200 ათასად "უემბლის" აშენებას გვთხოვენ - ვისი ინტერესია ბათუმის სტადიონის საქმეში?

AutoSharing Option
ისევ ბათუმის სტადიონზე უნდა დავწეროთ. საკითხი კვლავ ღიადაა. 2006 წლის შემდეგ აჭარის მთავარ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე გაჩნდა იმედი და მაშინვე ჩაქრა.

გეხსომებათ, 17 მარტს, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 22-კაციანმა კომისიამ კონკურსში გამარჯვება ესპანურ კომპანია "იბერპროექსს" მიანიჭა...

აჭარის მთავრობამ ხსენებულ კომპანიასთან კონტრაქტი ოფიციალურად 30 მარტს გააფორმა და საქმეც, წესით, ნულიდან უნდა დაძრულიყო.

კომპანიას 5 თვეში უნდა მოემზადებინა პროექტი, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 650 ათას ლარს მიიღებდა. სტადიონის მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც ბათუმის მრავალფუნქციური არენა
უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ტრიბუნები 20 ათას ქომაგზე უნდა იყოს გათვლილი, შემდგომში მომატების პერსპექტივით...

მაგრამ ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის სტადიონის კონკურსში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ ესპანური კომპანიის მიერ პირობების შეუსრულებლობა დაასახელა:

"იბერპროექსს" უნდა შეესწავლა სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა და სამინისტროში შესაბამისი დასკვნა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში წარმოედგინა. ვალდებულების შესასრულებლად მათ დამატებით 20-დღიანი ვადა მიეცათ, მაგრამ დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერც ამ დროში მოახერეს. ამიტომ 26 ივნისს სამინისტრომ გამოსცა შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ეს ხელშეკრულება გაუქმდა".


გუშინ, 15 ივლისს, "იბერპროექსის" სახელით "პრაიმტაიმის" პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. აი, რას ამბობს კომპანიის დირექტორის მინდობილი პირი მამუკა ლობჟანიძე:

Sportall.Ge"კონტრაქტს ხელი 30 მარტს მოვაწერეთ და უკვე მეორე დღიდან უცნაური პროცესები დაიწყო, მათ შორის - მედიის მხრიდანაც. ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრად მიგვიწვიეს. ჩვენ მიმართ აშკარა ნეგატივი წამოვიდა.

უნდა განვმარტო, რომ ჩვენ არ ვართ სამშენებლო კომპანია, "იბერპროექსი" საპროექტო კომპანიაა...

...ამის შემდეგაც ყოველთვის თავის მართლება გვიწევდა, ხოლო საბოლოოდ პროცესმა სამართალდამცავ უწყებებში გადაინაცვლა. იქ და სამინისტროში დამატებით საბუთებს ითხოვდნენ, მაგალითად - რეგისტრაციისა და გამოცდილების დამამტკიცებელ დოკუმენტებს...

...ჩვენ ვადების გახანგრძლივება მოვითხოვეთ. სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა კი იყო, მაგრამ ოფიციალურად უარი გვითხრეს. კონტრაქტით, თანხები მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა ანაზღაურებულიყო. გეოლოგიური კვლევები კი 14 ათას ლარამდე გვიჯდებოდა და სწორედ ამ კვლევისთვის გვინდოდა ვადის დამატება. პროექტი კი 1 სექტემბერს, ანუ დათქმულ დროში დამზადდებოდა...

...კონტრაქტი 26 ივნისს გაგვიწყვიტეს, მაგრამ ეს ოფიციალურად მხოლოდ 3 ივლისს გვაცნობეს. ჯერჯერობით, გვაქვს დრო, რათა ადმინისტრაციულად გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება და ასეც მოვიქცევით. შემდეგ პასუხს დაველოდებით, მაგრამ თუ პასუხი იქნება უარყოფითი ან ჩვენთვის მიუღებელი, აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს...

...სტადიონის მშენებლობა სამინისტრომ კიდევ ერთი წლით გადადო - ისევ ტენდერი უნდა გამოცხადდეს, შემდეგ დაპროექტდეს, ხოლო მერე ცალკე დრო მშენებლობას დასჭირდება.

შესაძლოა, რომ საქმიდან ვიღაცის ინტერესის გამო ჩამოგვაშორეს. პოლიტიკური ნიშნით ზემოქმედებას გამოვრიცხავ. ხელს ვერავის დავადებ...

...მეოთხე კატეგორიის სტადიონის აშენებას გვთხოვდნენ. მგონი, კარგად არ აქვთ გათავისებული, რა პროექტს მოჰკიდეს ხელი. მეოთხე კატეგორიის სტადიონი "უემბლია", ბათუმის სტადიონის აშენებას კი 200 ათას დოლარად ფიქრობდნენ, რაც უბრალოდ, წარმოუდგენელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
და თუ იცოდით რომ მე-4 კატეგორიის სტადიონს გთხოვდნენ მაგ ფასად, რაღას მონაწილეობდით ტენდერში? ან პროექტირება 650 ათასი ჯდება და მშენებლობა 200 ათასი? რაღაცას ვირეშმაკობთ და ვერ გაიყავით თანხები. თან პოლონელებიც მოგაწვნენ და შეგეშინდათ რამე არ ამოტივტივებულიყო! საქმის კეთება არავის უნდა თორემ მართლა ღირსეულ კომპანიას შეარჩევდნენ
antokeli
12:27 16-07-2015
0
ვის ხელში ვართ,რა მთავრობაა გინდ ცენტრალური,გინდ... აჭარისაზე ხო ლაპარაკიც კი არ ღირს.სტადიონი აღარ აშენდება (დროზე უნდა ქაუქმდეს ავტონომია).საკითხი უფრო ღრმაა,ფეხბურთი არ სჭირდება სახელმწიფოს,მაგისთვის არ სცალია. საერთოდ რისთვის სცალია?
vaxvax
13:06 16-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული