რუბრიკას ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტის, თემურ ფოცხვერიას ინტერვიუთი გავხსნით. მან გია მაჭარაშვილთან ერთად უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და საქმიანობის კახეთში გაგრძელება გადაწყვიტა.
ამ სპეციალისტებს საფეხბურთო სამყაროში კარგად იცნობენ - "საბურთალოს" სკოლის მოედნებზე ინდივიდუალური მომზადების ცენტრი დააფუძნეს, სადაც მსურველთა რიგები უდგათ. ამიტომაც არის მათი გადაწყვეტილება უჩვეულო...
- უკვე ერთი თვეა, რაც კახეთში მიგვიწვიეს. სოფელ აფენში არის სკოლა "ჰერეთი", რომელსაც ბიზნესმენი მერაბ ფერაძე ხელმძღვანელობს. ფეხბურთის გარდა, ის ჩოგბურთისა და კალათბურთის განვითარებაზეც ზრუნავს და სერიოზული მიზნებიც აქვს.
ჩვენი ჩასვლის შემდეგ 300 ბავშვს მოვუყარეთ თავი და რეგიონში უკვე დიდი გამოცოცხლება შეინიშნება. მერე კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა როსტიაშვილიც დაინტერესდა და შემოგვთავაზა - სამომავლოდ, კახეთის რეგიონის გუნდები ჩამოვაყალიბოთ, რათა ბავშვები თბილისში აღარ გაიქცნენ.
- როგორი პირობები აქვს სკოლას?
- ახლა ორი სტანდარტული მოედანი გვაქვს: ერთი - ბალახის საფარით, მეორე კი - ხელოვნურით. "ჰერეთის" მეპატრონე მალე კიდევ ორი სტანდარტული მოედნის გაკეთებას აპირებს. სკოლა მის კუთვნილ სასტუმროში მოთავსდა, ბავშვები კი კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოგვყავს და ვარჯიშის შემდეგ სახლშიც ტრანსპორტით ვუშვებთ. ამჟამად, ჯგუფები უფასოა. ნიჭიერი ბავშვების შერჩევას ვცდილობთ.
- არიან კახეთში ტალანტები?
- არიან, და რომ იცოდეთ, საკმაოდ ბევრიც! 2005 წელს დაბადებულებში ისეთი საინტერესო ბავშები ვნახე, მუშაობის ხალისი გამიჩნდა. თქვენსავით ბევრი მეკითხება, რატომ მაინცდამაინც ეს რეგიონი, სადაც ბავშვთა ფეხბურთი კარგ მდგომარეობაში არ არის? იმიტომ, რომ აქ მე და გია მაჭარაშვილი არჩევანში თავისუფლები ვართ და საქმე იმ მიმართულებით მიგვყავს, რაც აუცილებლად მიგვაჩნია. ეს კი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
კახეთში ძლიერი საფეხბურთო ცენტრი არ არის და ამიტომ აქ კარგად მიგვიღეს. იმ დროს, როცა ჩვენი ფეხბურთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან შევსებას ვერ იღებს, ერთი რეგიონის გამოღვიძება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე, ნაკრებებს დამატებითი კვების წყარო გაუჩნდებათ.
- ბრძანეთ, რომ არჩევანში თავისუფლები ხართ. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ერთხელ უკვე მომეცა იმის შანსი, რომ ჩემს გემოზე მემუშავა და ყაზაიშვილის, ჭანტურიას, ტვილდიანის, პარუნაშვილისა და ხოჭოლავას თაობა დავაწინაურე. ეს შანსი "ოლიმპმა" და "საბურთალომ" მომცეს. ახლა მეორე შანსი მაქვს და იგივე მინდა გავაკეთო.
არ ვტრაბახობ, ნიჭიერი ბავშვების შერჩევის ალღო მაქვს. მათ ჩარჩოში არ ვსვამ და თავისუფლებას ვაძლევ.
- ანუ რას აკეთებთ?
- არ შეიძლება, ნიჭიერი ბავშვი 13-14 წლამდე შეზღუდო და ისე "დააპროგრამო", რომ ბურთის ყოველ მიღებაზე მწვრთნელისკენ იყურებოდეს - რა გავაკეთოო? ეს არის ჩვენი სენი.
სწორი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, მე წინასწარ ყველაფერს როგორ ვეტყვი? ასეთი მიდგომით, ბავშვს თავისუფალ არჩევანსა და აზროვნებას ვუშლით, ის კი გაორებულია და მწვრთნელის შიშით, ინიციატივის აღებას ვეღარ რისკავს. საბოლოოდ, უინიციატივო, დაკომპლექსებულ შემსრულებლად ყალიბდება. ასეთი ბავშვი თამაშის ბედს ვერ გადაწყვეტს, ნიჭიც იკარგება.
- ეს მართლაც ჩვენი ფეხბურთის სერიოზულ სენად იქცა...
- კიდევ ერთი სენია ტაქტიკური მარწუხები. ჩვენთან ინდივიდუალისტებს სწორედ ასეთ მარწუხებში აქცევენ და გასაქანს არ აძლევენ. მე ერთი რამ ვიცი - ყველაზე ძლიერ ბავშვთა გუნდსაც კი ბითუმად არავინ იყიდის, მაგრამ გამორჩეულ ტალანტს ძლიერი გუნდები წაიყვანენ.
აბა, მოაქციე მესი სქემაში და ცრუ მოძრაობა აუკრძალე - რა ფეხბურთელი იქნება? ფეხბურთის მთელი ეშხი ისაა, ფეხბურთელი მწვრთნელის დავალებით კი არა, წამში სასწაულს თავად რომ მოიფიქრებს და ამ იმპროვიზაციით მომენტს შექმნის. ამას ვერც ერთი მწვრთნელი ვერ ასწავლის და თუ ამ ნიჭს ძირშივე კლავ, ფეხბურთელს როგორ გაზრდი? ამ წამიერი გაელვების, ფინტისა და გოლის შემდეგ უჩნდება ბავშვს საკუთარი თავის რწმენა და მერე ფეხები აღარ უკანკალებს.
ჩვენ გვინდა, რომ ქართველი ვაქციოთ გერმანელად, ნორვეგიელად, დანიელად... მაგრამ არ აჯობებს, საკუთარ საწყისებს დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ, როგორი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია უკეთ? აი, ამას ვცდილობთ მე და გია მაჭარაშვილი კახეთში და იმედია, შედეგსაც მოვიმკით.
- თბილისში ინდივიდუალური მომზადების ცენტრი აღარ იმუშავებს?
- არა, რატომ? კვირაში სამი დღე ბავშვებს ისევ "საბურთალოზე" ვავარჯიშებთ. დანარჩენ დღეებს კი კახეთში გავატარებთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"