გიორგი ქინქლაძე: თბილისში ძალიან საინტერესო მატჩი გველის

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, გიორგი ქინქლაძემ, რომელიც უეფას სუპერთასის ელჩია.

- უეფას სუპერთასი თბილისში იმართება. რას ნიშნავს ეს ქართული ფეხბურთისთვის?
- ეს ქვეყნის პრესტიჟს ამაღლებს. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ უეფას ამ ნდობისთვის; ასევე, ფეხბურთის ფედერაციას და ქვეყნის მთავრობას იმისთვის, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში იმართება. ეს ჩვენს ქვეყანას უთუოდ წაადგება.

- თბილისში ფეხბურთი როგორ უყვართ?
- თბილისი ფეხბურთის დიდი კერაა. აქ სულ სხვანაირი გულშემატკივრები არიან, მათ შეუძლიათ 15 წუთში გამოიცნონ, ვინ როგორ ფეხბურთს ითამაშებს. იმის
თქმა მინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან კარგად ესმით.

სამწუხაროა, რომ ახლანდელი თაობის გულშემატკივრები მაღალი დონის ფეხბურთს მხოლოდ სანაკრებო მატჩებში ნახულობენ. აქ იშვიათად ისიამოვნებ ისეთი ფეხბურთით, როგორიც ასე ხშირია ინგლისში, ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვაგან. არადა, იყო დრო, აქ 70 ათასი ადამიანი იკრიბებოდა ყოველ თამაშზე. ყველა, როგორც ერთი, თბილისის "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჩვენ ემოციური გულშემატკივრები გვყავდა.

ჩვენთვის ფეხბურთი იყო და დარჩება სპორტის ნომერ პირველ სახეობად.

- რომელი ქართველი ფეხბურთელი იყო თქვენი კუმირი ბავშვობაში?
- თბილისის "დინამოს" თითქმის ყველა ფეხბურთელი ჩვენი კუმირი იყო. ერთი რომ გამოვყო, ყველაზე მეტად მსურდა, თამაშით დავით ყიფიანს დავმსგავსებოდი. მოგვიანებით, როცა ფეხბურთელი გავხდი, ყიფიანთან, როგორც მწვრთნელთან მომიწია ურთიერთობა. ასეთ სპეციალისტთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო.

მოთამაშე ყიფიანში ყველაზე მეტად მომწონდა 10-იანი ზურგზე, მისი ტექნიკა და თამაშის სტილი, თუმცა ასე იყო თითქმის ყველა ქართველიც. ასეთი ოსტატები იშვიათად იბადებიან.

- თქვენ დიდებული დრიბლინგით გამოირჩეოდით და რას იტყვით ლიონელ მესიზე, იმაზე, რასაც ის ბურთით აკეთებს?
- მახსოვს ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ, როცა მან მესი დიდ ფეხბურთელთა სიაში არ ახსენა, თუმცა დაამატა, რომ მესი ცალკეა. მართალია, ვიყავი და ვრჩები დიეგო მარადონას დიდ თაყვანისმცემლად, მაგრამ ვაღიარებ, რომ მესი ფენომენია. საკლუბო დონეზე ის საოცარ რამეებს სჩადის.

ყველამ იცის, რომ ასეთ მაღალ დონეზე შეიძლება ითამაშო ერთი-ორი სეზონი, მაგრამ ყოველთვის ვერა, როგორც ამას მესი აკეთებს. თავიდანვე მან უმაღლესი დონის ფეხბურთი შემოგვთავაზა.

- რას იტყვით სუპერთასის მონაწილე გუნდებზე?
- ასეთი დიდი გუნდებისთვის მთავარი შედეგია. გასულ სეზონში "ბარსელონამ" ბრწყინვალე ფეხბურთი შემოგვთავაზა, კატალონიელებმა მოიგეს პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა. მე დიდ სიამოვნებას ვიღებ "ბარსელონას" თამაშებით.

"სევილია" ასევე ძალიან მომწონს. ძალიან სერიოზული გუნდია. პრიმერას გუნდებმა უკვე სათავისო საქმედ გაიხადეს ევროპის სუპერთასი. ჩვენ ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

- თქვენ არაერთხელ გითამაშიათ ამ არენაზე. როგორ გაიხსენებთ იმ დროს?
- ყველაზე მეტად სწორედ ამ სტადიონზე მომწონს თამაში. ახლაც განვიცდი ნოსტალგიას, როცა გუნდები აქ საფეხბურთო მარშის თანხლებით გამოდიოდნენ. სიტყვებით ვერ აგიღწერთ, რა ბევრს ნიშნავდა ეს ჩემთვის.

- თქვენი კარიერის ყველაზე ნათელი მოგონებები...
- ალბათ, ის დღე, როცა "მრეტებიდან" თბილისის "დინამოში" გადავედი. და კიდევ ის დღე, როცა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში?
- კარგად არც მახსოვს, ასე, 8 წლის ვიყავი, მამამ წამიყვანა სტადიონზე. სტადიონზე ისე ვიქცეოდი, რომ მაშინვე მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა - მეორე დღესვე საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანა და მერე მთელი სიცოცხლე იმდენი აკეთა ჩემთვის, ამის ნახევარიც რომ ჩემს შვილს გაუკეთო, ის აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

ბუნდოვნად მახსოვს, როგორ მოიპოვა თბილისის "დინამომ" ევროპის თასების თასი, ან კიდევ უფრო ადრინდელი ამბავი - "ლივერპულის" სტუმრობა თბილისში.

- თქვენ "ცხინვალის" სპორტული დირექტორი ხართ, რომელსაც ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა...
- ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ჯერ ბევრს ვერ მოვთხოვთ. და მაინც, შეგვეძლო პირველი ეტაპის დაძლევა.

სამწუხაროდ, ახლა ისეთი ფეხბურთელები ნაკლებად არიან საქართველოში, როგორც ადრე. ქართულ ფეხბურთს საუკეთესო დროება არ უდგას და ამის ყურება დამთრგუნველია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება და ამ სიტუაციიდანაც გამოვალთ.

- რას ურჩევთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს?
- მათ უნდა უყვარდეთ თავიანთი საქმე. ვარჯიშებზე მისულები სხვა არაფერზე არ უნდა ფიქრობდნენ. რა თქმა უნდა, პირობებიც შესაბამისი უნდა ჰქონდეთ. საქართველოში ტალანტები ყოველთვის იბადებიან, ბიჭებს უკვე სისხლში აქვთ ის, რაც ფეხბურთისთვის საჭიროა. მაღალ დონეზე რომ ითამაშონ, ეს ნიჭი უნდა განავითარონ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორედაც რომ ლეგენდაა რომელმაც პირველმა აალაპარაკა დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთზე ევროპა და არა საბჭოთა ეპოქის პერიოდის ვარსკვლავებზე რომელსაც ყველა უცხოეთში როგორც რუსს უყურებდა. მისი გოლი პრემიერლიგაში ყველა დროის ათ საუკეთესოში შევიდა. მანსიტის ფანობამ კი იაია ტურესთან ერთად საუკეთესო ლეგიონერად შერაცხა. ასე რომ გიო ქინქლაძე იყო KINGქლაძე, ასე რომ შენ მორჩი ყეყეჩობას და რამდენჯერმე ნახე მისი გოლები მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში
bachos
01:46 11-08-2015
0
Bacho gaston აუ ... 10იანი
Diego
18:05 10-08-2015
0

სიახლეები პოპულარული