ქართული კლუბები ევროსარბიელზე: ვინ რამდენით "გამდიდრდა"?

AutoSharing Option
ფოტოზე: "დილამ" 300 ათასი ევრო ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ მონაწილეობაში მიიღო

წლევანდელი ევროსეზონი ქართული კლუბებისთვის, დამოუკიდებლობის პერიოდიდან, ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გასახსენებელი იქნება. ჩვენი ოთხივე წარმომადგენელი ტურნირებს პირველივე ცდიდან გამოეთიშა.

ვფიქრობთ, მკითხველს დააინტერესებს, წლევანდელი გათამაშებიდან რომელმა კლუბმა რა შემოსავალი მიიღო. არ არის ლამაზი სხვის ჯიბეში ფულის თვლა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული კლუბები ევროპაში ქვეყანას წარმოადგენენ...

ტრადიციულად, უეფამ წლეულსაც ევროტურნირებზე კვოტა 4 ქართულ კლუბზე გამოყო. საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ
ჩვენი ჩემპიონი სერბეთის საუკეთესო გუნდმა, ბელგრადის "პარტიზანმა" ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხა, სახელმწიფო კლუბის ფონზე გორელთა ბიუჯეტი გვარიანად შეივსო.

მოდი დავთვალოთ - ჩემპიონობისთვის "დილას" ფეხბურთის ფედერაციიდან 250 ათასი ლარი (ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულებისთვის 600-ათასლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო) დაერიცხა. გარდა ამისა, ოქროს მედლის მოპოვება გორულ კლუბს უეფამაც დაუფასა - ესეც შენი 250 ათასი ევრო.

პლუს ამას, 300 ათასი ევრო "დილამ" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ მონაწილეობაში მიიღო.

უცნობია, რა თანხა დაერიცხებათ გორელებს "პარტიზანთან" საშინაო მატჩის სატელევიზიო უფლებისა და ბილეთების გაყიდვით. ამიტომ, რაც ვიცით, ის დავთვალოთ - 550 ათასი ევრო (ბოლო კურსით, დაახლოებით, 1.369 მილიონი ლარი) და 250 ათასი ლარი დაახლოებით 1.619 მილიონი ლარია.

კლუბისთვის, რომლის ბიუჯეტიც 2 მილიონი ლარია, დაგვეთანხმებით, ეს სოლიდური შემოსავალია.

რა თქმა უნდა, ჩვენს ჩემპიონს მეტის მიღებაც შეეძლო, "პარტიზანი" რომ დაემარცხებინა - III საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრისთვის გორის "დილა" კიდევ 400 ათასი ევროთი გამდიდრდებოდა. დანარჩენზე ლაპარაკიც კი სინანულს იწვევს - უკვე III ეტაპის მომგები და ლიგის პლეი-ოფში გასული კლუბი კიდევ 3 მილიონს მიუკაკუნებდა, ჯგუფურ სტადიაზე მოხვედრით კი ქართული კლუბისთვის ასტრონომიულ თანხას - 14 მილიონს.

...ცოტა წავიოცნებეთ. ჩიპოლინოსი არ იყოს, ჩვენ ჯერ კანფეტის კი არა, მხოლოდ მისი ქაღალდის დაგემოვნების უფლება გვაქვს.

ახლა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ნათამაშებ კლუბებზეც (თბილისის "დინამო", "ცხინვალი", ბათუმის "დინამო") ვთქვათ. ყველა მათგანმა მხოლოდ მონაწილეობაში 200-200 ათასი ევრო მიიღო (დაახლოებით, 450 ათასი ლარი). აქვე ვიტყვით, რომ ამ სამეულის სატელევიზიო შემოსავლებიც უცნობია.

კვიპროსულ "ომონიასთან" შეხვედრის გარდა, ბათუმის "დინამომ" სფფ-ს საპრიზო ფონდიდან 150 ათასი ლარი ვიცე-ჩემპიონობისთვის მიიღო. ანუ ზღვისპირელთა ბიუჯეტი (სატელევიზიო უფლებისა და ბილეთების გაყიდვისგან მიღებული შემოსავლების გამოკლებით) 600 ათასი ლარით შეივსო.

აზერბაიჯანულ "გაბალასთან" დამარცხებულმა თბილისის "დინამომ" უმაღლეს ლიგაში დაკავებული მესამე ადგილისთვის 100 ათასი მოიპოვა, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის აღებისთვის კიდევ - 100 ათასი ლარი. ანუ "დინამო" 650 ათას ლარს მიიღებს.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისური კლუბი სატელევიზიო რეიტინგში ყველა დანარჩენ ქართულ კლუბს უსწრებს, მისი სატელევიზიო ტარიფები სხვებისას საგრძნობლად აღემატება, თუმცა, უცნობია, აზერბაიჯანში მატჩის ტრანსლირებითა და ბილეთების რეალიზებით "დინამომ" რა ოდენობის შემოსავალი მიიღო.

ევროსეზონიდან ყველაზე ნაკლები მოგება "ბოტოშანთან" წაგებულ "ცხინვალს" შერჩა. კლუბს მხოლოდ 200 ათასი ევრო დაერიცხება, თუ არ გავითვალისწინებთ თბილისური მატჩის რუმინეთში ტრანსლირებისთვის მიღებულ ტელეშემოსავალს. მას ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული 600-ათასლარიანი საპრიზო ფონდიდან თეთრიც არ შეხვდა - ვერც სამეულში მოხვდა და ვერც თასს დაეუფლა.

არადა, ევროპალიგის მონაწილეებსაც მეტი შემოსავლის მიღება შეეძლოთ, რადგან წლეულს უეფამ სამონაწილეო პრემიალურები ამ ტურნირშიც გაზარდა - მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 210 ათასს მიიღებს, მესამეში გასული - 220 ათასს, ხოლო პლეი-ოფში მოხვედრილი - 230 ათასს. ეს ჯამში 860 ათასი ევროა. ჯგუფურ ეტაპზე გასვლით კი ბიუჯეტი 3.26 მილიონი ევროთი ივსება.

როგორც ზემოთ ვთქვით, ჩვენთვის იქამდე ჯერ კიდევ შორია. სიტყვა "გამდიდრდაც" პირობითია, რადგან ის, რაც ჩვენ დღეს დავთვალეთ, ევროპული კლუბებისთვის მზესუმზირის ფულია.

მოკლედ, კიდევ ერთხელ შევხედოთ ამ ზაფხულის მონაგარს:

კლუბი თანხა (ლარ)
დილა 1,619 მლნ
დინამო თბ 0,650 მლნ
დინამო ბთ 0,600 მლნ
ცხინვალი 0,450 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გულშემატკივრის საპასუხოდ. "დილას"ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია დაინტერესებულია კარგი გუნდის ჩამოყალიბებით,ამიტომ თანხის განკარგვა გამჭვირვალედ ხდება და ეგ ყველაფერი ფულის მითვისების თაობაზე მე ჭორიკანების მოგონილი მგონია.
მერაბი
22:52 09-08-2015
0
დინამომ შემდეგი ევროსეზონისთვის 2-3 კარგი ლეგიონერი უნდა დაიმატოს,თორემ ამ შემადგენლობით შორს ვერ გააგცევს
Unknown
19:05 09-08-2015
0

სიახლეები პოპულარული