გეორგ ფლორესკუ: თბილისის "დინამოსგან" ასეთ კარგ ფეხბურთს არ ველოდით

AutoSharing Option
"გაბალასთან" თბილისის "დინამოს" გამარჯვებამ გულშემატკივრებში დადებითი ემოციები გამოიწვია. ცხადია, აზერბაიჯანული გუნდი ევროპის მასშტაბით საშუალო დონის კრებულიც არ არის, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის დღევანდელობისა და აზერბაიჯანული კლუბების გამდიდრების ფონზე, სასიამოვნო ამბავი იყო...


მეტოქის რიგებში ერთი საინტერესო ისტორიის მქონე ფეხბურთელი, გეორგ ფლორესკუ თამაშობდა. ამ 31 წლის საყრდენ ნახევარმცველს რუმინეთის ნაკრებში 10 მატჩი ჩაუტარებია. იყო ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 2006 წლამდე კი ტირასპოლის "შერიფში" თამაშობდა და მოლდოვას ნაკრების წევრობის სურვილიც გამოხატა...

ამის შემდეგ მიიწვიეს მოსკოვის "ტორპედოში",
დანიურ "მიდტიულანდში", კიევის "არსენალში", ვლადიკავკაზის "ალანიასა" და მოსკოვის "დინამოში", რასაც რუმინეთის ნაკრებში მიწვევა მოჰყვა - 2010 წელს ფლორესკუმ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ისრაელის წინააღმდეგ. თუმცა რუმინელმა ფანებმა ძველი ამბავი (მოლდოვას სახელით რომ უნდოდა თამაში) გაუხსენეს და სტვენით აიკლეს.

სხვათა შორის, ფლორესკუმ "დინამო არენაზე" მეორედ ითამაშა: პირველად, ზუსტად ორი წლის წინათ გვესტუმრა - 2013 წლის 7 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა ამხანაგურ მატჩში (1:1). მაშინ რუმინელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა...

"გაბალაში" კი ფლორესკუ წლეულს გადავიდა. ვინც 2 ივლისის მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ სტუმართა თამაში მასზე იყო აწყობილი. სხვა საქმეა, რომ "დინამოს" ნახევარმცველთა მიზეზით, რუმინელმა დავალებას თავი ბოლომდე ვერ გაართვა და მეორე ტაიმში შეცვალეს.

მატჩის შემდეგ მას მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით...

- როგორ შეაფასებდით თამაშს?
- გულახდილად რომ ვთქვა, გაორებული შთაბეჭდილება დამრჩა.

- რატომ?
- ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, შემდგომ ეტაპზე გასვლის იმედი გვქონდა და ახლაც გვაქვს. 1:2 ისეთი ანგარიში არ არის, რომ იმედი დაკარგო, მაგრამ ვიცოდით, რომ თბილისის "დინამო" ახალგაზრდული გუნდია და მისგან ასეთ კარგ ფეხბურთს არ ველოდით.

- ესე იგი, "დინამო" მოგეწონათ?
- საკმაოდ. ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეები გყავთ.

- თქვენი აზრით, რის ხარჯზე მოიგო "დინამომ"?
- 10 კაცით რომ დარჩნენ, არ დაიბნენ, ღირსეულად და, რაც მთავარია, სწორად ითამაშეს. შეტევებს კარგად იწყებდნენ და სწრაფად ამწვავებდნენ... თუმცა ჩვენი წაგების მიზეზი ისიცაა, რომ დაცვაში გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით და თან რეალური საგოლე მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. ასე თამაშს ვერ მოიგებ.

- საპასუხო შეხვედრაში შანსებს როგორ შეაფასებდით?
- პროცენტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ძალიან მძიმე თამაში რომ გველის, ეს ისედაც ცხადია. შევეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ და შემდგომ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, ვიმეორებ - "დინამო" ძალიან საინტერესო გუნდია და მასთან მოგება იოლი არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაცვაში აუცილებელია იმ შეცდომების გამოსწორება, რაც იყო, განსაკუთრებიტ პირველ ტაიმში. დანარჩენი ნორმალური იყო. დარწმუნებული ვარ, რომ გეგუჩაძემ ძალიან კარგად დაინახა რა გუნდია მოწინაამღდეგე და შესაბამის ზომებსაც მიიღებს. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია გუნდი არ აირიოს და ცივი გონებით იმოქმედონ.
levani kaxeti
06 ივლისი 2015 17:58
0
დინამო იქაც მოუგებს გაბალას - ასე ვფიქრობ მე :)
nikata
06 ივლისი 2015 17:01
0
ცემა და დროშის გათელვის ამბავი მართალია? მიპასუხეთ ვინმემ!
tomas
06 ივლისი 2015 16:58
0
გაგვათახსირებენ
siko
06 ივლისი 2015 16:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული