოტლანდიასთან მატჩის წინ. რა "სიგნალები" ისმის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოდან?
- ჩვენ ვისთანაც გვაქვს კავშირი უეფაში, მათ, რა თქმა უნდა, ზუსტად არ იციან, როგორი იქნება უეფას სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტი. ალბათ, რაც ინსტრუქციით არის გათვალისწინებული, იმ სასჯელს მოგვცემენ. მჯერა, არ მოგვიწევს უმაყურებლოდ თამაში შოტლანდიასთან.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინიში ძალიან დაძაბულია. დარჩა 5 ტური და მოხშირდა ხმამაღალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ "ფეარ პლეის" პრინციპების დაცვას მეტი ყურადღება სჭირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რის გაკეთებას აპირებს ამ კუთხით?
- საქართველოს ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რა თქმა უნდა, დიდია დაძაბულობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ყველას გვინდა უკეთესი ხარისხი. განსაკუთრეებული ყურადღება მართებთ დამკვირვებლებს, დელეგატებს.

ერთ-ერთი გზა შეიძლება ისიც იყოს, რომ საგანგებოდ შედგენილი ჯგუფები მივავლინოთ ამა თუ იმ მატჩზე.

- რას იტყვით როლანდ გიგოლაევზე, ვის საქმეში ნახვასაც ახლო მომავალში ეროვნული გუნდის თავკაცი კახა ცხადაძე აპირებს?
- მოდით, ჯერ ნახოს კახამ საქმეში და მერე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ როლანდ გიგოლაევზე. არის რიგი პრობლემატური საკითხებისა - თუნდაც ის, რომ მას ქართული პასპორტი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს მოგვარდება, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალი ხარ რეზო მთავარი ადამიანობაა და რომელიც ... რაც შეეხება ლევანს ის დომენტის შეცვლის და ბევრ რამეს ფეხბურთში თუნდაც იმიტომ რომ ის დათო კიპიანის ბიჩია და შენ არგიშველის პლატინის დედის დასაფლავებაზე სიარული ....
gaga
19:08 02-05-2015
0
დავიგალეთ ხალხი არველაზეებისგან მოგვაშორეთ ან ჩვენ გამოვათრევთ მაქედან როგორც სააკაშვილი მოვიშორეთ
FIXRADA
09:31 03-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული