მეტოქის რიგებში ერთი საინტერესო ისტორიის მქონე ფეხბურთელი, გეორგ ფლორესკუ თამაშობდა. ამ 31 წლის საყრდენ ნახევარმცველს რუმინეთის ნაკრებში 10 მატჩი ჩაუტარებია. იყო ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 2006 წლამდე კი ტირასპოლის "შერიფში" თამაშობდა და მოლდოვას ნაკრების წევრობის სურვილიც გამოხატა...
ამის შემდეგ მიიწვიეს მოსკოვის "ტორპედოში",
სხვათა შორის, ფლორესკუმ "დინამო არენაზე" მეორედ ითამაშა: პირველად, ზუსტად ორი წლის წინათ გვესტუმრა - 2013 წლის 7 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო თბილისისა და მოსკოვის დინამოელთა ამხანაგურ მატჩში (1:1). მაშინ რუმინელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა...
"გაბალაში" კი ფლორესკუ წლეულს გადავიდა. ვინც 2 ივლისის მატჩს უყურა, დაგვეთანხმება, რომ სტუმართა თამაში მასზე იყო აწყობილი. სხვა საქმეა, რომ "დინამოს" ნახევარმცველთა მიზეზით, რუმინელმა დავალებას თავი ბოლომდე ვერ გაართვა და მეორე ტაიმში შეცვალეს.
მატჩის შემდეგ მას მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით...
- როგორ შეაფასებდით თამაშს?
- გულახდილად რომ ვთქვა, გაორებული შთაბეჭდილება დამრჩა.
- რატომ?
- ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, შემდგომ ეტაპზე გასვლის იმედი გვქონდა და ახლაც გვაქვს. 1:2 ისეთი ანგარიში არ არის, რომ იმედი დაკარგო, მაგრამ ვიცოდით, რომ თბილისის "დინამო" ახალგაზრდული გუნდია და მისგან ასეთ კარგ ფეხბურთს არ ველოდით.
- ესე იგი, "დინამო" მოგეწონათ?
- საკმაოდ. ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეები გყავთ.
- თქვენი აზრით, რის ხარჯზე მოიგო "დინამომ"?
- 10 კაცით რომ დარჩნენ, არ დაიბნენ, ღირსეულად და, რაც მთავარია, სწორად ითამაშეს. შეტევებს კარგად იწყებდნენ და სწრაფად ამწვავებდნენ... თუმცა ჩვენი წაგების მიზეზი ისიცაა, რომ დაცვაში გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით და თან რეალური საგოლე მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. ასე თამაშს ვერ მოიგებ.
- საპასუხო შეხვედრაში შანსებს როგორ შეაფასებდით?
- პროცენტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ძალიან მძიმე თამაში რომ გველის, ეს ისედაც ცხადია. შევეცდებით, ჩვენი შანსები გამოვიყენოთ და შემდგომ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, ვიმეორებ - "დინამო" ძალიან საინტერესო გუნდია და მასთან მოგება იოლი არ იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"