ცხადია, უეფას მომდევნო წლის რეიტინგში ფარერები ისევ გაგვასწრებს, გულშემატკივარი ისევ გულდაწყვეტილი იქნება და თუ ასე გავაგრძელეთ, ხალხში ფეხბურთზე ლაპარაკი მართლაც სამარცხვინო ტონად ჩაითვლება.
ქომაგი მოვლენების ყველაზე ობიექტური შემფასებელია. "დილას" წაგებაზე ერთმა მათგანმა მრავლისმეტყველი კომენტარი დატოვა.
"16 არა, 20-გუნდიანი უმაღლესი ლიგა გააკეთეთ. ვაი, თქვენს პატრონს! 16 გუნდი კი არა, 50 საშუალო დონის ფეხბურთელიც არ გვყავს. არც მანამდე ვწყვეტდით ვარსკვლავებს, მაგრამ ახლა მთლად მოყვარულების დონემდე
რაც ვითომ მასობრიობის (ამის წინააღმდეგნი როდი ვართ, მაგრამ მასობრიობა უმაღლეს ლიგაში სადაური ხილია?) ეგიდით ჩატარებულმა სატურნირო რეფორმამ ისედაც გაბითურებულ ქართულ ფეხბურთს დამართა, ეს ჩვენმა კლუბებმა გვაჩვენეს. არც ერთ მათგანში არ იყო თანამედროვე სისწრაფეები, გაუჩერებელი ბრძოლა 90 წუთის განმავლობაში, მოგების რეალური იმედი...
რაც არანაკლებ გულდასაწყვეტია - "საბჭოთა ბრაზილიელები" პოსტსაბჭოეთის მაჩანჩალებად ვიქეცით. საგულისხმო და გულისმომკვლელი ფაქტია, რომ ევროპალიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, სომხეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის გუნდები, რუსები და უკრაინელები კი ამ ეტაპზე არც მონაწილეობდნენ.
გამოდის, რომ ყველაზე დაბალ ბარიერს 11 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველო ვერ გასცდა.
ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებმაც კი გვაჯობეს, რომლებთან დაწყვილების დროსაც შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი გვქონდა. ვგულისხმობთ ჩრდილოეთ ირლანდიის, ლუქსემბურგის, ლიხტენშტაინის, მალტისა და ისლანდიის კლუბებს.
ესაა სრული დაცემა. ქართული ფეხბურთი, რომელიც ინერციით მოდიოდა და დღემდე კიდევ ილუზიებით გვასაზრდოებდა, უფსკრულის პირას დგას.
საქმე ნულიდანაა დასაწყები, ახალი "სახლის აშენება" გვჭირდება, ისეთის, რომელიც არც ტოტალიზატორს გაურიგდება, არც სახელმწიფო ბიუჯეტს გადააქცევს მეწველ ძროხად, ახლობლობა-მეგობრობაზე მეტად კლასსა და პროფესიონალიზმს დააფასებს და ასე შემდეგ.
ამას კი საბჭოური აზროვნებითა და ლიგის უაზრო გაბერვით ვერ შევძლებთ. ხარისხი რაოდენობაზეა დამოკიდებული, მაგრამ დაუფიქრებლად დაწყებული საქმე ხარისხს ვერასოდეს ასწევს მაღალ ნიშნულზე, თან ისეთი საქმე, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვით კი არა, წლევანდელ არჩევნებზე ფიქრით იყო განპირობებული...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"