აქვე იყო დაპირება - როცა კლუბს ვალები აღარ ექნებოდა, საკრებულოს მხრიდან აუცილებლად მოხდებოდა მისი თანადაფინანსება...
შევიტყვეთ, რომ კლუბში ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 20 მაისს "ლელო" "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს დაუკავშირდა და მისგან ერთობ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყო:
"როგორც იცით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ზესტაფონის" თანადაფინანსებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ კლუბის პასივი აღემატებოდა აქტივს.
ეს საფეხბურთო ორგანიზმის ცხოვრების ჩვეული ნაწილია. საკრებულოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კლუბში დაიწყო აქტიური მუშაობა და ამ ეტაპზე "ზესტაფონის" აქტივები მნიშვნელოვნად აღემატება პასივს. ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარვუდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას ქალაქის ხელმძღვანელობას. დარწმუნებულები ვართ, შეპირებისამებრ მოხდება კლუბის თანადაფინანსება", - გვითხრა ფუტკარაძემ.
საინტერესოა, რომელ ლიგაში ითამაშებს "ზესტაფონი"? კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს ეს კითხვაც დავუსვით:
"მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის, სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალისა თუ არბიტრაჟის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
ხდება ისეც, რომ თავისი გადაწყვეტილებებით ეს ინსტანციები ერთმანეთის კომპეტენციას აყენებენ ეჭვქვეშ. შესაბამისად, ასეთი ინსტანციების გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ჩვენც გვაქვს.
კარგად ვიცით, რა მოხდა სულ რამდენიმე დღის წინათ, "ჩხერიმელასა" და "ლოკომოტივის" შემთხვევაში... ფეხბურთის ფედერაციაში მიხვდნენ გადაწყვეტილების აბსურდულობას და იმ დღესვე ამ კლუბებს თავადვე დაეხმარნენ აპელაციის დაწერაში.
ცხადია, შესაბამისად, ასეთი ინსტანციების გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი ნამდვილად გვაქვს. მოკლედ, გადაწყვეტილია - მივმართავთ ლოზანაში მოქმედ სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს და გავასაჩივრებთ ვერდიქტს "ზესტაფონის" უმაღლესი ლიგიდან მოკვეთის თაობაზე.
მოვიძიეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულმა კლუბმა გაასაჩივრა მის მიმართ ეროვნული ფედერაციის საარბიტრაჟო სტრუქტურის მიერ გამოტანილი ვერდიქტი და საქმე მოიგო.
ვგულისხმობთ ბელორუსის ბატე-ს. ლოზანის სასამართლომ კლუბი გაამართლა და პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა. უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში აქტიურად და ქმედითად გვიდგას მხარში ევროპის კლუბების ასოციაცია.
უახლოეს დღეებში იგეგმება ამ ორგანიზაციისა და "ზესტაფონის" ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრა. "ზესტაფონმა" აღკვეთა გარიგების შესაძლებლობა და შეატყობინა ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.
ამის მიუხედავად, კლუბი უსამართლოდ მოკვეთეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან. ჩვენ ჩვენს სიმართლეში ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი და გვჯერა, ჩვენსას მაინც დავამტკიცებთ", - გვითხრა ფუტკარაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"