...მატჩის დამთავრებამდე ბევრი აღარაფერი აკლდა, გვერდითმა მსაჯმა ორ ეპიზოდში „ვიტ ჯორჯიას“ სასარგებლოდ ორი მეტად საკამათო „თამაშგარე მდგომარეობა“ რომ დააფიქსირა, ერთ ეპიზოდში კი შეცვლაზე შემოსულ ზდენეკ სმეიკალმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი მასპინძელთა კარის ააცილა, — მოკლედ ამ სამი მომენტიდან ერთი გოლად რომ ქცეულიყო, ევროტურნირებზე ქართული კლუბების დიდი ანგარიშით რეკორდს გავიმეორებდით, კიდევ ერთი გოლის შემთხვევაში კი, სულაც ახალი „რეკორდი“ დამყარდებოდა! არა უშავს, 0:6-ც არ არის ურიგო შედეგი; ყოველ შემთხვევაში, წლების წინ თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ 0:7-ს ხომ ჯობია; ოღონდ, აი, ის არის საკითხავი, გუშინდელი
ვინმემ, შესაძლოა, მარცხის მიზეზად „ვიტ ჯორჯიას“ გადახალისებული შემადგენლობა დაასახელოს; ან, ის ფაქტი, რომ „ვეტერინარებს“ სეზონი ჯერ არ დაუწყიათ და მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ეგრევე ევროტურნირებზე ჩაერთვენ (ცნობისათვის — „ბანიკიც“ ანალოგიურ სიტუაციაში იყო), ჰო, კლიმატური პირობებიც არ დაგვავიწყდეს: აბა, ვინ იფიქრებდა, ასეთი ხვატის შემდეგ, მაინცდამაინც მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რომ გაწვიმდებოდა? მოკლედ, გვინდა თუ არა, „ვიტ ჯორჯიას“ გუშინდელ მასხარაობას (გუნდის „ასპარეზობას“ სხვა სახელს უბრალოდ, ვერ ვუწოდებთ) რაღაც „გამართლება“ უნდა მოეძებნოს, მაგრამ ყველაზე ძალიან გული იმაზე გვწყდება, რომ ჩეხურ „ბანიკთან“ რომელიმე „ჩვეულებრივი“ კი არა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საუკეთესო ქართული კლუბი შერცხვა!..
მატჩის დაწყებიდან ალბათ, ათი (!) წამი იქნებოდა გასული, სტუმრებმა გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან რომ გაუშვეს: მარჯვენა ფლანგიდან ტომაშ პილიკმა ჩვენ საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და მხოლოდ იმიტომ გადავრჩით, კარის წინ მდგომმა ზდენეკ შენკერიკმა ბურთს... ფეხი რომ ააცილა! ასეთი დასაწყისის შემდეგ მატჩი ცოტა „დაწყნარდა“. ეგ კი არა, მალე მასპინძლებიც გააქტიურდნენ და სტუმრათა კართან რეალური მომენტიც შეიქმნა: ჯაბა ლიპარტიამ ორთაბრძოლა ალეშ ნოივირტს მოუგო და მოხდენილი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფი ვახტანგ კვარაცხელია მოძებნა; სამწუხაროდ, „ვიტ ჯორჯიას“ ცენტრფორვარდის დარტყმა „ბანიკის“ მეკარემ მიხალ დანეკმა მოიგერია. აი, ეს იყო და ეს: სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლენ და „ვიტ ჯორჯიას“ კართან მომენტი-მომენტს ცვლიდა. თანაც, ყველა ეპიზოდში დამაგვირგვინებელ დარტყმას „ბანიკის“ ცენტრფორვარდი ტომაშ პილიკი ასრულებდა, მაგრამ 21 წლის თავდამსხმელს საშემსრულებლო ოსტატობა აშკარად არ ჰყოფნიდა. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით „ბანიკის“ გამოცდილ საყრდენზე მარტინ ლუკეშზე — ორი ტაიმის განმავლობაში სტუმართა გუნდის ყველა შეტევის სულისჩამდგმელზე და, საერთოდ, გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელზე. მასპინძელთა კარში გატანილი პირველი გოლიც ლუკეშის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა: კვლავაც „ვიტ ჯორჯიას“ მარცხენა ფლანგი „ჩავარდა“, მერე ამას ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედება მოჰყვა და ახლო მანძილიდან ფერნანდო ნევესმა ანგარიში გახსნა. ამ გოლის მერე „ვეტერინარებს“ ანგარიშის გათანაბრების მშვენიერი შანსი მიეცათ; ირაკლი ჭანკვეტაძის პასის შემდეგ ვახტანგ კვარაცხელია თავით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. პირველი ტაიმის დასრულებამდე „ბანიკმა“ კიდევ ერთხელ შემოგვიტია, მაგრამ ზდენეკ შენკერიკმა კვლავაც არაზუსტად დაარტყა. მოკლედ, პირველი ტაიმი ერთბურთიანი სხვაობით წავაგეთ და არა გვგონია, სტადიონზე მყოფთაგან ვინმეს ეფიქრა, წინ რა სამარცხვინო „სანახაობა“ ელოდა...
ჰო, მეორე ტაიმში, რასაც ფეხბურთი ჰქვია, ამას „მიმსგავსებულიც“ კი არაფერი გვინახავს; თანაც, მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე შენკერიკმა კვლავ არაზუსტად დაარტყა და „ბანიკის“ მარცხენა გარემარბმა რაც ვერ მოახერხა, თანაგუნდელებმა... 25-წუთიან მონაკვეთში „შეასრულეს“! არა, იმის აღწერა, თუ რა ხდებოდა ჩვენს საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან, მართლაც ძნელია; თავად განსაჯეთ: სტუმართა ყველა შეტევა (გააზრებული თუ გაუაზრებელი)... „ვიტ ჯორჯიას“ კარში გატანილი გოლით მთავრდებოდა! ყველაზე საწყენი კი ის იყო, „ვიტ ჯორჯიამ“ მეორე გოლის მერე რომ, ფაქტობრივად, თამაში რომ შეწყვიტა. ჰო, მართლაც ამაზრზენი სანახავი იყო, სტუმრები უპრობლემოდ რომ გადმოდიოდნენ ჩვენ ნახევარზე და ყველა შეტევას გოლით რომ აგვირგვინებდნენ! ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ ამ სამარცხვინო წაგების მხოლოდ მეკარესა და მცველებზე გადაბრალება სწორი არ იქნება; ბოლო და ბოლოს, მეორე ტაიმში, მეტოქის კარისკენ პირველად... მე-80 წუთზე დავარტყით...
ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
ვიტ ჯორჯია (საქართველო)-ბანიკი (ჩეხეთი) 0:6
15.04. თბილისი. ეროვნული. 1000 მაყურებელი
0:1 ნევესი (33, რჟეზნიკის პასით), 0:2 ნევესი (56, პენალტით), 0:3 პილიკი (61), 0:4 ნევესი (65, პენალტით), 0:5 ნოივირტი (70, ლუკეშის პასით), 0:6 ჰუშბაუერი (79).
ვიტ ჯორჯია: ა. მიქაბერიძე — ბეჭვაია, დ. ლომაია, ადამაძე, ჭანკვეტაძე — ვასაძე (67. ჩიმაკაძე), მაისაშვილი (82. კასრაძე), გურეშიძე — კლიმიაშვილი, ლიპარტია (71. ჯანელიძე) — ვ. კვარაცხელია.
სათადარიგოები: ძაძამია, კორიფაძე, ღანიაშვილი, ზაქრაძე
ბანიკი: დანეკი — რჟეზნიკი, ბოლფი, ნოივირტი, ნევესი — მარეკი (68. ჰუშბაუერი), ლუკეში — ვარადი, გრეგუში, შენკერიკი (65. ფრეილახი) — პილიკი (74. სმეიკალი).
სათადარიგოები: ბარანეკი, ზეჰერი, ფანტიში, ვოინარი.
გაფრთხილება: მაისაშვილი (21), მიქაბერიძე (64), კლიმიაშვილი (70)
არბიტრი: ბაბაკ რაფატი (გერმანია)
ძაან ცუდი სუნი უდის ხოლმე მაგათ საევროპო თამაშებს...
ვინძლო ტოტალური ზატორის ინტერესი არ იდოს შIG!