"ლელო" დაინტერესდა, რა მდგომარეობაშია სტადიონი და რეკონსტრუქციის პირობებში რამდენადაა შესაძლებელი ამ რანგის მატჩის სრულფასოვნად გამართვა.
თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (ტგფ) ცნობით, "დინამო არენაზე" რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი - ტრიბუნების შეღებვა, იზოლაციის დაგება და, პარალელურად, პლასტმასის სკამების მონტაჟი სრული ტემპით მიმდინარეობს.
კომპანია "დაგიმ" დღეისთვის ქვეყნის მთავარ
სულ, "დინამო არენაზე" სკამების მიმწოდებლები იტალიური კომპანია OMSI და ესპანური DAPLAST არიან. იტალიური სკამები 5000 მოწვეული და VIP-ლოჟის 500 სტუმრისთვის დამონტაჟდება, ესპანელების კი - დანარჩენ ტრიბუნებზე. სულ - 53 ათასი.
გარდა ამისა, ტგფ-ის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებდა სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, გახმოვანების სისტემების სრულად შეცვლას... უკვე სრულადაა დამონტაჟებული 116 ტურნიკეტი და გახმოვანების სისტემები, დამზადებულია ექსკლუზიური ელექტროტაბლო.
სხვა სახის სამუშაოებიც ჩატარდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, სტადიონის საფუძვლების გამაგრებაც მოხერხდა და არენას ეს პრობლემა 20 წელი აღარ შეაწუხებს.
კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს მოევლო: აქამდე "დინამო არენის" განათება 1500 ლუქსი იყო, რაც საერთაშორისო მატჩების სტანდარტებს არ ჰყოფნიდა. მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე ეს მაჩვენებელი 2000 ლუქსს აღემატება. რეკონსტრუქციის შედეგად, საქართველოს მთავარი არენის განათება 2400 ლუქსამდე გაძლიერდა.
მოედნის საფარი კი არ შეიცვლება, რადგან ის კარგ მდგომარეობაშია და მასზე "ბარსელონა"-"სევილიას" სუპერთასის მატჩის მასპინძლობა არ შეგვრცხვება.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ... გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება ერთმა ამბავმა გამოიწვია - ლაპარაკია ლურჯ-თეთრი სკამებით აჭრელებულ ტრიბუნებზე, არადა, ადრინდელი პროტესტი სწორედ ფერთა სიჭრელემ გამოიწვია.
როგორც შევიტყვეთ, ეს იდეა "დინამოს" (რომელსაც სტადიონი 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული) არ ეკუთვნის, ის სამთავრობო კომისიის 4 თვის წინანდელი გადაწყვეტილების შედეგია. თუმცა, 2014 წლის 11 დეკემბერს, როდესაც "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში სტადიონის ხელმძღვანელების, ფეხბურთის ფედერაციის, სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის, თბილისის მერიის, მედიის, გულშემატკივრებისა და "დინამოს" წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, ყველა შეთანხმდა, რომ სტადიონი სადა უნდა ყოფილიყო...
"დინამო არენის" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ ევროპის 30 საუკეთესო სტადიონის ფოტოკოლაჟში საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა: "დინამო არენასავით", 30-დან მხოლოდ 3 სტადიონზეა სხვადასხვა ფერში გამოწყობილი ტრიბუნები - მაგალითად, "სან სიროსა" და "ამსტერდამ არენაზე". ორი დომინანტი ფერია კიევის ოლიმპიურსა და "კამპ ნოუზე".
23 სტადიონზე კი ერთი დომინირებადი ფერია - "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ალიანს არენაზე", "უემბლიზე", "სტემფორდ ბრიჯზე", კარდიფის "მილენიუმზე", "შალკეს" "ფელტინს არენაზე", შტუტგარტის "მერსედეს ბენც არენაზე", "სტად დე ფრანსზე", პოლონეთის, შვედეთისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა არენებზე, რომის, ათენის, ბერლინისა და სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონებზე...
ვის და რატომ მოსწონს ჩვენში ეს სიჭრელე, ძნელი ასახსნელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"