დინამო (თბ) VS გაბალა - აზერბაიჯანელთა პასუხგასაცემი კითხვები და მუქარა

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, "დინამო არენაზე" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც თბილისის "დინამო" აზერბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლებს.

შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "I არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს ჟურნალისტთა ცნობისმოყვარეობა თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დააკმაყოფილა. პრესკონფერენციას დინამოელთა ნახევარმცველი მათე ცინცაძეც დაესწრო.

Sportall.Ge

ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები საცობში მოხვდნენ და გეგუჩაძის პრესკონფერენციაზე ვერ მოვიდნენ, გარდა ერთი მათგანისა. ისიც უცნაური კითხვებით გამოირჩა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

გია გეგუჩაძე:
- მოვიდა დრო, რომელსაც
ყველა მოუთმენლად ველოდით. მინდა, ევროთასებზე წარმატება ვუსურვო ყველა ქართულ კლუბს.

ჩვენ გავიარეთ ნაყოფიერი სლოვენიური შეკრება და ხუთი დღეა უკვე აქ ვართ. ხუთშაბათის მატჩში ტრავმების გამო დაგვაკლდება ორი ფეხბურთელი - ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი. დანარჩენები სრულ მზადყოფნაში არიან.

- ბოლო დროს აზერბაიჯანული გუნდები ქართველების წინააღმდეგ წარმატებით თამაშობენ. რას გეგმავთ "გაბალასთან" მატჩში?
- ჩვენ ამ შეხვედრას განვიხილავთ ორი მატჩის ჭრილში. მინდორზე გამოჩნდება, რა და როგორ იქნება.

- თუ მოასწრეს ახალწვეულებმა შეთამაშება და რას იტყვით "გაბალაზე"?
- "გაბალას" მატჩები ვნახეთ, თუმცა ამ გუნდის შემადგენლობა სეზონთაშორის პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი შემადგენლობით არ გვინახავს მათი თამაში, თუმცა მეტოქეზე მაინც საკმარისად ვიცით.

რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ჩვენ გავიარეთ ნაყოფიერი შეკრება და შეთამაშების პროცესი სასურველი ტემპით მიდის. მწვრთნელი ყოველთვის უჩივის დროს, მაგრამ ეს ფეხბურთია და დრო არასოდეს არის საკმარისი.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვა:
- თუ ორივე თამაშს წააგებთ, რას მოიმოქმედებთ?
- არ მიფიქრია ამაზე. არ ვიცი, რა გითხრათ.

- თქვენი გაწვრთნილი გუნდები მუდამ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ახლა როგორ იქნება? გაქვთ რეზერვში რამდენიმე ტაქტიკური სქემა?
- სქემებს არ ჩავუღრმავდები. ძალიან მინდა, რომ "დინამომ" "გაბალასთან" შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. არის რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. სეზონის პირველი მატჩია, მეტოქე არ არის ხელწამოსაკრავი...

და ერთს ვიტყვი კიდევ - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს და ქართველი ხალხი გავახაროთ.

ისევ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი:
- წარმატებაში დარწმუნებული ხართ. ასეთ შემთხვევაში, თუ იქნება პრემიები და რაში დახარჯავს მას "დინამო"? აზერბაიჯანში არის ასეთი ტრადიცია...
- კარგი ტრადიციაა...

მათე ცინცაძე:
- წარმატებას ვუსურვებ ყველა ქართულ გუნდს ევროთასებზე. "დინამო" ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდა. თითოეული ჩვენგანი მინდორზე 100 პროცენტით დაიხარჯება.

* * *
"გაბალას" უკრაინელმა დამრიგებელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი დღევანდელ მატჩში "მეორე ნომრად" არ ითამაშებს:

Sportall.Ge

რომან გრიგორჩუკი:
- დარბაზში იმდენი ხალხია, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ ტრადიცია დავარღვიოთ და პირდაპირ კითხვებზე გადავიდეთ.

პირველი კითხვა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დასვა:
- "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ "გაბალასთან" წაგება ვერ წარმოუდგენია (ქართველმა ჟურნალისტებმა კოლეგას იქვე შევუსწორეთ, რომ გეგუჩაძეს ასეთი რამ არ უთქვამს. მან თქვა, რომ წაგებაზე არ ფიქრობს)...
- მე არ მინდა, მწვრთნელს ვუპასუხო. მე ვიტყვი მხოლოდ ერთს: "დინამოს" ჰყავს ძალიან კვალიფიციური დამრიგებელი, რომელიც გუნდს თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.

- რას იტყვით ამ ფორმაციის "დინამოზე"?
- ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის თაობაზე ბევრი ვიცით. ინფორმაცია უფრო იმ "დინამოზე" გვაქვს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ჩაამთავრა, მაგრამ ახალი გუნდის თაობაზეც მოვიძიეთ ცნობები. იმ დროიდან "დინამოში" ბევრი ცვლილება მოხდა. მოვიდნენ ახალი მწვრთნელები, ფეხბურთელები...

- თქვენ შედარებით ახალი მისული ხართ "გაბალაში". დასრულდა თუ არა ადაპტაციის პროცესი?
- უკვე მეორე წრეზე მივდივარ ადაპტაციის მხრივ (იცინის). დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, თუმცა უკვე ბევრი ვნახეთ და გამოვიარეთ ფეხბურთელებთან ერთად. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. შეთამაშების პრობლემა ჯერ საბოლოოდ არ გადაჭრილა, მაგრამ ამას ეშველება. ახალი ფეხბურთელები კვალიფიციური, გამოცდილი მოთამაშეები არიან. მათ უთამაშიათ კარგ გუნდებში. დიდი ალბათობით, ხუთშაბათს მინდორზე ერთი ან ორი ისეთი ფეხბურთელი გავა, რომელიც მხოლოდ ოთხი დღეა გუნდში გვყავს.

- რა გეგმები აქვს "გაბალას" ევროპალიგაზე?
- ჩვენი გეგმები ამბიციურია, თუმცა მათი განხორციელება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევძლოთ. პირველი მიზანი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. "გაბალას" ხელმძღვანელობას სურს, რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ამავე დროს, სანახაობრივი ფეხბურთიც ვითამაშოთ.

- თქვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი აიყვანეთ. ისინი უნდა მოერგონ "გაბალას" სათამაშო სტილს, თუ ამ ფეხბურთელებზე ააწყობთ თამაშს?
- არა, ჩვენი სტილი რჩება ისეთად, როგორიც არის.

- "დინამოს" წინააღმდეგ "მეორე ნომრად" ითამაშებთ?
- არა, რატომ? ჩვენ შედეგზე ვითამაშებთ და არა "მეორე ნომრად". მჯერა, მაყურებელი კარგ ფეხბურთს ნახავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარი კაცები ხართ დინამოელებო. გილოცავთ. მომენტების რეალიზაციას მიაქციეთ ყურადგება. ბაქოში წარმატებებს გისურვებთ
nika
22:06 02-07-2015
0
გაბალა ერთი სოფელივით დასახლებაა,მაგას თუ ვერ მოუგო ლეგენდარულმა დინამომ საერთო ფეხბურთზე აღარ ვილაპარაკოდ
ra gvWirs
14:43 02-07-2015
0

სიახლეები პოპულარული