სპორტული სამყარო გახარებულია: ქონების გადასახადი 1000-ჯერ შემცირდა!

AutoSharing Option
ეს ამბავი ჩრდილში მოექცა. არადა, დიდი ალბათობით, სპორტისა და ფეხბურთის სამყაროს სერიოზულ შეღავათს მისცემს.

საქმე ეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ დადგენილებას, რომელიც მოქმედებაში პარასკევს შევიდა...

მინისტრის ინიციატივა მერიამ გაიზიარა
ცვლილების მიხედვით, სპორტში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი, 1%-ის ნაცვლად, 0,001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი 2017 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნდება.

საგადასახადო შეღავათი შეეხება სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ სპორტულ დარბაზებს, სტადიონებს, საცურაო აუზებსა და სხვა სპორტულ ობიექტებს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ეს გადაწყვეტილება სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გააცნეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა.

"სპორტში ქონების გადასახადის 1000-ჯერ შემცირება ტარიელ ხეჩიკაშვილის ინიციატივა იყო. გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო - 35 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი! ყველას გილოცავთ და ღმერთმა გვიმრავლოს სასიხარულო დღეები", - ამბობს გიორგი ალიბეგაშვილი.

"სპორტში ქონების გადასახადის მაქსიმალური შემცირება ობიექტური გადაწყვეტილებაა - ეს სკოლებისა თუ დარბაზების ხელმძღვანელებს საშუალებას მისცემს, გამოთავისუფლებული თანხა ისევ საქმეს მოახმარონ და მისი რეინვესტირება მოახდინონ.

მომავალში კიდევ ვაპირებთ სერიოზული და საინტერესო ნაბიჯების გადადგმას, რაც ისევ და ისევ სპორტის განვითარებას წაადგება", - ამბობს დავით ნარმანია.

წინაისტორია
ამ პრობლემას პირველად "ლელო" შეეხო. 2014 წლის აპრილში, თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფიამ თქვა, რომ თბილისის მერია გადასახადის გაზრდას აპირებდა.

"ქონების გადასახადი, რომელიც 0,1 პროცენტი იყო, 1 პროცენტი გახდა. რას ნიშნავს, როცა ასეთ საქმეში მილიონებს აბანდებ და ამ გადასახადს 10-ჯერ გიზრდიან? მერიას ბიუჯეტში პრობლემები აქვს და სპორტულ კლუბებს გადასახადს ამიტომაც უზრდიან. სახელმწიფო კომისიაში საქართველოს პრემიერთან ამ საკითხებზეც ვილაპარაკებთ", - ამბობდა ფიფია.

საქმე ისაა, რომ თბილისის საკრებულოს ძველ რეგულაციებს ვადა გაუვიდა და ძველი გადასახადები ამოქმედდა. მაგრამ იმ დროს, როცა კლუბებსა და საფეხბურთო სკოლებს ისედაც უჭირდათ, ქონების გადასახადის გაზრდა კისერზე კიდევ უფრო მძიმედ დააწვათ და "დომინოს პრინციპი" ამოქმედდა - თუ ადრე ფეხბურთის ფედერაცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკუთრებაში ქონით წელიწადში 70 ათას ლარს იხდიდა, მერე ეს ციფრი 700 ათასამდე (!) გაიზარდა.

ეს ის თანხაა, რითიც შესაძლებელია ორი მოედნის საფარის დაგება, სტადიონის კეთილმოწყობა, ფოთის "კოლხეთის" წლიურ ბიუჯეტს ორჯერ აღემატება და ასე შემდეგ.

ცხადია, თბილისში ბაზირებულ სტადიონებსა და საფეხბურთო სკოლებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ და გადასახადები ბევრმა გაზარდა, რადგან საარსებოდ სხვა გზა არც რჩებოდათ.

მას შემდეგ ეს საკითხი ფიფიამ სახელმწიფო კომისიის სხდომაზეც წამოჭრა და იყო დაპირება, რომ თბილისის მერია ტარიფს ისევ შეამცირებდა. ფინანსთა სამინისტრო ძველი გადასახადის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ გადიოდა დრო და ტარიფი არ იცვლებოდა...

ეს ყველაფერი კი, მანამდე მიღებულ კანონებთან ერთად, ფეხბურთს უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა: რამდენიმე წლის წინათ თბილისში ამოქმედდა კანონი მიწის დიფერენცირებული გადასახადის შესახებ, რის შედეგადაც პრესტიჟულ უბნებში გადასახადი ოთხჯერ გაიზარდა, მათ შორის, ცხადია, საფეხბურთო სკოლებშიც. ასეთ რაიონებში მოედნებისა და სტადიონების შენახვა კიდევ უფრო წამგებიანი გახდა.

2010 წელს მორიგი დარტყმა წყლის გადასახადის ორჯერ გაძვირება იყო. დღეში 1000 ლარის ამ "სიამოვნებაში" გადახდა წარმოუდგენელი იყო. საფეხბურთო მეურნეობას ამ გადაწყვეტილებამაც დიდი დარტყმა მიაყენა.

საფეხბურთო სკოლებს გაზრდილ გადასახადებთან გამკლავება გაუჭირდათ და შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა - რამდენიმე სკოლის ადგილას სახლები ან სავაჭრო კომპლექსები წამოიჭიმა - მაგალითად, ვაკეში, "ირაოს" ადგილზე, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ტერიტორიაზე... ვინც სკოლა შეინარჩუნა, ბავშვებს გადასახადი გაუზარდა.

ეს იყო ქართული ფეხბურთის საფუძვლისთვის მიყენებული დარტყმა, რომელმაც ფეხბურთს მასობრიობა წაართვა და ბავშვების რაოდენობა კატასტროფულად შეამცირა - თვეში 60-80 ლარის გადახდა ბევრს არ შეუძლია.

მაშინ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ამბობდა: "თბილისში უძრავი ქონების გადასახადი თუ შეამცირეს, ეს გადამდები იქნება და ხვალ იგივე ზესტაფონსა და სხვა ქალაქებში მოხდება".

საქმის კეთება შესაძლებელი ყოფილა?!
"ლელომ" კომენტარი რამდენიმე დაინტერესებული სტრუქტურის წარმომადგენელს ჩამოართვა.

ნიკოლოზ ჯღარკავა, თბილისის "დინამოს" დირექტორი:
"უპირველესად, მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ქალაქ თბილისის მერს და ვეტერან სპორტსმენებს. ძალიან სასარგებლო გადაწყვეტილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ის ეხება როგორც სახელმწიფო ბალანსზე არსებული ობიექტების, ასევე, კერძო სპორტული ორგანიზაციების კუთვნილ ქონებას.

ამით სახელმწიფო მკაფიო მესიჯს იძლევა, რომ მას სურს ქვეყანაში სპორტის განვითარება.

ჩვენ მჭიდროდ ვიყავით ჩართულები ამ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული კონსულტაციების პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ მიმდინარე წელს ჩვენი ქალაქი მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმებს მასპინძლობს, რის ფარგლებშიც აშენდა რამდენიმე სპორტული ობიექტი, ზოგსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ახალაშენებული სპორტული კომპლექსების, ასევე ძველის შენახვა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციას.

დარწმუნებული ვარ, ამ კანონპროექტის შედეგად, დაზოგილი თანხების რეინვესტირება ისევ სპორტულ სექტორში მოხდება".

თენგიზ სულაქველიძე, საფეხბურთო აკადემიის მეპატრონე:
"ეს არის ძალიან მაგარი საქმე! ჩვენი თანხის 60 პროცენტი გადასახადებში მიდიოდა. ამ ფულით სამ წელიწადში ხელოვნურსაფარიან მოედანს გავაკეთებდით.

მინდა ამის ინიციატორს, სპორტის მინისტრს მადლობა ვუთხრა. კაცი თანამდებობაზე სამი თვეა დაინიშნა და ასეთი მაგარი რამ გააკეთა. ცხადია, მხარდაჭერისთვის მერიასა და საკრებულოს წევრებსაც ვემადლიერები. მათ ქართულ ფეხბურთს უდიდესი სამსახური გაუწიეს და თუ გადასახადის ამ ტარიფს შეგვინარჩუნებენ, ამის შედეგებს 4-5 წელიწადში მოვიმკით.

გამოდის, რომ საქმის კეთება შესაძლებელი ყოფილა! ახლა ამ ფულით მოედანს აუცილებლად გავაკეთებ. ისეთი გახარებული ვიყავი, ღამე არ მეძინა".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"მოხარული ვარ, ცვლილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივა რომ გახლდათ და მას ყველა დაეთანხმა - დეპუტატები, პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, თბილისის მერი, ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ამისთვის მათ მადლობა ეკუთვნით.

ეს გადაწყვეტილება სპორტული სამყაროსთვის სასიხარულო და მისალოცი ამბავია. ქონების გადასახადი წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა და მისი შემცირება მნიშვნელოვანი კანონია.

მადლობა უფალს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდა. სახელმწიფომ ბიზნესს სწორი გზავნილი გაუგზავნა და დარწმუნებული ვარ, ისინი სპორტის მეტი დაფინანსებით დაინტერესდებიან. მჯერა, კეთილ საქმეში თბილისს სხვა ქალაქებიც მიბაძავენ და მსგავს ცვლილებებს განახორციელებენ.

დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ძალიან წაადგება საფეხბურთო სკოლების თუ სპორტული არენების მფლობელ კლუბებს, ასევე, მთლიანად ქართულ სპორტს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა კველას, ვინც ეს ცვლილება განახორციელა,ადრე სპორტში ერთერთი მოცინავე ვიკავით,დგეს კი კველა ხედავს რა მაჩანჩალებათ ვიკეცით
Unknown
08:34 29-07-2015
0
Zalian kargi iniciativa aris,baton ministrs vtxov rom es sakitxi daakenos mtavrobahi,rom aseti gadackvetileba gavrceldes regionebhi
avtandil tevdoraze
10:19 29-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული