14 ივლისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პარტიზანმა" "დილა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გაშვებულ გოლამდე მსაჯმა მოედნიდან გუგა ფალავანდიშვილი გააძევა.
მარცხის მიუხედავად, გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ მისი გუნდი გორში საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას შეძლებს და შემდეგ ეტაპზე გავა.
"თამაშამდეც აღვნიშნე, რომ "პარტიზანი" ძალზე კარგი, სწრაფი და ტექნიკური გუნდია. ველოდებოდით, რომ ასეთი სურათი იქნებოდა.
რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, მას დადებითად ვაფასებ იმის გათვალისწინებით, რომ ვეთამაშებოდით ძალიან ძლიერ მეტოქეს.
მინდა თითოეულ ჩემს ფეხბურთელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ჩვენ აქედან დამარცხებულები არ წავსულიყავით.
მაგრამ ვიცით, რომ ეს დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. დიდი იმედი გვაქვს, გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
რაც შეეხებათ მსაჯებს, მათ თავიანთი საქმე აქვთ და მე არ შემიძლია ჩავერიო მათ კომპეტენციაში, თუმცა, ჩემი შეფასებით, რაც მე დავინახე, ჩემი ფეხბურთელი არ იმსახურებდა გაგდებას, მაგრამ მსაჯმა, რომელიც უფრო ახლოს იყო იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, ასე გადაწყვიტა და საბოლოოდ მივიღეთ წითელი ბარათი", - თქვა სოსიაშვილმა.
გორში "დილასა" და "პარტიზანის" საპასუხო დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება.