ცოცხალ რიგში დასადგომად შეკრებილების უმრავლესობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. ამბობენ, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ ბილეთის შესაძენად. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 2 ათასამდე ადამიანია ჩაწერილი. როგორც ირკვევა, ისინი დაყოფილი არიან ჯგუფებად. ვაკის პარკის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიკრულია ფურცლები, სადაც აწერია ჯგუფების რაოდენობა. ყველა ჯგუფს თავის ხელმძღვანელი ყავს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ, რომ რიგის მოსვლის
მესამე ჯგუფის ხელმძღვანელი აკა თევდორაძე ამბობს, რომ დღეს ღამეს ვაკის პარკში გაათევს, რადგან დილიდან მან და მისი ჯგუფის ყველა წევრმა ორგანიზებულად, ქაოსის და არეულობის გარეშე შეძლოს რიგში ჩადგომა და ბილეთის შეძენა.
"სიტუაციას ხალხი ვაკონტროლებთ ჩვენ თვითონ და არ გვჭირდება არც პოლიცია და არც ფედერაცია. როცა გაიხსნება ხვალ დილით სალაროები, ლამაზად მივალთ, პირველი 50 კაცი ავიღებთ ბილეთებს და დავიშლებით", - აცხადებს აკა თევდორაძე.
"გუშინ საღამოდან აქ ვარ, 450-ე ვარ რიგში, სანამ ბილეთს არ ვიყიდი, არსად წასვლას არ ვაპირებ", - აღნიშნა რიგში მდგომმა გიორგი მეზვრიშვილმა.
ვაკის პარკში დღეს ყველა ასაკის, სქესის ადამიანს ნახავდით, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები გაცილებით მეტნი იყვნენ, რიგში ბარსელონას გულშემატკივარი გოგონებიც იდგნენ.
"ვაიმე, ისე მიყვარს ბარსელონა, უკვე 13 წელზე მეტია ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. მიღირს რიგში ჩადგომა; იმდენად მინდა, რომ სტადიონზე მივიდე და ვიხილო ეს გუნდი თავისი ვარსკვლავებით, რომ რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს, აქ ვიქნები", - აცხადებს რიგში მდგომი მარიამ გულბიანი (იხილეთ ვიდეო).
"ბარსელონა"-"სევილიას" მატჩზე დასასწრები ბილეთების შესაძენად 73 წლის ვარა ბებოც იყო მოსული, რომელიც შვილიშვილების თხოვნას ასრულებდა.
"კახეთიდან ვარ ჩამოსული, შვილიშვილებმა მთხოვეს, ბაბო, აგვიღე ბილეთიო, და იქნება ვკვდები და ერთი სურვილი არ შევუსრულო?", - ამბობს მოხუცებული Ambebi.ge-სთან საუბრისას (ნახეთ ვიდეო)
ფეხბურთის ფედერაცია ვაკის პარკში მიმდინარე პროცესებს არ აღიარებს. ფედერაციაში ამბობენ, რომ ცოცხალი რიგი ხვალ, 12 ივლისს დილის, 09:00 საათზე დაიწყება.
თეა ბითაძე
AMBEBI.GE