ბოტოშანი VS ცხინვალი - ცხინვალელთა ევროდებიუტი

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, ევროთასების დებიუტანტი "ცხინვალი" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად რუმინეთში "ბოტოშანისთან" გამართავს.

შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "II არხი" წარმოადგენს.

* * *
1993 წლიდან მოყოლებული, ევროტურნირებზე აქამდე 17 ქართული გუნდი მონაწილეობდა: "დინამო" (თბილისი), "დინამო" (ბათუმი), "ტორპედო", "ლოკომოტივი", "ზესტაფონი", "ამერი", "სამტრედია", "მარგვეთი", "გაგრა", "დილა", "ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია", "თბილისი", "კოლხეთი" (ფოთი), "მერანი 91", "სიონი", "მეტალურგი" ("ოლიმპი").

და აი, ამ სიას კიდევ ერთი მიემატა: გასული სეზონი "ცხინვალის" ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე წარმატებული იყო და გვინდა
ვისურვოთ, რომ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს წარმატებული დებიუტი ჰქონდეს ევროტურნირებზე.

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ცხინვალი" ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე, ომარ მიგინეიშვილი, სოსლან ნანიევი.
მცველები: ვასიკო ბაჩიაშვილი, ლევან ჭაფოძე, გიორგი ცერცვაძე, დავით მაისაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ლევან კაკუბავა, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ვარლამ კილასონია.
ნახევარმცველები: უჩა ბურძენაძე, ირაკლი ლექვთაძე, ლაშა ქოჩლაძე, ბიძინა მახარობლიძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი ივანიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, რატი ცაცკრიალაშვილი, ბაქარ ქარდავა, აკაკი შულაია.
თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

* * *
კახა კაჭარავამ მატჩის წინა დღეს გუნდი "ბოტოშანის" სტადიონზე ავარჯიშა, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე რუმინელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

- რამდენად კარგად იცნობთ "ბოტოშანის" სუსტ და ძლიერ მხარეებს?
- ვნახე "ბოტოშანის" რამდენიმე თამაში, მათ შორის, სამი რუმინეთის ჩემპიონატის მატჩი და ბოლო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც თქვენმა გუნდმა "კრასნოდარი" დაამარცხა. "ბოტოშანის" ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ბოლომდე იბრძვიან. გარდა ამისა, თქვენი გუნდი საკმაოდ ორგანიზებული და დისციპლინირებულია.

- რას იტყვით საკუთარი გუნდის შესახებ, რის ხარჯზე შეგიძლიათ "ბოტოშანისთან" წარმატების მიღწევა?
- ჩემი გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია. აქ ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ევროტურნირებზე პირველად ითამაშებს. ჩემი ფეხბურთელები ტექნიკურები არიან და ყველა თამაშში მაქსიმალურად იბრძვიან.

ყველაფერი უშუალოდ თამაშის დროს გამოჩნდება.

Sportall.Ge

* * *
რომ არა რამდენიმე რუმინული კლუბის ფინანსური გასაჭირი, ევროპალიგის დებიუტანტ "ცხინვალს" მეტოქედ "ბოტოშანი" კი არა, რომელიმე სხვა კლუბი ეყოლებოდა. რეალობა ასეთია - მხოლოდ რუმინეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსანმა დააკმაყოფილა უეფას შესაბამისი კრიტერიუმები და ევროსაგზური მოიპოვა.

სანამ უშუალოდ გუნდის ავ-კარგზე ვიტყოდეთ, გავეცნოთ ფრაგმენტს გუშინდელი პრესკონფერენციიდან. "ცხინვალთან" მატჩის თაობაზე ისაუბრეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონტინ გროზავუმ და "ბოტოშანის" ახალწვეულმა, "გაზ მეთანის" ყოფილმა შემტევმა დან რომანმა.

დან რომანი:
"ჩვენ ევროპალიგაზე დებიუტი გვაქვს და ეს უკვე განსაკუთრებული მოვლენაა. გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ ტურნირზე და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. ქართველები ტექნიკურები არიან. რამდენადაც ვიცი, მეტოქე ახალგაზრდული გუნდია".

ლეონტინ გროზავუ:
"ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ევროპალიგაზე თამაში. მინდა მივმართო ჩვენს ქომაგებს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. მჯერა, წარმატებას ჩვენს ქომაგთან ერთად ვიზეიმებთ.

ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს ქართული კლუბის თაობაზე. ეს არის კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული გუნდი. მათ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავთ, განსაკუთრებით - შეტევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება. ჩვენზე არანაირი წნეხი არ არის.

თუ არ ვცდები, "ბოტოშანი" ერთადერთი გუნდია, რომელიც მერვე ადგილიდან მოხვდა ევროპალიგაზე".

* * *
მოდით, ცოტა მეტი ვთქვათ "ბოტოშანის" მწვრთნელზე. 47 წლის სპეციალისტი თავის დროზე ურიგო ფეხბურთელი არ გახლდათ. მან რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში 2 მატჩი ჩაატარა. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გაწვრთნა არაერთი რუმინული გუნდი. 2014 წლიდან მუშაობს "ბოტოშანიში" და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ექნება კლუბს დებიუტი ევროთასებზე.

გუნდის ლიდერებსაც შევაწიოთ ორიოდე სიტყვა. გამორჩეული მოთამაშეა კუენტენ მარტინუსი, ვინც რეგულარულად თამაშობს კურაშაოს ნაკრების შემადგენლობაში. კარგი თავდამსხმელია პეტერ ივანოვიჩი. ასევე, "ცხინვალი" უნდა უფრთხოდეს იშტვან ფულოპსაც.

ნახევარდაცვის ხაზში უნდა გამოვარჩიოთ მიჰაი ბორდეანუ, ასევე, შოტლანდიელი სკოტ რობერტსონი, ვისაც მშობლიური ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

დაცვაში გამორჩეულნი არიან გუნდის კაპიტანი ფლორან ასანტე და გერმანიის მოქალაქე, ფერადკანიანი მიხალ ნგადუ.

მეკარის პოზიციაზე პირველი ნომერი გახლავთ პლამენ ილიევი, ვინც ერთ-ერთი პერსპექტიული მეკარე იყო ბულგარეთში და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც იძახებდნენ.

მთლიანობაში, "ბოტოშანი" გუნდურობით გამოირჩევა, გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავს. სათამაშო დისციპლინითა და სიმწყობრით თავმომწონე. რუმინული კლუბის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: პლამენ ილიევი, რაზვან პლესკა, რაულ ავრამი;
მცველები: ფლორან ასანტე, მიხალ ნგადუ, ანდრეი პატაჩე, გეორგე მირონი, ფლორიან პლამადა, ანდრეი კორდოში; ნახევარმცველები - მიჰაი ბორდეანუ, კრისტიან დანჩი, მარიუს ჩოტრუ, ჩიპრიან ბრატა, გაბრიელ ვაშვარი, რაულ კოსტინი, სტელიან ცუცუ, სკოტ რობერტსონი;
თავდამსხმელები: იშტვან ფულოპი, ატილა ჰადნაგი, პოლ ბატინი, პეტერ ივანოვიჩი, რაშიდ ბრაუნი, დან რომანი, მერგინ ნეზირი, კუენტენ მარტინუსი.

კლუბი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე დაარსდა, თუმცა "ბოტოშანი" 14 წლის წინათ, 2001 წელს ეწოდა. სწორედ ეს ითვლება დღევანდელი კლუბის დაარსების თარიღად. რაიმე წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

გუნდი თამაშობს მუნიციპალურ სტადიონზე, რომელიც 12 ათას ქომაგს იტევს. "ბოტოშანის" ფანკლუბის სახელია "ბნელი ხულიგნები".

* * *
აღსანიშნავია, რომ თბილისურ ევროდებიუტს "ცხინვალი" შესანიშნავი ინიციატივით ხვდება. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩზე ("ცხინვალი"-"ბოტოშანი") გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.

შეგახსენებთ, რომ "ცხინვალი" რუმინულ "ბოტოშანს" 9 ივლისს, "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გადარიცხვა გაჭირვებულ ხალხზე დიდათ მოსაწონია მაგრამ მივა კი ეს ფულები იმ ხალხამდე? უკვე დაიწყო საეჭვო საუბრები როგორ გადარიცხონ 25 მილიონი ლარი დაზარალებულებზე დიდი ეჭვი მაქვს ვიღაცას მთლიანად თუ არა საკმაო თანხები უნდა წაიღოს ჯიბეში ჩვენთან ეს არ არის გასაკვირი
ემზარი
12:15 02-07-2015
0
წარმატეტბები ცხინვალის გუნდს!!!
ნატო
11:37 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული