"ლელომ" იმ 35 სუბიექტის ვინაობა გაარკვია, რომელიც ყრილობაზე დელეგატებს წარადგენს. ანუ ეს არის ჩამონათვალი იმ სუბიექტებისა, ვინც უნდა განსაზღვროს ჩვენი ფეხბურთის მომავალი.
მაშ ასე, სფფ-ის წევრები არიან:
რეგიონული ფედერაციები
1. აფხაზეთის ავტონომია
2. აჭარის ავტონომია
3. სამხრეთ ოსეთი
4. თბილისი
5. იმერეთი
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი
7. შიდა ქართლი
8. ქვემო ქართლი
9. კახეთი
10. გურია
11. მცხეთა-მთიანეთი
12. სამცხე-ჯავახეთი
13.
უმაღლესი ლიგის კლუბები
14. დინამო თბ
15. ზესტაფონი
16. მეტალურგი
17. ვიტ ჯორჯია
18. ტორპედო
19. სიონი
20. ზუგდიდი
21. კოლხეთი
22. ცხინვალი
23. სამტრედია
24. დილა
25. მერანი
26. გაგრა
ასოციაციები და გაერთიანებები
27. ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი
28. ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი
29. მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი
30. ფუტსალის ასოციაცია
31. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია
32. პლაჟის ფეხბურთის ასოციაცია
33. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია
34. ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა
35. საფეხბურთო სკოლების ასოციაცია
მოკლედ, ყრილობაზე სულ 35 დელეგატი იქნება. მათ შორის არ ფიგურირებს უმაღლესი ლიგის სამი კლუბი - ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ლანჩხუთის "გურია". იყო მსჯელობა, მიეღოთ თუ არა მათ სუბიექტის სტატუსი, მაგრამ გადაწყვიტეს, არჩევნებამდე არავინ დაამატონ. არადა, "გურია" ამას აპროტესტებს და ხმის უფლებას ითხოვს.
ფეხბურთის ფედერაციის ლოგიკა გასაგებია - კლუბი ამ ორგანიზაციის სუბიექტი უნდა იყოს, რასაც "გურიამ" დღემდე ვერ მიაღწია. თუმცა, ზოგადად, ადრეც ბევრჯერ თქმულა და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - ქართული ფეხბურთის ბედი მხოლოდ 35 ადამიანის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. მით უფრო, რომ ეს წრე სწორედ ფედერაციაზეა დამოკიდებული.
ყველა რეგიონული ფედერაცია სფფ-დან ფინანსდება. ანუ ეს უკვე 13 ხმაა. უმაღლესი ლიგის კლუბებსაც ბოლო წლებში ფედერაცია ეხმარება ("დინამოს", "ზესტაფონსა" და "გაგრას" თუ არ ჩავთვლით) და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
დელეგატის ხმა არ აქვთ უმაღლეს ლიგაში გადასულ "საპოვნელას", "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს". ამ კლუბის ხელმძღვანელობაც ხშირად აკრიტიკებს ფედერაციას - ასე ვთქვათ, ოპოზიციური ფრონტია. აქ ფედერაციის კანდიდატს მინიმუმ 5 ხმა მაინც აქვს და თუ რეგიონებთან დავაჯამებთ, მინიმუმ 18 ხმა გროვდება.
გამოდის, რომ საპრეზიდენტო სკამზე მოხვედრის გარანტიას საფეხბურთო ასოციაციები და გაერთიანებები (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირს სფფ ეხმარება, ისევე, როგორც ფეხბურთის პროფკავშირს, ფუტსალს, ქალთა ფეხბურთს, პლაჟის ფეხბურთს, ეზოს ფეხბურთს, ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგასა და საფეხბურთო სკოლების ასოციაციას) "იძლევიან".
მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი კი, რეალურად, ასევე ფედერაციაზე დამოკიდებული სტრუქტურაა.
ასე რომ, ავდივართ 27 ხმაზე, რაც სფფ-ის კანდიდატის პრეზიდენტობას ნიშნავს.
თუმცა, აქ არის ერთი რამ, რასაც შეუძლია სფფ-ის კანდიდატს ხელი შეუშალოს - სახელმწიფოს ნება. ხელისუფლება საქართველოში ფეხბურთის მთავარი დამფინანსებელია და გამომდინარე აქედან, ის ბერკეტებიც გააჩნია, რაც სფფ-ში სასურველი კანდიდატის მიყვანის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
მხოლოდ ბრიყვები ფიქრობენ, რომ ფეხბურთი პოლიტიკის ნაწილი არაა. ეს ფიფაში დატრიალებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ცხადია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ამან კი, შესაძლოა, ჩვენ მიერ დათვლილ-გაანგარიშებული სტატისტიკა შეცვალოს და 13 მაისის მსგავსი უხეში ჩარევა საჭირო აღარ გახდეს (თუმცა, ჩარევა, უხეში იქნება თუ რბილი, ყველა ვარიანტში მიუღებელია).
როგორც შევიტყვეთ, ვეტერან ფეხბურთელებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ, ერთი თხოვნით - სახელმწიფო ფეხბურთში არ ჩაერიოს!
მაგრამ, ცხადია, სახელმწიფოსაც თავისი მოთხოვნები აქვს - ფეხბურთმა ქვეყანა არ უნდა შეარცხვინოს და ეს დამყაყებული სისტემა რადიკალურად შეიცვალოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"