აქტუალური თემა: უსაფრთხოება და წესრიგი

AutoSharing Option
ახლახან დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანელთა ტრიუმფის, ზოგი ნაკრებისა თუ კონკრეტული ფეხბურთელის არადამაჯერებელი ასპარეზობისა და, რაც მთავარია, უამრავი სამსაჯო შეცდომის გარდა, ბევრი სხვა რამითაც დაგვამახსოვრდა; მართლაც მომაბეზრებელ `ვუვუზელას~ თავი რომ დავანებოთ, აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების წესები ასეთი მაღალი დონის ტურნირზეც არ ყოფილა სათანადოდ დაცული. ტურისტებისა თუ... ფეხბურთელების გაძარცვის ფაქტები არ ეყოფოდა, როცა ნახევარფინალურ მატჩზე მოედანზე გულშემატკივარი შემოვარდა; ეგ კი არა, ფინალური მატჩის დაწყების წინ სტადიონზე მობილიზებულ უამრავ წესრიგის დამცველს `რაღაცნაირად~ მაინც გამოეპარათ გულშემატკივარი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები... ფიფას თასის მოპარვას ცდილობდა!
თუმცა, ანალოგიური შემთხვევები ნებისმიერი დონის ასპარეზობაზე მრავლად შეგხვედრია; აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ჩემპიონატში მომხდარ ფაქტებზე _ ხშირ შემთხვევებში ხომ ჩვენი მწვრთნელ-ფეხბურთელები მეტოქე გუნდის ქომაგთა აგრესიის ობიექტები ხდებიან. ამას გარდა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენ სტადიონებზე გულშემატკივარი თავს დაცულად ნამდვილად ვერ გრძნობს. მოკლედ, სტადიონებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთანაც უამრავი პრობლემებია და ჩვენს რესპოდენტად ამიტომაც `შევარჩიეთ~ გია ისიანი, _ თბილისის `დინამოს~ მატჩების ორგანიზატორი და უსაფრთხოების ოფიცერი. სხვათა შორის, გია ისიანი ამ თანამდებობაზე უკვე მეათე წელიწადია მუშაობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავის პროფესიულ საქმიანობაში ჩვენთან, უდავოდ, საუკეთესოა...

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ: უსაფრთხოების ოფიცრის ფუნქციებში რა შედის?
_ მატჩების ორგანიზება და უსაფრთხოდ ჩატარება, სტადიონის ტრიბუნებზე მასპინძელი და სტუმართა გუნდის ფანებისთვის ცალკ-ცალკე ადგილების გამოყოფა, განთავსება და მათი უსაფრთხოების დაცვა, პრეს-ლოჟის უსაფრთხოება, საპრესკონფერენციო დარბაზის მომზადება, ფოტორეპორტიორების გადასაცმელებით უზრუნველყოფა, კლუბის ოფიციალური თუ არაოფიციალური წარმომადგენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. თანაც, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ეს ხდება პოლიციასა და სტადიონის დაცვასთან თანამშრომლობით. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას _ ყველანაირად გვერდში გვიდგანან და თავიანთ პროფესიულ მოვალეობასაც მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებენ.

_ როგორც ვიცით, თქვენ ფუნქციებს მხოლოდ `დინამოში~ არ ასრულებთ.
_ უკვე წლებია, რაც აქტიურად ვთანამშრომლობ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან: ჩვენი ეროვნული თუ 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩების უსაფრთხოების ოფიცრის მოვალეობის შესრულებას რომ მთხოვენ, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო საკუთარი გამოცდილებით.

_ ფიფა-უეფა სტადიონებზე უსაფრთხოების ზომებს კი ამკაცრებს, მაგრამ ინციდენტები მაინც ხშირია.
_ ამას წინათ, ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების უსაფრთხოების ოფიცრებს ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი შეგვხვდა, ერთადერთი, მხოლოდ რუსეთის წრამომადგენელი არ ესწრებოდა. ამაზე, ბლატერმა იხუმრა კიდეც: იმ პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა და ფიფას პრეზიდენტმა თქვა, რომ ეტყობა, რუსებს საპატიო სტუმარის დაცვა ისე `უჭირთ~, ფეხბურთის უსაფრთხოების ოფიცრის დახმარება დასჭირდათო...

_ ბლატერთან სემინარის დრო რა საკითხებზე ისაუბრეთ?
_ რამდენიმე მატჩი გავარჩიეთ სტადიონზე უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, სავალალო შედეგები რომ მოჰყვა: 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი თუ 2005 წლის ტოგოსა და მალის ნაკრებების შეხვედრა _ ორივე შემთხვევაში მსხვერპლი დიდი იყო. სხვათა შორის, ამ სემინარზე ჩვენი თანამემამულეც, ფიფას უსაფრთხოების ოფიცერი დავით პეტრიაშვილიც გამოვიდა. ოღონდ, ამ შემთხვევაში უკვე ის ვნახეთ, თუ როგორ იდეალურად უნდა ჩატარდეს მნიშვნელოვანი მატჩი და თითოეული ჩვენთაგანისთვის, ალბათ, საამაყოც არის, რომ ყველაფერი სწორედ ქართველების დამსახურება იყო.

_ კონკრეტულად, რომელ მატჩზეა საუბარი?
_ 2009 წლის უეფას თასის ფინალზე, სტამბოლში რომ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის უსაფრთხოების ოფიცერი დავით პეტრიაშვილი იყო, ხოლო პრეს-ატაშე _ მამუკა კვარაცხელია. თითოეული დეტალი წინასწარ იყო გათვლილი: `ვერდერისა~ და `შახტარის~ გულშემატკივრები სტამბოლის... სხვადასხვა აეროპორტში ჩამოფრინდნენ, სასტუმროებშიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განათავსეს და წარმოიდგინეთ, სტადიონზე როგორი უსაფრთხოების ზომები იქნებოდა. კიდევ ვიმეორებ, მართლაც საამაყოა, რომ დავით პეტრიაშვილის სახით ფიფა-უეფაში ასეთი ავტორიტეტული კაცი გვყავს; თანაც, არ დავმალავ და მისგან ძალიან ბევრი რამე შევისწავლე.

_ დავით პეტრიაშვილის შეფასებაში ჩვენც გეთანხმებით, თანაც, ისიც ვაღიაროთ, რომ ფიფაში ასეთ გავლენიან ჩვენ თანამემამულეს, როგორც საჭიროა, ისე ვერ `ვიყენებთ~. ახლა კი, ჩვენთან ჩატარებული მატჩების უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, იდეალურს ნამდვილად რომ ვერ ვუწოდებთ.
_ სამწუხაროდ, ბევრი რამ მართლაც შესაცვლელია; უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს სტადიონზე მოხვედრის მსურველთა კონტროლი; ანუ, სპორტის დეპარტამენტმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოს პროექტი უნდა მიაწოდოს, რის მიხედვითაც სტადიონის დაცვას თითოეული გულშემატკივრის ჩხრეკვის უფლება ექნება. ასეთ შემთხვევაში ხომ გულშემატკივარი სტადიონზე ვერც ერთ აკრძალულ ნივთს ვეღარ შეიტანს...

_ ისე, ამ ბოლო წლებში უეფასგან არაერთი სანქციაც მივიღეთ.
_ გავიხსენოთ, თუ რა მოჰყვა `ლოკომოტივის~ სტადიონზე, საქართველო-ირლანდიის მატჩის დროს ტრიბუნიდან დანის სროლას, ან, `დინამო~-`ლიბერეცის~ შეხვედრას _ მომდევნო თამაშები ხომ უმაყურებლოდ ჩატარდა, აღარაფერს ვამბობ ფულად ჯარიმებზე. რაღა შორს მივდივართ: შარშან, `ვიტ ჯორჯია~-`მარიბორის~ მატჩის დროს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლის გამო ჩვენს გუნდს სერიოზული ფულადი სანქცია დაეკისრა. თანაც, მინდა ვთქვა, რომ ფიფა-უეფა წლიდან-წლამდე ამკაცრებს სანქციებს და ტრიბუნებზე მომხდარ უწესრიგობების გამო, ფულადი ჯარიმები 50 000 ევრომდეა ასული.

_ თქვენ საერთაშორისო მატჩები ახსენეთ, არადა, სტადიონებზე უწესრიგობები ჩვენს ჩემპიონატშიც ხშირია...
_ `ვიტ ჯორჯიასა~ და `სიონის~ `ოქროს მატჩი~ ხომ გახსოვთ, როგორი სკანდალური გამოდგა; მანამდე, ქუთაისის `ტორპედოსა~ და `დინამოს~ დაპირისპირებები მუდამ არანორმალურ ვითარებაში ტარდებოდა: XX ჩემპიონატში `სიონისა~ და `მგლების~ მატჩზეც მეტად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა: თუმცა, დღესდღეობით მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ იდეალურს ნამდვილად ვერ დავარქმევ. აი, იმავე სამტრედიაში უკვე რამდენი ფაქტი მოხდა, როცა სტუმართა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს, _ იმიტომ, რომ სათადარიგოთა სკამი ტრიბუნებთან ძალიან ახლოს იმყოფება.

_ სტადიონებზე წესრიგის დამყარებას რა სჯობია, მაგრამ, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ, თითქმის ყველა ამ შემთხვევაში, ჩვენი სტადიონები ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ...
_ ეს, ცოტა არ იყოს, ბევრად უფრო გლობალური საკითხია და, პირველ ყოვლისა, ის უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ არ დადის ჩვენთან, გულშემატკივარი სტადიონზე. ძირითადი მიზეზი, ინფორმაციის ნაკლებობაა: ტელევიზიებით საკმარისი რეკლამა არ კეთდება, ქალაქში აფიშებს ვერ ნახავთ, სტადიონზე სასმელი წყლის პრობლემებია, ტუალეტების საკითხიც ბევრგან კვლავაც მოსაგვარებელია. ანუ, გავანებოთ თავი იმას, თუ რა დონის ფეხბურთს უცქერს მაყურებელი; მთავარია, რომ სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს ელემენტარული პრობლემები არ უნდა შეექმნას: დაწყებული ბილეთის აღებით და დამთავრებული ავტომობილის პარკირებით.

_ დაბოლოს, ჟურნალისტების პრობლემებზეც გკითხავთ.
_ კარგია, რომ ეს საკითხი წამოჭერით; უდიდეს პატივს ვცემ ჟურნალისტების საქმიანობას, მაგრამ, იმედია, არავინ მიწყენს და ვიტყვი, რომ გარკვეული წესების დაცვა ჟურნალისტებსაც მოეთხოვებათ. აი, მაგალითად, მატჩის დასრულებისთანავე, მოედანთან ფეხბურთელებთან თუ მწვრთნელებთან ინტერვიუს ჩამორთმევა სასტიკად აკრძალულია და ამაზე ჯარიმა 5000 ევროა! ეს ეხება ყველას, გარდა იმ ტელეკომპანიის თანამშრომლებისა, რომელსაც ამ მატჩის ჩვენების ექსკლუზიური უფლება აქვს. არსებობს საპრესკონფერენციო დარბაზი და აგრეთვე, გასახდელებიდან ავტობუსებამდე განთავსებული, ეგრეთ წოდებული, მიქს-ზონა, სადაც ჟურნალისტებს თავიანთ პროფესიულ მოვალეობებს ვერავინ აუკრძალავს. სხვათა შორის, თუ შეამჩნევდით, ეროვნულ სტადიონზე მიქს-ზონის განათებასთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოხსნილია და ამისათვის სტადიონის დირექტორს ბატონ სანდრო შახოვს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული