უჩა სოსიაშვილი: სამწუხაროდ, მეტოქეზე ინფორმაციაში ფულს "დილა" ვერ გადაიხდის

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, გორში "დილა" "ცხინვალთან" საკონტროლო შეხვედრას მართავდა. თამაშზე ჩასვლა დაწყებამდე 4 საათით ადრე მომიხდა. დრო უხვად მქონდა და "დილას" მთავარ მწვრთნელს იმ სასტუმროში მივაკითხე, სადაც გუნდია დაბინავებული. ერთი საათი მაინც ვილაპარაკეთ - ჩვენს ფეხბურთზე, "დილაზე", გუნდის მზადებაზე, პრობლემებზე, ფინანსებზე...

საინტერესო ახალგაზრდა კაცია უჩა სოსიაშვილი, თავისებური ხედვითა და ამბიციებით.

მან ერთ საინტერესო ამბავზეც მოგვითხრო. ჩემპიონთა ლიგაზე ბელგრადის "პარტიზანთან" დაწყვილება "დილას" მთავარ მწვრთნელს იმიტომ ახარებდა, რომ სერბეთის ჩემპიონზე ინფორმაციას ფლობდა.

"ჩემი თანაშემწე მილოვან მატიასევიჩი სერბია და მისი წყალობით ბელგრადელებზე მეტ-ნაკლებად
სრულ ინფორმაციას ვფლობთ - რა სისტემით თამაშობენ, რა დონის მოთამაშეები და ლეგიონერები ჰყავთ, სეზონი როგორ ჩაატარეს, რამდენად სტაბილური გუნდია და რა ხდება მის შიგნით... ჩვენთვის ყოველივე ეს ფასეული დეტალებია და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ", - ამბობდა სოსიაშვილი.

სწორედ ამის მერე გადავიდა იმ საინტერესო ფაქტზე, რომელიც ამ წერილის დედააზრია - ინფორმაცია ფულია და ფინანსები თუ არ გაქვს, მეტოქე ამ ინფორმაციითაც დაგჩაგრავს.

მოკლედ, სოსიაშვილის კომენტარი და დასკვნა თავად გამოიტანეთ:

"თითოეულ მეტოქეზე დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. არსებობს ინგლისური ანალიტიკური კომპანია, რომელსაც დაინტერესებული კლუბი მეტოქეზე ინფორმაციის შესაგროვებლად ხელშეკრულებას უფორმებს.

ისინი კი თავის სპეციალისტებს თამაშებზე აგზავნიან, გუნდის თამაშს 10-12 წერტილიდან იღებენ, გაძლევენ ინფორმაციას თითოეულ მოთამაშეზე, ვინ რამდენჯერ ურტყამს კარში, რამდენი ზუსტი და არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რამდენჯერ მოიგო თუ წააგო ორთაბრძოლა, მეტოქეს ბურთი რამდენჯერ აართვა და თავად რამდენჯერ დაკარგა...

ცალკე მონაცემებია იმაზე, თუ ვინ რამდენს დარბის, მათ შორის, დაცვასა და შეტევაში, პირველ და მეორე ტაიმებში, რა ტემპში მოძრაობს და ასე შემდეგ.

ამ მონაცემებით მწვრთნელი მეტოქეზე სრულ სურათს იღებს, ესა თუ ის მოთამაშე ფიზიკურად რა მდგომარეობაშია, რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს... ჭკვიანი კაცი ამ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებს.

ახლახან, ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირებაზე გამოაქვეყნა. ცხადია, მის მოპოვებას კოლოსალური შრომა სჭირდება, ერთი მეტოქის შესწავლა 40 ათასი ევრო ღირს".

გორის "დილას" დამრიგებელი დარდობს, რომ ეს სიამოვნება ქართველებისთვის მიუწვდომელია:

"ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად გვეხმარება და სამწუხაროდ, ამის მიუხედავადაც, ინგლისელებთან კონტრაქტის გასაფორმებლად ფული არ გაგვაჩნია. სხვა ქართულ კლუბებზე აღარაფერს ვიტყვი. ჩვენი ბიუჯეტები მსგავს ფუფუნებაზე გათვლილი არაა.

არადა, მეტოქეზე ინფორმაცია დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს, შეიძლება, უკეთეს გუნდს მეტი წინააღმდეგობა გაუწიო და რაც მთავარია, ამ ფულის გადახდით, მეტი შემოსავლის იმედი გიჩნდება".

მართალია სოსიაშვილი - ინფორმაცია ფულია, რომელიც მერე უფრო დიდი ფულის წყარო ხდება. ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ახალი საპრიზო ფონდით კლუბს თავისუფლად შეუძლია, ბიუჯეტი შეავსოს.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამარჯვებული უეფასგან 14 მილიონ ევროს მიიღებს, დამარცხებული კი - 5,4 მილიონს! ჯგუფურ ეტაპზე გასვლას კი აქ აღარ ვახსენებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ კარგი მწვრთნელი ხარ არანაირი დაქირავებული ინგლისელი სკაუტები არ დაგჭირდება პირიქით შენით უნდა შეეცადო ამომწურავი ინფორმაცია მიიღო მოწინააღმდეგე გუნდზე
qomagi
00:41 29-06-2015
0
მერაბო რაშია პრობლემა?
დამიკავშირდი,მოგცემ ერთი დიდი სერვერის მისამართს, სადაც შეგიძლიათ დაახარისხით და ატვირთოთ ყველა ევროპული კლუბის თამაშები და მატზე დაწერილი სტატიები,ანალიზი მისმინოთ და მოაგროვოთ.
გააკეთეთ ქართველმა ჟურნალისტებმა ასეთი საიტი- "საფეხბურუთო დაზვერვა" და იმ საიტიდან რელინკები გექნებათ მთავარ სერვერზე,სადაც იქნება მთავარი ინფო.
ფულსაც იშოვით და კაცურ საქმესაც გაუკეთებთ ქართულ ფეხბურთს. ჭორიკნობიდან და მხოლოდ სტატიების წერიდან საქმეზე გადახვალთ.
10 000 ტარაბაიტი ინფორმაციას დაიტევს ის სერვერი (უფასოდ), ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ყველა მატჩი შეგიძლიათ შეინახოთ.
აბა შენ იცი,არ დაიზარო, თორემ ამდენ წერაში კალამი გაგიცვდება :)
ჯარჯი21
18:07 28-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული